1768231980
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
არქიტექტურა არ არის მხოლოდ ბეტონის, შუშის ან რკინის კონსტრუქცია, ის დროის, ტექნოლოგიური პროგრესისა და კაცობრიობის განვითარების ვიზუალური გამოხატულებაა. ყოველ წელს მსოფლიო რუკაზე ახალი არქიტექტურული შენობები ჩნდება, რომლებიც ქალაქების იერსახესა და ჩვენს ყოველდღიურობას ცვლის.
გამონაკლისი არც 2026 წელი იქნება. World Architecture-მა შეადგინა იმ შთამბეჭდავი შენობების ნუსხა, რომელთა გახსნაც წელს იგეგმება. ეს ნაგებობები შლის წარმოსახვის საზღვრებს და გვთავაზობს პასუხს თანამედროვეობის მთავარ გამოწვევებზე - მდგრადობაზე, ურბანიზაციასა და ესთეტიკურ ინოვაციაზე.
ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს ცნობილი შვეიცარიელი არქიტექტორის, პრიცკერის პრემიის ლაურეატის, პიტერ ზუმთორის დაპროექტებული 274.32 მეტრი (900 ფუტი) სიგრძის ჰორიზონტალური შენობა, ხელოვნების მუზეუმის, დევიდ გეფენის გალერეები ლოს-ანჯელესში (LACMA). შემინული შენობის მთლიანი ფართი 10 219 კვადრატული მეტრია. 2026 წლის აპრილიდან მუზეუმი მუდმივ გამოფენებს უმასპინძლებს, თუმცა გალერეების გარდა აქ იქნება თეატრი, კაფე-რესტორნები, მაღაზიები, საგანმანათლებლო ცენტრი…

როგორც Worldarchitecture აღნიშნავს, დევიდ გეფენის გალერეები მუზეუმის ტრადიციულ აღქმას ცვლის და დამთვალიერებელს ხელოვნებისა და ისტორიის დანახვის სრულიად განსხვავებულ გზას სთავაზობს. საგამოფენო სივრცეში თავმოყრილია ყველა კულტურისა და ეპოქის ნამუშევრები, რაც ვიზიტორს საშუალებას აძლევს ხელოვნება დროისა და გეოგრაფიის მკაცრი ჩარჩოების გარეშე აღიქვას. გალერეების მაღალი პერიმეტრის გასწვრივ, იატაკიდან ჭერამდე არსებული მინის პანელები საგამოფენო დარბაზში ბუნებრივი სინათლის და ქალაქის ხედების შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, გარემო კი მუდმივად იცვლება დღის მონაკვეთის, სეზონისა თუ ამინდის ცვლილების ფონზე.
18 აპრილს არის დაგეგმილი დედოფალ ელისაბედის ოლიმპიურ პარკში V&A East Museum-ის გახსნა. ის დუბლინსა და ლონდონში დაფუძნებული არქიტექტურული სტუდიის O'Donnell + Tuomey-ის მიერ არის დაპროექტებული, მისი კონცეფცია კი ადგილობრივ თემებთან თანამშრომლობით შეიქმნა. პროექტის მთავარი იდეა შემოქმედების ძალის წარმოჩენაა.

მუზეუმს უფრო შთამბეჭდავს ხდის კაფე Jikoni, რომლის კონცეფცია „კულინარია საზღვრების გარეშეა“ და კულტურულ სივრცეს დამატებით გასტრონომიულ განზომილებასაც სძენს.
ხუთსართულიანი მუზეუმი ერთ სივრცეში აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს — ვიზუალურ ხელოვნებას, დიზაინს, მოდას, მუსიკასა და პერფორმანსს. ის განთავსდება ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებთან ახლოს, როგორებიცაა London College of Fashion და BBC, რაც მას აღმოსავლეთ ლონდონის მზარდი კულტურული ქსელის მნიშვნელოვან რგოლად აქცევს.

აპრილშია ასევე დაგეგმილი ოქსფორდის უნივერსიტეტში სტივენ ა. შვარცმანის სახელობის ჰუმანიტარული მეცნიერებების ცენტრის გახსნა. თანამედროვე საგანმანათლებლო და კულტურული სივრცის არქიტექტურულ გადაწყვეტაზე სტუდია Hopkins Architects-მა იმუშავა. ახალი ცენტრი ხელოვნებისა და ჰუმანიტარული დისციპლინებისათვის მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურას ქმნის და ერთ სივრცეში აერთიანებს კვლევით, სასწავლო, საკონცერტო თუ პერფორმანსის სივრცეებს.
ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით 25–26 აპრილს შენობაში გაიმართება Open House Festival-ი და ყველა ასაკის ვიზიტორს უფასო ღონისძიებებითა და წარმოდგენებით უმასპინძლებს.
ლოს-ანჯელესში ლუკასის თხრობითი ხელოვნების მუზეუმი (Lucas Museum of Narrative Art) სექტემბერში გაიხსნება. მუზეუმის მთავარი თემა ილუსტრირებული თხრობაა. სივრცე ჯორჯ ლუკასისა და მელოდი ჰობსონის დაფუძნებულია და ხელოვნებას განიხილავს როგორც ამბის მოყოლის ერთ-ერთ ძლიერ ფორმას. მუზეუმის კოლექცია მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია. აქ წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფიის კლასიკოსთა ნამუშევრები. მუზეუმში ასევე განთავსდება არქივი, რომელიც ჯორჯ ლუკასის კინოკარიერას ასახავს და მოიცავს კოსტიუმებს, მაკეტებს, რეკვიზიტს და კონცეპტუალურ ესკიზებს მისი საკულტო ფილმებიდან.

მუზეუმი 300 ათას კვადრატულ ფუტზე (დაახლოებით 27 870 კვ. მეტრი) იქნება გადაჭიმული და მოიცავს საგამოფენო გალერეებს, თეატრებს, ბიბლიოთეკას, კაფე-რესტორანს, სავაჭრო სივრცესა და სხვადასხვა საზოგადოებრივ ზონას, გათვალისწინებულია მწვანე სივრცეებიც.
შუა ბრიუსელში, Citroën-ის ყოფილი ავტომწარმოებლი ქარხანა ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდ და თანამედროვე ხელოვნების განვითარების პროექტად (Kanal) გარდაიქმნება. ახალი კულტურული სივრცე ბრიუსელში 2026 წლის ნოემბერში გაიხსნება და ის 40 000 კვადრატულ მეტრზე იქნება გადაჭიმული. 1930-იანი წლების საკულტო შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში შეიქმნება თანამედროვე საგამოფენო სივრცეები, ცოცხალი მუსიკისა და პერფორმანსების დარბაზი, თანამედროვე და უახლესი არქიტექტურისადმი მიძღვნილი ცენტრი, წიგნის მაღაზია და ბიბლიოთეკა, რესტორანი და ღია ბარი სახურავზე, საზოგადოებრივი სივრცეები. პროექტზე noAarchitecten-ის, EM2N-ისა და Sergison Bates architects-ის კონსორციუმი მუშაობს.
ტენესის ქალაქ მემფისის ცენტრში წლის ბოლოს გაიხსნება Memphis Art Museum-ის ახალი კულტურული კამპუსი. Tennessee-ის ყველაზე ძველი და დიდი მუზეუმის, Memphis Brooks Museum of Art-ი (უძველესიდან დაწყებული თანამედროვე ხელოვნებამდე) 10 000-მდე კოლექციას აერთიანებს. 11 334 კვ.მ-ზე გადაჭიმული მუზეუმი არქიტექტურული სტუდია Herzog & de Meuron-ის დიზაინით შენდება, რომელიც Pritzker-ის პრემიის მფლობელია, ლანდშაფტურ დიზაინზე კი OLIN-მა იმუშავა. განახლებული სივრცე ასევე მოიცავს საზოგადოებრივად ხელმისაწვდომ ზონას, მათ შორისაა 4 645 კვ.მ-ზე სახურავის ქანდაკებების ბაღი და 929 კვ.მ-ზე საზოგადოებრივი ეზო.
ღია საზოგადოებრივი სივრცეები და გამჭვირვალე მინის ფარდა საშუალებას აძლევს ადამიანებს ნამუშევრებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდეთ.

2026 წლის კალენდარზე მონიშნულია არა მხოლოდ მუზეუმები, არამედ საცხოვრებელი კომპლექსები და სხვა ინფრასტრიქტურა, მათ შორისაა BIG-ის მიერ შექმნილი KING Toronto. ის თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშად მიიჩნევა და მის ზედა ნაწილში რვა პენტჰაუსი განთავსდება. 57 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული კომპლექსი მოიცავს 500-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას, აერთიანებს მრავალფეროვან სერვისებს, ტერასებსა და ღია პლაზებს. შენობა გამოირჩევა ბლოკებით და 15–17 სართულიანია. პროექტი, რომელიც Westbank-სა და Allied Properties-ს ეკუთვნის, ექსპლუატაციაში 2026 წლის შემოდგომაზე შევა.

მსოფლიოს ყველაზე გრძელი ერთანძიანი, ასიმეტრიული ხიდი წელს ტაივანში გაიხსნება. 920 მეტრიანი კაბელით გაჭიმული დანიანგის ხიდის დიზაინი Zaha Hadid Architects-ს ეკუთვნის. მდინარე ტამსუიზე გადაჭიმული ხიდი ხელს შეუწყობს გზებზე დატვირთვის შემცირებას და გააუმჯობესებს ჩრდილოეთ ტაივანის გზების ქსელს. გარდა ამისა, ის უზრუნველყოფს უკეთეს კავშირებს ტაიპეის პორტთან და ტაოიუს საერთაშორისო აეროპორტთან.

წელს გაიხსნება საზოგადოებისთვის შანხაის ახალი გრანდ ოპერის თეატრის კარი. ის ცნობილი ნორვეგიული არქიტექტურული კომპანიის, Snøhetta-ს შექმნილია. 146 786 კვადრატული მეტრის ფართობის შენობაში სახურავამდე აზიდულია სკულპტურული კიბე, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა აუდიტორიის მიზიდვას ექსპერიმენტული წარმოდგენებისთვის. პირველ სართულზე იქნება ფართო საზოგადოებრივი სივრცე, სადაც გრანდიოზული სპირალური კიბე გადაადგილების მთავარი საშუალება იქნება. მნიშვნელოვანია ოპერის ძირითადი დარბაზი, რომელიც 2 000 მაყურებელზეა გათვლილი, სივრცე გამოირჩევა აკუსტიკით და აღჭურვილია უახლესი ტექნიკური სისტემებით. მცირე მასშტაბის წარმოდგენებისთვის გათვალისწინებულია მეორე სცენა 1 200 ადგილით. შენობაში არსებული მესამე სცენა 1 000 მაყურებელს იტევს, ის გამოირჩევა მოქნილი სცენოგრაფიული და დასაჯდომი კონფიგურაციით და სპეციალურად არის გათვლილი ავანგარდული და ინოვაციური დადგმებისთვის.

მარტში არის ჩანიშნული ტაშკენტში თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (Centre for Contemporary Arts Tashkent – CCA) გახსნა. ინიციატივა უზბეკეთის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდს ეკუთვნის და მიზნად ისახავს უზბეკეთში კულტურული წარმოებისა და მხატვრული გაცვლისთვის ცოცხალი, ინტერდისციპლინარული პლატფორმის ჩამოყალიბებას.
ცენტრი განთავსებულია 1912 წელს აგებულ და განახლებულ ინდუსტრიულ შენობაში, რომელიც ძველად დიზელის სადგური და ტრამვაის დეპო იყო. პროექტი არქიტექტურულ სტუდიას Studio KO-ს ეკუთვნის.
ფრანგული არქიტექტურული ბიურო PCA-STREAM Philippe Chiambaretta Architecte-ს დაპროექტებული ილ-დე-ფრანსის ცენტრი შემოდგომაზე გაიხსნება. 28 600 კვადრატული მეტრის ფართობის კომპლექსი ორიენტირებულია კონსერვაციისა და რესტავრაციის სფეროში ინოვაციების დანერგვაზე და ამავდროულად ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობაზე.
პომპიდუს ილ-დე-ფრანსი ამბიციურ პროექტად მიიჩნევა და ძირითადად კულტურული ჩართულობის გაძლიერებისა და თავისი გამორჩეული რესურსების რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო აუდიტორიებამდე მიტანას ისახავს მიზნად.

ერთ-ერთი გამორჩეულია ფლორენციის ამერიგო ვესპუჩის აეროპორტის ახალი საერთაშორისო ტერმინალი. მის სახურავზე ვენახია გაშენებული. თავად ტერმინალი კი 5.9 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. პროექტი ამერიკულ არქიტექტურულ სტუდიას, Rafael Viñoly Architects-ს ეკუთვნის და მდგრადობაზეა ორიენტირებული. ის ქალაქთან რკინიგზით არის დაკავშირებული. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი სტრატეგიულად არის დაგეგმილი და თანამედროვე ავიახომალდების ოპერირების გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა. ტერმინალის მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი სწორედ 2026 წელს დასრულდება, მეორე კი - 2035 წლისთვის.
მასალა მომზადებულია worldarchitecture-ის მიხედვით
1766166720
1768231980
1767715389
1766069895