1732531697

პროფესია მებაღე, მაკავშირებელი რგოლი ბუნებასა და ადამიანს შორის — ანა ხიჯაკაძის გამოცდილება

ჰედერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

კეთილმოწყობილი ბაღი, მოწესრიგებული და ლამაზად გაფორმებული ეზო განსაკუთრებულ ხიბლს სძენს გარემოს, მნახველში აღტაცებას იწვევს და მას ესთეტიკურ ტკბობას ანიჭებს, თუმცა ალბათ ცოტა თუ ვფიქრობთ იმაზე, რამხელა შრომა და რამდენი ადამიანის ძალისხმევა დგას თვალწარმტაცი პეიზაჟების მიღმა. ჰარმონიული ეკოსისტემის მიღებასა და ბუნებასთან კავშირის დამყარებაში ერთ-ერთი ფუნდამენტური როლი მებაღეს ენიჭება, რომელიც ლანდშაფტის არქიტექტორისა თუ დიზაინერის იდეების რეალური განმახორციელებელი და ბაღისა და მცენარეების მდგომარეობასა და იერსახეზე პასუხისმგებელი პირია.

მებაღე ბაღის გამართულად ფუნქციონირებასა და ესთეტიკურ ნაწილში უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. ის პასუხისმგებელია მწვანე საფარის მდგომარეობაზე, მცენარეების დარგვასა და მოვლაზე, მათ გასხვლა-შეწამვლასა და მკურნალობაზე, გაზონის გაკრეჭაზე, სარეველებისა და მავნე ნივთიერებებისგან ტერიტორიის გაწმენდაზე, სარწყავი სისტემების მოწესრიგებაზე, მათ გამართულ მუშაობასა და მცენარეების დროულად მორწყვაზე. მებაღე ქმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ ბაღმა წლის ნებისმიერ დროს მიმზიდველობა არ დაკარგოს და სასურველი სახე შეინარჩუნოს.

ხაზგასასმელია ისიც, რომ მებაღის პროფესიაზე არასაკმარისი ცოდნის გამო, ხშირად მებაღეს განსაზღვრულ მოვალეობებზე მეტს ვთხოვთ და მისგან ბაღის გეგმარებას, კონცეფციის შექმნასა და დიზაინზე მუშაობას მოველით, რაც ლანდშაფტის არქიტექტორებისა და დიზაინერების საქმეა და მებაღის კომპეტენციას სცდება. ამიტომ საჭიროა ამ სფეროზე მეტად საუბარი და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, რათა მსგავსი გაუგებრობები თავიდან ავიცილოთ.

დღევანდელ სტატიაში პროფესია მებაღესა და მის როლზე უფრო ვრცლად მებაღე ანა ხიჯაკაძე მოგვითხრობს, რომელიც, როგორც ამბობს, ბავშვობიდან მცენარეებით გატაცებული იყო და მომავალი პროფესიაც სწორედ ამ მიმართულებას დაუკავშირა.

— ანა, რას გულისხმობს მებაღის პროფესია, რა მნიშვნელობა და გავლენა აქვს მას გარემოსა და ადამიანზე?

მებაღეობა არის მცენარეების მოვლის, კულტივირებისა და გაშენების პროცესი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის მცენარის, ყვავილის, ხის, ბოსტნეულისა და ხილის მოვლას. მებაღეები თავიანთი შრომით ცდილობენ, ბუნებრივი გარემო უფრო ლამაზი და მდგრადი გახადონ, უზრუნველყონ სუფთა ჰაერი და გააუმჯობესონ მოსავლის უსაფრთხოება.

ეს პროფესია რამდენიმე საკითხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, როგორიცაა: გარემოს უსაფრთხოება, ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება, სურსათის უზრუნველყოფა, გარემოსა და ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა, სილამაზისა თუ ესთეტიკის შექმნა. სწორედ მებაღეობის დახმარებით ადამიანს შეუძლია გაიუმჯობესოს მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა, გააძლიეროს ადგილობრივი ეკოსისტემები და, რაც მთავარია, შექმნას უფრო ჯანსაღი და მდგრადი გარემო.

— ვისაუბროთ იმ ძირითად მოვალეობასა და ცოდნაზე, რასაც მებაღის პროფესია მოიცავს.

მებაღის პროფესია საკმაოდ მრავალფეროვანი და კომპლექსურია, მის ძირითად მოვალეობებში შედის:

  • მცენარის იდენტიფიცირება და ბიოლოგია;
  • ნიადაგის ცოდნა და მისი დამუშავება;
  • მორწყვა და წყლის სისტემის მართვა;
  • მცენარის დაცვა დაავადებებისა და მავნებლებისგან;
  • დარგვა, გეგმის მიხედვით პროექტის შესრულება და დროის მენეჯმენტის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური ცოდნა და ხელსაწყოების გამოყენება.

ამასთან ერთად, მებაღეობა მოითხოვს ფიზიკურ გამძლეობას, შრომისმოყვარეობას, საქმისადმი ერთგულებას, მოთმინებას, მუდმივად სწავლას, პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და დისციპლინას. პირადად ჩემთვის ამ პროფესიაში ყველაზე სასიამოვნო მცენარეებთან კომუნიკაცია, დაკვირვება, მათი გასაჭირის ამოცნობა, დახმარების გაწევა და ამ შრომის შედეგის ხილვაა, რაც საოცრად სასიამოვნოა.

— საქართველოში რა მდგომარეობაა მებაღეობის კუთხით, რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია და როგორია დასაქმების პერსპექტივები ამ მიმართულებით?

ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა მიწასთან სიახლოვე, მცენარეებთან ურთიერთობაა. შესაბამისად, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ბუნებასთან დაახლოებას, საკუთარ სივრცეში მცენარეებისთვის ადგილის გამოყოფას. საქართველოშიც ამ სფეროსადმი ინტერესი, მისი განვითარების პერსპექტივები და დასაქმების შესაძლებლობები საკმაოდ მზარდია. ამას ხელს უწყობს მებაღეობის, ლანდშაფტის დიზაინისა და ეკოლოგიური პროექტების მიმართ მოთხოვნის ზრდა, რაც დაკავშირებულია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასთან და ურბანულ სივრცეებში მწვანე საფარის პოპულარობასთან.

დიდ ქალაქებში ბევრი ახალი პროექტი ჩნდება, რომლებიც პარკების, სკვერების, გზის მიმდებარედ მწვანე ზონების შექმნასა და მოვლას გულისხმობს. ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც მებაღეებს დასაქმების ახალ შესაძლებლობებს და ურბანული გარემოს გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობს.

— როგორია მებაღისა და დამკვეთის ურთიერთობის სპეციფიკა? რა ძირითადი სირთულეები ჩნდება ამ პროცესში?

მებაღესა და დამკვეთს შორის სწორი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ დამკვეთია ის პირი, რომელიც მებაღეს სამუშაოს სთავაზობს და მისგან კონკრეტული დავალების შესრულებას ითხოვს. ეს პროცესი რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან შედგება, როგორიცაა:

  • საჭიროების განსაზღვრა და კონსულტაცია;
  • ბიუჯეტის შედგენა;
  • სამუშაოების დაგეგმვა და გრაფიკის შეთანხმება;
  • მცენარეების მოვლა და ამასთან დაკავშირებით მუდმივი კონსულტაცია;
  • რეკომენდაციების მიწოდება და პროფესიონალური რჩევები;
  • პრობლემების გადაჭრა და უკუკავშირის მიღება.

ამ პროცესს სხვადასხვა სირთულეც ახლავს თან. მაგალითად, ხშირად დამკვეთის მოლოდინები და მოთხოვნები რეალობას არ ემთხვევა, რის გამოც აუცილებელია, მებაღემ რეალური სურათის, მოსალოდნელი შედეგების გადმოცემა ნათლად შეძლოს. ასევე, მნიშვნელოვანია დეტალური, დროული კომუნიკაცია დამკვეთთან და მისთვის ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. უნდა ითქვას ისიც, რომ ბუნებრივი პირობები, როგორიცაა ამინდის გაუარესება, მავნებლების არსებობა და გარემოს ცვლილება, ბაღის მდგომარეობასა და იერსახეზე გავლენას ახდენს, რის გამოც შედეგი ზოგჯერ გვიან დგება. ამიტომ უმჯობესია, ყველა დამკვეთი აცნობიერებდეს ამას და მოთმინებით ელოდოს საბოლოო სურათს.

— გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება დამწყებ მებაღეებს, რას ურჩევდით მათ?

ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროს ირჩევენ, ვურჩევდი, მაქსიმალურად ისიამოვნონ მცენარეებთან ურთიერთობით, გააცნობიერონ, რომ ისინი ცოცხალი ორგანიზმები არიან, მოექცნენ მათ როგორც ცოცხალს და არა როგორც დეკორაციას. ჩემი გამოცდილების საფუძველზე, ვეტყოდი, იყვნენ მეტად დაკვირვებულები, მომთმენები და ისიამოვნონ როგორც პროცესით, ასევე შედეგებით, რადგან ორივე ძალიან მნიშვნელოვანია.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები