1749140160
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
იყო დრო, როცა სიგარეტი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ცნობილი ადამიანების მიბაძვის სიმბოლოდ აღიქმებოდა. ეს წარმოდგენა დღესაც არ არის სრულად გამქრალი, თუმცა აშკარად იკლებს — მსოფლიოში იზრდება ცნობიერება თამბაქოს რეალური ზიანის შესახებ და სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს მისგან გათავისუფლებას... თუმცა პროცესი რთული და გრძელვადიანია.
ნიკოტინზე ძლიერი დამოკიდებულების გამორჩეული მაგალითია ეგზისტენციალისტური აზროვნების ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი ალბერ კამიუ. მას ახალგაზრდობაში გადატანილი ტუბერკულოზის გამო საყვარელ ფეხბურთზე თავის დანებება და უნივერსიტეტის საფეხბურთო სკოლიდან წამოსვლაც კი მოუწია, თუმცა ვერ თქვა უარი სიგარეტზე. საკუთარი იდენტობის ნაწილად ქცეული სიგარეტის გარეშე ფოტოზეც იშვიათად არის გამოსახული. მავნე ჩვევის სახელი — „სიგარეტი“ — კი თავის კატას დაარქვა.
კამიუს ცხოვრებისეული მაგალითი აჩვენებს, რომ თამბაქოს მოხმარება მხოლოდ ფიზიკური ჩვევა არ არის და მისგან გათავისუფლება, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს მაშინაც კი, როცა ადამიანი მის მავნებლობას აცნობიერებს.
დრო იცვლება, თუმცა არ შეცვლილა ნიკოტინზე მიჯაჭვულობა. კვლევებმა თამბაქოს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა და ზიანი დიდი ხანია გამოავლინა. ქვეყნების უმრავლესობაში კანონი უკვე კრძალავს მოწევის პროპაგანდასა და რეკლამას, ვეღარც ჰოლივუდურ ფილმებში ვხედავთ ცნობილ მსახიობებს სიგარეტით ხელში, ან თითქოსდა გარომანტიზებულ თამბაქოს კვამლს ოთახში.
ცვლილებების მიუხედავად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) თამბაქოს ეპიდემიას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ მიიჩნევს, რაც კი მსოფლიოში ოდესმე ყოფილა. ორგანიზაციის მონაცემებით, თამბაქო ყოველწლიურად ჯერ კიდევ 8 მილიონზე მეტ ადამიანს კლავს, აქედან 7 მილიონზე მეტი შემთხვევა თამბაქოს პირდაპირი მოხმარების შედეგია, 1,3 მილიონი ადამიანი კი პასიური მოწევის ზემოქმედებითა და მეორადი კვამლის ზეგავლენით იღუპება.
მსოფლიოში განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებია. არსებული 1,3 მილიარდი მწეველიდან 80% სწორედ ასეთ ქვეყნებზე მოდის და თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებისა და სიკვდილიანობის ტვირთიც მათთვის განსაკუთრებით მძიმეა. იქიდან გამომდინარე, რომ თამბაქო ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს, მისი მოხმარება დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის კიდევ უფრო მეტ გაღარიბებას იწვევს, რადგან ხელფასი ოჯახების საჭიროებებიდან, როგორიცაა საკვები, საცხოვრებელი თუ ჯანმრთელობა, თამბაქოზე გადადის.
ერთი მწეველი, საშუალოდ, დღეში 17 ღერ სიგარეტს ეწევა. შთამბეჭდავია? ალბათ, ფიქრობთ, რომ არც ისე, მაგრამ მწეველთა რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს დღეში 20 მილიარდი ღერია, წელიწადში კი 7 ტრილიონი. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი კოლოსალური რაოდენობის სიგარეტის ნამწვი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მავნე ნარჩენად მიიჩნევა, გარემოში იყრება. ბინძურდება ქუჩები, პარკები, წყალი, ნიადაგი და მთლიანობაში ურბანული ეკოსისტემა.
ამერიკის კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის შეფასების მიხედვით, თამბაქოს კვამლში აღმოჩენილია 7,000-ზე მეტი ქიმიური ნივთიერება, მათგან 250-ზე მეტი მავნედ მიიჩნევა, 70 კი კარცინოგენულია. ჩამონათვალში გვხვდება ამიაკი, წყალბადის ციანიდი, მხუთავი აირი, ფორმალდეჰიდები თუ სხვა. გარდა იმისა, რომ მათი ჩასუნთქვით ის მწეველი ადამიანის ორგანიზმში ხვდება და სიცოცხლის რიკს უქმნის, თამბაქოს ინდუსტრია უზარმაზარ ზიანს აყენებს გარემოსაც. WHO-ს გათვლებით, მხოლოდ თამბაქოს პროდუქტების წარმოებისთვის ყოველწლიურად 600 მილიონზე მეტი ხე იჭრება.
თანამედროვე ქალაქებისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ურბანული გარემოს შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მოხმარება ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, მდგრადი ქალაქების კონცეფცია გარე სივრცეების თამბაქოსა და თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ქალაქის მმართველების გადაწყვეტილება კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით. მაგალითად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანასა და წამყვან ქალაქებში უკვე არა მხოლოდ საჯარო დაწესებულებებშია აკრძალული მოწევა, არამედ ის მხოლოდ კონკრეტულ ადგილებშია დაშვებული.
საფრანგეთში ყველა იმ საჯარო სივრცეში, სადაც ბავშვები არიან, მოწევა სულ რამდენიმე დღის წინ, 1-ელი ივნისიდან აიკრძალა. შეზღუდულ არეალებში მოხვდა პარკები და სკვერები, პლაჟები, სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ავტობუსის გაჩერება… ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა ამ ეტაპზე კაფეების აივნებზე, ტერასებზე და ელექტრონული სიგარეტების გამოყენებაზე აკრძალვა არ ვრცელდება.
კანონის დარღვევის შემთხვევაში ურჩი მწეველები 135 ევროთი (421 ლარი) დაჯარიმდებიან, რეგულაციის დაანონსებისას საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, კატრინ ვოტრენმა განაცხადა: „მწეველთა თავისუფლება უნდა შეიზღუდოს იქ, სადაც იწყება ბავშვთა უფლება ისუნთქონ სუფთა ჰაერი“. კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა კი პოლიციას ეკისრება. 66,6 მილიონიან საფრანგეთში, სადაც მოსახლეობის 23% მწეველია, რესტორნებსა და სხვა საჯარო სივრცეებში მოწევა ჯერ კიდევ 2008 წლიდან არის აკრძალული. ახალი რეგულაცია საფრანგეთის ეროვნული ანტითამბაქოს პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს 2032 წლისთვის თამბაქოსგან თავისუფალი თაობის გაზრდას.
სწორედ მომავალ თაობაზე, გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახდა ესპანეთისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების საფუძველი. ცვლილებები ითვალისწინებს არა მხოლოდ საზოგადოებრივ ადგილებში ტრადიციული თამბაქოს აკრძალვას, არამედ ელექტრონულ სიგარეტებსა და გახურებად თამბაქოზე უარის თქმასაც. აკრძალვა გავრცელდება რესტორნების ტერასებსა და ბარებში არსებულ ღია სივრცეებზეც. მართალია, კანონპროექტის განხილვა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ესპანეთს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დააყენებს. ამ ცვლილებების გარდა, ესპანეთის მთავრობა მუშაობს სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის მოწევისთვის თავის დანებების მსურველი პირებისთვის ხელმისაწვდომი რესურსების შეთავაზების გაფართოებაზე, ასევე თამბაქოსა და მსგავს პროდუქტებზე გადასახადების გაზრდაზე.
კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს დიდი ბრიტანეთიც. ქვეყანამ ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა, რომ განიხილავს უფრო მკაცრ წესებს ღია ცის ქვეშ მოწევასთან დაკავშირებით პაბებსა და რესტორნებში.
მსოფლიომ დიდი ხანია აღიარა, რომ თამბაქოსგან წარმოქმნილი ნარჩენების უდიდესი ნაწილი, კერძოდ, სიგარეტის ნამწვები, შედგება ფილტრისგან, რომლის დაშლას ბუნებრივ გარემოში ათწლეულები სჭირდება. სიგარეტის ნამწვი ყველაზე გავრცელებული ნარჩენია პლანეტაზე და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყოველწლიურად, დაახლოებით, 7 ტრილიონი ნამწვი იყრება გარემოში და ის ბიოდეგრადირებას არ ექვემდებარება.
თამბაქოს ინდუსტრიის ეკოლოგიური ტვირთი რომ დიდია, ამაზე ოფიციალური მონაცემებიც მეტყველებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თამბაქოს წარმოება წლიურად 80 მილიონ ტონაზე მეტ CO2-ს გამოყოფს, რაც კოსმოსში 280 რაკეტის გაშვებას უდრის. პლანტაციებისთვის ტყეების გაჩეხვა აზიანებს ბიომრავალფეროვნებას, ამცირებს ნახშიროჟანგის შთანთქმის ბუნებრივ შესაძლებლობებს. ერთი სიტყვით, თამბაქოს ინდუსტრიის ზიანზე საუბარი მხოლოდ ჯანმრთელობის ჭრილში არ არის საკმარისი, ის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ნაწილიც უნდა გახდეს და მწეველთა რაოდენობის შემცირება პირდაპირ ნიშნავს ნაკლებ მავნე ნარჩენს, ნაკლებ გაჩეხილ ტყეს და ნაკლებად დაბინძურებულ გარემოს.
დღეს, როდესაც კლიმატის ცვლილება, ეკოლოგიური კრიზისები და ჯანსაღი გარემოს საჭიროება კაცობრიობის საერთო გამოწვევაა, როგორ ვებრძვით ამ გამოწვევებს ჩვენ? რას აკეთებს საქართველო? ქვეყანამ დიდი ძალისხმევით თამბაქოს კონტროლის შესახებ სრულიად ახალი კანონი მიიღო და უკვე 2018 წლიდან აკრძალულია საჯარო სივრცეებში მოწევა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თამბაქოს ინდუსტრია ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, ხშირია პოლიტიკური ლობირება სხვადასხვა შეზღუდვების ამოქმედებასთან დაკავშირებით მომხმარებლების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით. თამბაქოს ინდუსტრიის არგუმენტებმა, რომ მოწევის აკრძალვას კაფეებსა და რესტორნებში უარყოფითი შედეგი (მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება და სამუშაო ადგილების დაკარგვა) მოჰყვებოდა არ გაამართლა. მოსახლეობის კმაყოფილებას ადასტურებს „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ ჩატარებული კვლევაც.
კანონის ამოქმედების მიუხედავად მთავარ გამოწვევებად კვლავ რჩება კანონის არასრულყოფილი აღსრულება და როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, კანონის აღსრულება არასრულფასოვნად მიმდინარეობს და საჭიროებს მუდმივ მონიტორინგსა და კონტროლს. ამავდროულად, თამბაქოს ინდუსტრიის გავლენით, ხშირად ხდება სხვადასხვა რეგულაციის ამოქმედება ან ამოქმედებულის შეცვლა, რაც საბოლოო ჯამში ვნებს მოსახლეობას. ჯანდადაცვის სამინისტროს რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით 11 000 ადამიანი იღუპება, მათგან 3 000 პასიური მწეველია და გაცილებით მეტია გასაკეთებელი თამბაქოსგან თავისუფალი თაობის მისაღებად.
1747144212
1746706500
1747412776
1749140160