1727333460

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ სახლში ჭერს შეღებავთ

surati

ავტორი

ნინი მეტრეველი

არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: ისინი, ვინც ჭერს მხოლოდ მაშინ შესცქერიან, როცა ღრმად ჩაფიქრდებიან ხოლმე და ისინი, ვინც სივრცეში განათების, გამაგრილებლებისა და დეკორაციების განაწილების პერსპექტივას ხედავენ. თუ მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით, ალბათ, არაერთხელ გიფიქრიათ ჭერის შეღებვაზეც.

ჭერის შეღებვა ან მოხატვა არც ისე ცუდი იდეაა. სტანდარტულად, სივრცის ზედა ნაწილი უმეტესად უყურადღებოდ რჩება ხოლმე. მაქსიმუმ, განათებით გაფორმდეს. თქვენი სივრცის ჭერი დიზაინს მიღმა რომ არ დარჩეს, შეგიძლიათ, დიზაინერ აინო ჰეინასუოს საინტერესო რჩევები გაითვალისწინოთ.

თუ წინასწარ გაქვთ განსაზღვრული, რა მიზნით ღებავთ ჭერს, ფერის შერჩევა ბევრად მარტივია. უფრო მეტი სიმაღლისა და სივრცის ილუზიის შესაქმნელად ჭერის ფერი მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. მუქი ვერსიები აუცილებლად საპირისპირო შედეგს მოგცემთ. თუმცა დიზაინერი აინო ჰეინასუო ამბობს, რომ ჭერი, რომელიც ოთახში კედლებზე მუქი ტონისაა, ოთახს მყუდრო და ინტიმურ იერს აძლევს.

დიზაინზე ფიქრისას კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ, თეთრის ან სხვა ნეიტრალური ფერების გარდა, ჭერს შეიძლება სხვა ტონიც შევუხამოთ. ასეთი გადაწყვეტილებით ოთახში მეტად გამოჩნდება თქვენი ხასიათი და ინდივიდუალიზმი.

„ლურჯი ჭერი მშვიდ გარემოს ქმნის და გარკვეულწილად ცის ასოციაციასაც იწვევს. მუქი ლურჯი შეიძლება დამთრგუნველი იყოს, თუმცა მისი ღია ტონები ოთახს უფრო ფართოსა და სასიამოვნოს ხდის“, - განმარტავს დიზაინერი აინო ჰეინასუო.

ჭერის ფერის შერჩევა პირდაპირ კავშირშია როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ განათებასთან. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დააკვირდით, როგორ ეფინება დღის შუქი ოთახს სხვადასხვა დროს. დიზაინერი ჰეინასუო ამბობს, რომ კარგი ბუნებრივი განათების მქონე ოთახებში შესაძლებელია მუქი ფერების შეუზღუდავად გამოყენება. თუმცა, თუ სივრცეს დღის შუქი აკლია, ჭერის მუქად შეღებვით საკმაოდ ცუდ შედეგს მივიღებთ.

ცნობილი დიზაინერი გვირჩევს, რომ, ჭერის შეღებვასთან ერთად, კონტრასტული ფერები გამოვიყენოთ არქიტექტურული დეტალების გამოსაკვეთად - ორნამენტები, ფარდის საკიდები, თაღები, სვეტები, ფანჯრის ჩარჩოები და ა.შ.

შეღებვის გარდა, შეგიძლიათ, ჭერი იმ თემატიკის მიხედვით მოხატოთ, რა დანიშნულებაც ოთახს აქვს. თანამედროვე დიზაინში ასეთი მიდგომა საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საბავშვო ოთახებს ეხება.

სიახლეები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

ინოვაცია

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები