1741098120
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
ხელმისაწვდომი და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ გადაადგილების ეფექტური საშუალებაა, არამედ განსაზღვრავს ქალაქში ცხოვრების ხარისხს და მისი განვითარების პერსპექტივას. ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამცირებს კერძო ავტომობილების მობილობას, მეორე მხრივ კი გავლენას ახდენს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
ევროპის ქალაქებში ცხოვრების ხარისხის შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ გავლენას ახდენს მოსახლეობის საერთო კმაყოფილებაზე. ევროპის ქალაქებში ცხოვრების ხარისხის კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა ევროპის 83 ქალაქის 71 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო, გამოავლინა, რომ 10 გამოკითხულიდან 7 საკუთარი ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უკმაყოფილოა.
კვლევა ადასტურებს, რომ ევროპის დედაქალაქებსა და ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა მკვეთრად განსხვავებულია, განსხვავებულია მოსახლეობის კმაყოფილების მაჩვენებელიც. ყველაზე მეტად კმაყოფილები ავსტრიის დედაქალაქ ვენაში არიან. რეიტინგში მეორე ადგილზე ჰელსინკია, მესამეზე — ოსლო, მეოთხე და მეხუთე პოზიციას პრაღა და ლუქსემბურგი იკავებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველაზე უკმაყოფილოები კი იტალიის დედაქალაქში, რომში არიან.
ავსტრიის დედაქალაქი ევროპის ქალაქებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაგეგმარების, ეკოლოგიურობისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. კარგად განვითარებული სისტემა ქალაქის ნებისმიერ წერტილში კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს.
სატრანსპორტო ქსელი მოიცავს მეტროს (Vienna U-Bahn), ტრამვაის, ავტობუსებსა და რკინიგზას (S-Bahn). ეს კარგად განვითარებული და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემა კი კერძო ავტომობილების გამოყენების შემცირებას უწყობს ხელს.
ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეში, დაახლოებით, 211 000 კილომეტრს ფარავს (წელიწადში 77 მლნ კილომეტრი), რაც 5-ჯერ აღემატება დედამიწის გარშემოწერილობას, ანუ ფაქტობრივად, ქსელში ჩართული ტრანსპორტი 5-ჯერ მოგზაურობს მსოფლიოს ირგვლივ. ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ეკოლოგიურობაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმეტესობა (მეტრო, ტრამვაი და რკინიგზა თავისთავად) ელექტროენერგიაზე მუშაობს, მათ შორის ქსელში ჩართული ავტობუსები, რომლებიც განახლებადი ენერგიებიდან მიღებული წყაროებით იმუხტება.
ავსტრიის დედაქალაქში მოსახლეობის რაოდენობა, მიმზიდველი საცხოვრებელი პირობებითა და გარემოთი, მუდმივად მზარდია. იმიგრაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი გლობალურმა კრიზისებმა, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომმა, სირიისა და ავღანეთის კონფლიქტებმა. ამის მიუხედავად, ქალაქი სატრანსპორტო გადატვირთულობას ადვილად უმკლავდება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორი Wiener Linien-ის მონაცემებით, ყოველდღიურად ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2 მილიონ მგზავრს ემსახურება და კომპანიის მთავარი მიზანი მობილობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილის კიდევ უფრო მეტად გაზრდაა. Wiener Linien-ის განაცხადში მითითებულია, რომ 1 მილიონი მგზავრი მათი რეგულარული და მუდმივი მომხმარებელია, თუმცა არსებული ტენდენციის მიხედვით, უფრო და უფრო ცოტა ადამიანი გადაადგილდება საკუთარი ავტომობილით. სწორედ ამიტომ, Wiener Linien მუდმივად მუშაობს ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე. მაგალითად, კომპანია 2025 წელს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას გეგმავს, ქსელს წელს დაემატება 11 ლიფტი და 11 ესკალატორი, მათი ახალი ფუნქციები კი საზოგადოებრივ ტრანსპორტს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. გათვალისწინებულია აკუსტიკური ხმოვანი განცხადებები უსინათლოთათვის, ასევე ეკრანები სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის. Wiener Linien მოდერნიზაციაში დაახლოებით 6,3 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
ქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს ემსახურება 500 ტრამვაი, 450-ზე მეტი ავტობუსი და 160-ზე მეტი მიწისქვეშა მატარებელი. მთლიანობაში ქსელი თავისი 1000 სატრანსპორტო ერთეულით ერთდროულად 260 000-ზე მეტ ადამიანს იტევს.
U-Bahn ანუ მეტრო ქალაქის ძირითადი სატრანსპორო ხერხემალია და ქალაქის ყველა უბანს აკავშირებს ერთმანეთთან, ამავდროულად ის გადაადგილების კომფორტული, სწრაფი და საიმედო საშუალებაა. 5 მიწისქვეშა ხაზი მთლიანობაში 83 კილომეტრს ფარავს.
გამორჩეულია ვენის ტრამვაის ქსელი, ის თავისი 171 კილომეტრიანი ოპერაციული სიგრძით მსოფლიოში სიდიდით მეექვსე ადგილზეა.
ავტობუსები დამატებით დამხმარე ტრანსპორტად მიიჩნევა, რომლის ძირითადი მიზანი მეტროსა და ტრამვაის სადგურებს შორის კავშირის უზრუნველყოფაა, ადგილობრივი რკინიგზა კი ვენის გარეუბნებსა და მიმდებარე დასახლებებს აკავშირებს ქალაქის ცენტრთან.
Wiener Linien-ის ინფრასტრუქტურა ლიანდაგებისა და ავტობუსების ხაზების, მიწისქვეშა სადგურების გარდა, აერთიანებს ავტობუსების სამ ავტოფარეხს, ტრამვაის ათ დეპოს, სამ მიწისქვეშა სერვის სადგურს და მთავარ სახელოსნოს Simmering-ში.
კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა. მთლიანობაში, სისტემაში 8700 ადამიანი მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია თავად სთავაზობს მსურველებს სასწავლო პროგრამებს და 200-ზე მეტ შეგირდს პერსპექტიულ პროფესიულ სფეროებში ამზადებს. სტაჟირების ახალი კამპუსი კომპანიამ 2023 წლის შემოდგომაზე გახსნა და შეგირდების რაოდენობის 480-მდე გაზრდას გეგმავს. მოთხოვნა კომპანიის სისტემაში მუშაობაზე მაღალი რომ არის სტატისტიკაც ადასტურებს, მაგალითად, კომპანიის HR განყოფილება წელიწადში 20 000-ზე მეტ განაცხადს განიხილავს.
რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, მიიჩნევა, რომ ვენაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სულაც არ არის ძვირი, ღირებულება 1 ევროა და ამ ბილეთით შესაძლებელია სხვადასხვა ტრანსპორტით გადაადგილება. მოქმედებს სხვადასხვა ტიპის აბონემენტი. ყველაზე ძვირად ღირებული წლიური აბონიმენტია, რომლის ფასი 365 ევროა.
კვლევის მიხედვით, ევროპის ქვეყნების დედაქალაქების მცხოვრებლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით უსაფრთხოების მაღალი აღქმა აქვთ, თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა რომში. აქ მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები (45%) მიიჩნევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას უსაფრთხოდ.
იტალიის დედაქალაქმა ყველაზე დაბალი ქულები დააგროვა ოთხ ძირითად ინდიკატორში: უსაფრთხოება, წვდომის გამარტივება, სიხშირე და საიმედოობა.
სხვათა შორის, უამრავი უკმაყოფილო მოგზაური და ტურისტი იძებნება ინტერნეტში, რომლებიც რომის სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობაზე წერს.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, იტალიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა რამდენიმე პრობლემის წინაშეა. ავტობუსები, მატარებლები და მეტრო განსაკუთრებით პიკის საათებში ზედმეტად გადატვირთულია, ინფრასტრიქტურის დიდი ნაწილი ძველია და განახლებას საჭიროებს.
ხშირად აკრიტიკებენ Agenzia del trasporto autoferrotranviario del Comune di Roma-ს (ATAC), სწორედ ეს კომპანიაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორი. ATAC წლების განმავლობაში ბევრი გამოწვევის წინაშეა. მას ძირითადად უჩივიან ცუდი სერვისის, მოცდის გრაფიკისა და სატრანსპორტო საშუალებების გადატვირთულობის გამო.
აღსანიშნავია, რომ რომის მეტროში მხოლოდ სამი ხაზია და ერთ-ერთი ყველაზე პატარაა ევროპაში. ესეც, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეტროთი ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებამდე მისვლა მაინც შესაძლებელია.
ევროკავშირში ტრანსპორტის დეკარბონიზაციის გაძლიერების გეგმაში მითითებულია, რომ ევროკავშირის ქალაქების უმრავლესობა ორიენტირებულია მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემისკენ და არსებობს კერძო ავტომობილების შემცირების ტენდენცია, თუმცა რომი მაინც რჩება ისეთ ქალაქად, სადაც კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია.
რომისთვის 2025 საიუბილეო წელია. ქალაქი მილიონობით მომლოცველსა და ტურისტს ელის. ვიზიტორთა გაზრდილი ნაკადის ფონზე იგეგმება საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება, რაც მიზნად ისახავს მეტროს სისტემის განახლებას. იგეგმება ასევე ტრამვაის ახალი ხაზების დამატება მომდევნო 2 წლის განმავლობაში. ქალაქმა უკვე შეიძინა 121 ახალი ტრამვაი, რომელთაგან პირველი 40 ამოქმედდება 2025 წლისთვის, რაც გაზრდის როგორც გამტარუნარიანობას, ასევე საიმედოობას. ფინანსური რესურსი უკვე გამოიყო ველოსიპედისა და ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, მდგრადი და აქტიური სატრანსპორტო საშუალებების ხელშეწყობისთვის.