1735887770

როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახის ინტერიერი

ჰედერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

თანამედროვე ინტერიერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბავშვო ოთახს და მისი მოწყობის პრინციპებს, რადგან არაერთი კვლევით დასტურდება, რომ გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება და დროის უმეტეს ნაწილს ატარებს, დიდ გავლენას ახდენს მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. შესაბამისად, ბავშვის ოთახის დიზაინი ზემოქმედებს მოზარდის მენტალურ და კოგნიტიურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების განცდასა და კომფორტზე. საბავშვო ოთახის დიზაინი განაპირობებს მოზარდის ფიზიკურ განვითარებასაც და უნარების გაუმჯობესებას, ეფექტურ სწავლებას და სწორად დასვენებას უზრუნველყოფს.

სრულფასოვნად მოწყობილი ბავშვის ოთახის დიზაინი პატარებისთვის ქმნის პირად სივრცეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სამყაროს შესაქმნელად, თვითგამოხატვისა და დამოუკიდებელი უნარების განსავითარებლად.

ბავშვის ოთახის ინტერიერის ტიპები

ბავშვის ოთახის ინტერიერის ტიპები რამდენიმე ფაქტორის შედეგად იქმნება. აუცილებელია, რომ დიზაინი ბავშვის ასაკს, საჭიროებებს, ინტერესებს მოვარგოთ და ოთახი გეგმარებისა და ფართობის მიხედვით შევიმუშაოთ. ამისთვის კი სასურველია წინასწარ განვსაზღვროთ შემდეგი მახასიათებლები:

ბავშვის წლოვანება — მნიშვნელოვანია, საბავშვო ოთახის დიზაინი ბავშვის ასაკის გათვალისწინებით მოვაწყოთ. მაგალითად, 1-დან 4 წლამდე ბავშვებისთვის სასურველია აქცენტი ოთახის ფერებზე და განათებაზე გავაკეთოთ, რათა მაქსიმალურად მყუდრო და უსაფრთხო სივრცე ამ ელემენტების დახმარებით უზრუნველვყოთ. 5-დან 7 წლამდე ასაკის შემთხვევაში უმჯობესია ყურადღება სათამაშო ზონებზე, გონების სავარჯიშოებისკენ მივმართოთ. 7 წლიდან კი ვეცადოთ ოთახის დიზაინი უშუალოდ ბავშვის ინტერესებს, გატაცებებს დავუკავშიროთ.

ფუნქციური დაგეგმარება — პირველ რიგში, ხაზგასასმელია, რომ ბავშვის ოთახის დიზაინი არ უნდა იყოს გადატვირთული, რათა მათ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეთ, ამიტომ ინტერიერის დიზაინი სწორად უნდა იყოს დაგეგმარებული. სასურველია წინასწარ განისაზღვროს საძილე, საგარდერობო, სათამაშო და სამეცადინო კუთხეები. იმ შემთხვევაში, თუ სივრცე პატარაა, უმჯობესია განთავსდეს მრავალფუნქციური ავეჯი, მაგალითად მოძრავი/გასაშლელი საწოლი ტევადი საგარდერობო ზონით, ინტეგრირებული სამეცადინო და სამუშაო კუთხეები. აქცენტი გაკეთდეს კედლის თაროებზე და არა კარადებზე, რაც დიდ ადგილს დაიკავებს სივრცეში.

ავეჯი — ნებისმიერ სივრცეში, განსაკუთრებით კი საბავშვო ოთახში მნიშვნელოვანია მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გამოყენება, რადგან ისინი, განსხვავებით არაჯანსაღი ნივთებისგან, არ შეიცავს ქიმიკატებს, მომწამვლელ ნივთიერებებს, რაც საფრთხეს უქმნის ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობას. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბავშვებში რთულია ჰიგიენური ნორმების კონტროლი და მათი იმუნური სისტემა სუსტია.

სტილის განსაზღვრა — იმისდა მიხედვით, როგორია სახლის ზოგადი ინტერიერი, უნდა მოხდეს ბავშვის ოთახის დიზაინის მოწყობაც. მაგალითად, თუ სივრცე თანამედროვე, მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, აჯობებს ეს ტენდენცია საბავშვო ოთახშიც დავიცვათ, თუმცა მეტი ხალისისა და მრავალფეროვნების შესატანად ის ფერადი შტრიხებით გავაფორმოთ. აქტუალურია ოთახის თემატურად მოწყობა და ზღაპრისა და მულტფილმის გმირებით, ცხოველებისა თუ მცენარეების თემებით ინტერიერის გაფორმება, რათა ბავშვმა თავი მაქსიმალურად სასიამოვნოდ იგრძნოს. ამასთან, საბავშვო ინტერიერში მნიშვნელოვანია ჭერის დიზაინი, რომელზე ფერების, ღრუბლების, ვარსკვლავების, კოსმოსური ფორმების გამოსახვამ შეიძლება ბავშვზე დადებითად იმოქმედოს, შეუქმნას მას დამამშვიდებელი გარემო და წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარები განუვითაროს.

როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი?

როგორც უკვე ვახსენეთ, ბავშვის ოთახის დიზაინი სპეციალურ მიდგომას საჭიროებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვის პატარა ოთახის დიზაინი გვაქვს გასაკეთებელი. ამ დროს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ სივრცის გონივრულ გამოყენებას და მის სრულყოფილად ათვისებას, რათა ერთდროულად ფუნქციური, კომფორტული და მიმზიდველი საძინებელი მივიღოთ.

ზონირება

ბავშვის პატარა ოთახის დიზაინი პირველ რიგში სწორ გეგმარებას მოიაზრებს, მნიშვნელოვანია, რომ მცირე ფართის პირობებში ბავშვს საკმარისი სივრცე ჰქონდეს თამაშისა და მეცადინეობისთვის. ამიტომ ზონირება ჭკვიანურად უნდა შესრულდეს. მაგალითად, შეგიძლიათ განათავსოთ მოძრავი დასაკეცი საწოლი, რომელიც დღის განმავლობაში სივრცეს გაათავისუფლებს, ან თუ ოთახს რამდენიმე ბავშვი ინაწილებს, გამოიყენოთ სართულებიანი საწოლი.

ავეჯი

თაროებითა და დასაკეცი სამუშაო მაგიდით შესაძლებელია შექმნათ კომპაქტური და ფუნქციური სასწავლო კუთხე, რომელსაც სათავსოდაც გამოიყენებთ. აქვე გასათვალისწინებელია სამეცადინო მაგიდის ზომები, რომელიც ბავშვის ასაკის მიხედვით უნდა განსაზღვროთ. მაგალითად, 2-4 წლის ასაკისთვის უმჯობესია 35-44 სმ-ის მაგიდა შეარჩიოთ, 6-10 წლისთვის 50-56 სმ, ხოლო 14 წლიდან — 66-76 სმ-ია რეკომენდებული. ასევე, როგორც უკვე ვახსენეთ, მნიშვნელოვანია საბავშვო ოთახში გამოყენებული ნებისმიერი პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი იყოს პატარებისთვის. უსაფრთხოების მისაღწევად კი უმჯობესია, მომრგვალებული ფორმების ავეჯს მიანიჭოთ უპირატესობა, რადგან კუთხეებიანი მოდელების შემთხვევაში ბავშვის დაზიანების რისკები იზრდება. ამასთან, ყურადღება გაამახვილეთ საგარდერობო ზონაზეც. სასურველია კარადა ჰორიზონტალური და ვერტიკალური გამყოფების, საკიდების სიმრავლით გამოირჩეოდეს, რათა დამატებითი სივრცე შექმნას ტანსაცმლის, სათამაშოებისა თუ წიგნების განსათავსებლად.

ფერები

როდესაც ბავშვის პატარა ოთახის დიზაინი გვაქვს მოსაწყობი, ყურადღება უნდა მიექცეს ფერებსაც. სივრცის ვიზუალურად გაზრდის მიზნით უმჯობესია ოთახში ღია, ნეიტრალური ფერები გამოვიყენოთ, თუმცა კონტრასტის შესაქმნელად, აქცენტების სახით ცისფერი, მწვანე, ყვითელი ტონები შევიტანოთ. სამივე ფერი ბუნებასთან, გარე სამყაროსთან ასოცირდება. ცისფერი და მწვანე მშვიდი, წყნარი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ამცირებს სტრესს და ძილის ხარისხს აუმჯობესებს, ხოლო ყვითელი ტვინის აქტივობას ასტიმულირებს და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება მოზარდებს.

აქსესუარები

დიდი ყურადღება ექცევა აქსესუარებსაც, მაგალითად, ბავშვის პატარა ოთახის დიზაინის დროს აჯობებს გრძელი ფარდები დაკიდოთ, რათა ვიზუალურად სივრცე გაზარდოთ. ამასთან, ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი აქსესუარები, რომლებიც გარდა ესთეტიკური მიმზიდველობისა, ფუნქციური თვალსაზრისითაც საინტერესოა და ბავშვის განვითარებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, სახატავი მოწყობილობები, ფერადი ფიგურები, ასაწყობი კუბები, თემატური სანათები, მაგნიტური დაფები, ფერადი ანბანის, ციფრების პლაკატები და რუკები. ყოველივე ეს თქვენს შვილს შემოქმედებითი ხედვის და კოგნიტიური უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები