1741874880

არჩევანი „ევროპა“ — ევროპის ქალაქებში ცხოვრების უპირატესობები

ჰედერი

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

ეკონომიკური შესაძლებლობები, ხარისხიანი ჯანდაცვა, ხელმისაწვდომი განათლება, სოციალური დაცულობა და, რაც მთავარია, ცხოვრების მაღალი დონე — ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია, რის გამოც ადამიანები საცხოვრებლად ევროპის ქვეყნებს ირჩევენ.

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, ევროპის ქალაქებში ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. გამოკითხულთა 90%, ანუ ათიდან ცხრა ადამიანი, პოზიტიურად აფასებს ცხოვრებას საკუთარ ქალაქში.

განსხვავებულია მიდგომები დედაქალაქებსა და პატარა ქალაქებთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქალაქები სამუშაო ადგილების მეტ შესაძლებლობას იძლევა, პატარა ქალაქები საცხოვრებლად უკეთეს ადგილად მიიჩნევა ხანდაზმული ადამიანებისა და ბავშვებიანი ოჯახებისთვის. ამავდროულად, მცხოვრებლები პატარა ქალაქებში თავს გაცილებით უფრო დაცულად გრძნობენ, აქ ეკოლოგიურად უფრო სუფთა გარემოა და ნაკლებია ხმაურიც.

რატომ ირჩევენ ადამიანები ევროპაში ცხოვრებას? — ამ კითხვაზე პასუხს სტატისტიკაში მარტივად ვიპოვით.

Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 9%, ანუ დაახლოებით 746 მილიონი ადამიანი სწორედ ევროპაში ცხოვრობს. სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე ევროპის კონტინენტზე მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 140 მილიონით არის გაზრდილი.

საზოგადოების კეთილდღეობა და ცხოვრების ხარისხი ბევრ მაჩვენებელზე აისახება, მათ შორისაა სიცოცხლის ხანგრძლივობაც. Statista.com-ის მიხედვით, ევროპაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 79 წელია (ქალებში მაჩვენებელი 82 წელს აღწევს, მამაკაცებში კი — 76 წელს).

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ინდიკატორად მიიჩნევა უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი. უმუშევრობის დონე კი ევროპაში, 2024 წლის სტატისტიკით, 6%-იც კი არ არის. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებს შორის ესპანეთშია და ისიც 10.6%-იან ნიშნულზე.

მაღალია მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე. ევროპის ქვეყნების პირველი სამეული ასე გამოიყურება: ლუქსემბურგი (131 380 დოლარი), ირლანდია (106 060) და შვეიცარია (105 670 დოლარი). სამივე ქვეყანაში მშპ-ს მაჩვენებელი 100 000 დოლარს აღემატება. ევროპის კონტინენტზე არსებული ქვეყნებიდან ბოლო პოზიციაზე უკრაინაა 5 660 დოლარით, მის წინა ორ პოზიციას კი მოლდოვა (7 490 დოლარი) და კოსოვო (6 390 დოლარი) იკავებენ. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, ის 44 200 დოლარს შეადგენს.

ევროკავშირის ქვეყნებში მაღალია მინიმალური ანაზღაურებაც. ევროკომისიის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 551 დოლარიდან 2 638 დოლარამდე მერყეობს. მინიმალური მაჩვენებელი ამ შემთხვევაში ბულგარეთზე მოდის, მაქსიმალური კი ლუქსემბურგზე. კიდევ უფრო მაღალია საშუალო ხელფასი.

რა იზიდავს მოგზაურს/ტურისტს/ადამიანს ევროპის ქვეყნებში

ევროპის რომელი ქალაქია საუკეთესო საცხოვრებლად? ამ კითხვაზე პასუხი არაერთგვაროვანია და დამოკიდებულია იმაზე თუ რა კრიტერიუმებით აფასებს ადამიანი საცხოვრებელ გარემოს. ცხოვრების ხარისხის, ჯანდაცვის სისტემის, განათლების, ეკოლოგიის, სამუშაო შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით ბევრ სხვადასხვა რეიტინგში ხშირად შეხვდებით შვედეთს, შვეიცარიას, გერმანიას, ესპანეთს, დანიას თუ ნიდერლანდებს.

თითოეულ ამ ევროპულ ქვეყანას თავისი უპირატესობა აქვს. მათი უმრავლესობა გამოირჩევა მაღალი სოციალური სტანდარტებით, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობით, სტაბილური ეკონომიკური განვითარება საზოგადოების დიდ ნაწილზე ვრცელდება. ბევრ კვლევაში მითითებულია, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გონივრული ფასები და ღირსეული ანაზღაურებაა, დასაქმებულებს კი აქვთ შესაძლებლობა, დაიცვან ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის. ამ სტანდარტების დაცვის გამო, ბევრ ქვეყანაში დამსაქმებელს დასაქმებულთან შაბათ-კვირასა და დასვენების დღეებში სატელეფონო კომუნიკაციაც კი ეკრძალებათ. ზეგანაკვეთურ სამუშაო საათებში ანაზღაურების საკითხი კი კანონმდებლობით არის დარეგულირებული, ისევე როგორც დეკრეტითა და ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა.

იდეალური, როგორც ამბობენ, არაფერია. ასეა თუნდაც ამ მიმზიდველი ქვეყნების შემთხვევაშიც. გასათვალისიწნებელ და უარყოფით მხარეებში ხშირად შეხვდებით ისეთ ჩამონათვალს, როგორიცაა მაღალი გადასახადები, ძვირადღირებელი საცხოვრებელი ან მომსახურების ხარისხი, ბიუროკრატია და შენელებული პროცესები საჯარო სტრუქტურებში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულობა და ინფრასტრუქტურა ევროპის ქალაქების მიმზიდველობას მნიშვნელოვნად ზრდის. როგორც ხშირად ამბობენ, ევროპული ცხოვრების მთავარი ღერძი სწორედ ეს არის. მოწესრიგებული სისტემა საპარკინგე გამართულობისა და საცობისგან თავის არიდების ერთგვარი წინაპირობაა.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ქალაქები ერთმანეთთან მატარებლებითა და ავტობუსებით მჭიდროდ არის დაკავშირებული. ეს შესაძლებლობას იძლევა, ევროპის კონტინენტის ყველაზე პატარა ქალაქიდან მეტროპოლიამდე დაბრკოლების გარეშე იმოგზაუროთ.

ბოლო წლების განმავლობაში ეკოლოგიურობა ევროპის მთავარი მიზანია. სწორედ ამიტომ, ქალაქების უმრავლესობაში ველოსიპედისა და ელექტრომოპედებისთვის საგზაო ინფრასტრუქტურა მუდმივად უმჯობესდება. შესაბამისი ზონებია ფეხით მოსიარულეთათვისაც.

გარემოსდაცვითი საკითხები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალაქების მმართველებისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის. საზოგადოებაში ცნობიერება უკვე საკმაოდ მაღალია და როგორც ბევრი კვლევა ადასტურებს, ევროპელებისთვის პარკებისა და მწვანე სივრცეების რაოდენობა პრიორიტეტულია. ქალაქებში ახორციელებენ სხვადასხვა პროექტს ყოვლისმომცველ გადამუშავებასა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლისთვის.

ევროპის ქვეყნებში კარგად იციან ჯანმრთელობის ფასი. მათი უმრავლესობა იზიარებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარ დეფინიციას — ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ, კანონმდებლობის მიხედვით, თითოეული მოქალაქისთვის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა კარგად არის გამართული. ამავდროულად, მათ შეუძლიათ კერძო დაზღვევის სერვისით სარგებლობაც. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანას ჯანდაცვის სხვადასხვაგვარი სისტემა აქვს, ყველა მოქალაქე და რეზიდენტი ავტომატურად ირიცხება ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში და სამედიცინო მომსახურების დიდი ნაწილი უფასოა.

ევროპაში იციან დასვენების ფასიც. პარასკევი და შაბათი თითქმის საყოველთაო გართობის დღეებია, თუმცა ამის პარალელურად აქვთ ღამის ეკონომიკის განვითარების მოტივაცია, რადგან იციან, რომ ადრიანად დაწყებული სამუშაო დღე ადრე დასრულდება.

ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანი

ევროპული ღირებულებები უცხო არც ქართველებისათვისაა და ევროპა რომ საქართველოს ისტორიული არჩევანია, ამას არაერთი კვლევა ცხადყოფს. არჩევანი არ შეცვლილა წლების განმავლობაში და ამას ადასტურებს „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევაც, რომლის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას მხარს უჭერს გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა — 86.3%.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერ

მკვლელი ხიდების ქალაქი

1742306940

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები