1727341440

ექსტერიერის დიზაინის ტრენდები კერძო სახლებისა და კოტეჯებისთვის

ექსტერიერი

ავტორი

ნინი მეტრეველი

ექსტერიერის დიზაინის ტრენდები კერძო სახლებისა და კოტეჯებისთვის

ბუნებისგან მიღებული შთაგონება 2024 წელს ტრენდია როგორც ინტერიერის, ისე - ექსტერიერის დიზაინში. ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც საკმაოდ პოპულარულია კერძო სახლები და კოტეჯები, რომელთა დიზაინიც იდეალურ ჰარმონიაშია ბუნებასთან.

ამის უზრუნველსაყოფად, დიზაინერები ბუნებრივ მასალებს იყენებენ. დამუშავებული ხე, ქვის ფასადი და ლითონის დეტალები ერთი მხრივ, ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და, მეორე მხრივ - ბუნებრივ იერს აძლევს შენობას. საკმაოდ ტრენდულია დაუმუშავებელი აგურის, ლითონის სვეტებისა და ალუმინის კარ-ფანჯრის გამოყენებაც. თუ ამ ყველაფერს მზის პანელებიც ემატება, მაშინ კოტეჯი სრულყოფილად ეკომეგობრულიც გამოვა.

რაც შეეხება ფერებს - დიზაინერების თქმით, თანამედროვე ესთეტიკა, უმეტესად, ნეიტრალურ ფერებს ეყრდნობა, რომელიც აუცილებლად კონტრასტში უნდა იყოს ხისა და ქვის ელემენტებთან. გარდა ამისა, მეტი თავისუფლებისა და სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის დიდი ფანჯრები, შუშის კარები, ფართო ტერასები. ტერასებს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა, რადგან არქიტექტორ-დიზაინერები აქ შიდა და გარე სივრცეებს აერთიანებენ.

ფასადის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ტრენდული ელემენტი ვერტიკალური ბაღებია. ექსტერიერზე დატანილი გამწვანება, უმეტესად, ურბანულ გარემოში გამოიყენება - იქ, სადაც ეზოსთვის განკუთვნილი სივრცე, შესაძლოა, საკმარისი არ იყოს. ვერტიკალური ბაღები, ანუ მცენარეებით დაფარული სახლის ფასადი, გარდა იმისა რომ სახლის ვიზუალს უფრო მიმზიდველს ხდის, ჰაერის ხარისხსაც აუმჯობესებს.

იმისთვის, რომ შენობა შთამბეჭდავი გამოვიდეს, დიზაინერები მფლობელებს ურჩევენ, გარკვეული დეტალები მკვეთრი ფერით გამოხატონ. ნათელი ლურჯი, კაშკაშა მწვანე, ან 2024 წლის ყველაზე ტრენდული - ტერაკოტის ფერი შემოსასვლელი კარისთვის ყველაზე პოპულარული არჩევანია.

სხვათა შორის, შემოსასვლელი კარის მნიშვნელობაზე არაერთი პოპულარული გამოცემა წერს. მათ შორისაა მარტა სტიუარტის ვებგვერდიც. აქ წააწყდებით სტატიას, რომელშიც, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გარდა აღნიშნულია, რომ წლის ტენდენცია ძველისა და ახლის შერწყმაა. მაგალითად, საკმაოდ ტრენდულია ტექსტურების გაერთიანება - ძველი, განსხვავებული დიზაინის შემოსასვლელი კარის დატოვება და თანამედროვე ფანჯრების დაყენება. გამოცემის რესპონდენტი ცნობილი არქიტექტორ-დიზაინერი ნადია პალაჩიოსია. ის აღნიშნავს, რომ შემოსასვლელი კარის დიზაინი ფასადში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს.

„შთამბეჭდავი კარი ერთგვარი სამკაულია - კლასიკური ელემენტი თანამედროვე დიზაინში. ტრენდულია პრიალა, მუქი მწვანე ფერი, მბზინავი სპილენძის ტექსტურა ვინტაჟური ელემენტებითა და სახელურით,“ - განმარტავს ნადია პალაჩიოსი.

სახლის ფასადთან ერთად, დიდი ყურადღება ეთმობა ეზოსაც. მიმდინარე წლისთვის სიახლე ისაა, რომ ეზოს გასამწვანებლად აღარ ენიჭება უპირატესობა ხელოვნურ ბალახს, იდეალურად გაკრეჭილ მცენარეებს და სიმეტრიულად განლაგებულ ხეებს. პირიქით, ტრენდული გახდა ასიმეტრია და სხვადასხვა სიმაღლის მცენარეები. ასევე, არქიტექტორ-დიზაინერები ცდილობენ, ეზოს ნაწილი მაინც არა მხოლოდ დასასვენებელ სივრცედ, არამედ ნამდვილ საცხოვრებელ, ან გასართობ ზონად აქციონ, რადგან ეს ბუნებასთან მაქსიმალურ სიახლოვეს უზრუნველყოფს.

და ბოლოს - ღობე, რომელიც სახლის ფასადზე არანაკლებ მნიშნველოვანი დეტალია. წლების განმავლობაში, ტრენდული იყო ფერადი, მხიარული ღობეები. თუმცა, მიმდინარე წელს დიზაინერები უპირატესობას ნეიტრალურ ტონებს ანიჭებენ. ფიქრობენ, რომ აუცილებელია ღობე სახლის საერთო ფერთა პალიტრაში ჯდებოდეს და საერთო დიზაინის ნაწილად აღიქმებოდეს. ღობისთვისაც, უმეტესად, ბუნებრივი მასალები შეირჩევა.

2024 წელს ექსტერიერის დიზაინის მთავარი ტრენდი გულისხმობს როგორც ბუნებრივ ვიზუალს, ისე - შენობის ეკომეგობრულობას. ასეთ შედეგს კი ბუნებრივი მასალების, ჭკვიანი ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიურად სუფთა ადგილმდებარეობის კომბინაციით ვიღებთ.

სიახლეები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

ინოვაცია

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები