1751043395
ავტორი
ბაკურ გაბუნია
რუსთავში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ქალაქია საქართველოში, წლებია მძიმე ეკოლოგიური პირობებია. ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონე რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქვეყნის მასშტაბით, არაერთი კვლევა ადასტურებს. ძირითად დამაბინძურებლებად მეტალურგიული ქარხნები, სატრანსპორტო მოძრაობა და მწვანე სივრცეების დეფიციტი სახელდება.
რუსთავი მოხვდა მთავრობის მიერ გაწერილი ატმოსფერული ხარისხის მართვის გეგმაში, იმ ქალაქების ჩამონათვალში, სადაც მავნე ნივთიერებათა დონეები ზღვრულად დასაშვებ ნორმებს აჭარბებს. გეგმა ძალაში 2022 წელს შევიდა, თუმცა როგორც ამავე გეგმაშია მითითებული, გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, ჰაერის დაბინძურება კვლავ პრობლემაა და საჭირო გახდა ახალი გეგმის მომზადება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020-2022 წლის გეგმის მიხედვით 58 453 კვ.მ. ფართობზე მოეწყო ტროტუარები, ველობილიკები, განახლდა ავტობუსების პარკი, გაუმჯობესდა გაჩერებების ინფრასტრუქტურა, ქალაქს შეემატა ნარგავები, შეიქმნა და განახლდა რეკრეაციული ზონები, თუმცა იქვე ნათქვამია, რომ ამ გეგმის განხორციელების პროგრესმა, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 87% შეადგინა. დაგეგმილი აქტივობებიდან განხორციელებული იყო სამოქმედო გეგმის აქტივობების 63%, მეტწილად შესრულდა აქტივობების 30%, ხოლო ნაწილობრივ — 7%. წინსვლაა გეგმის გავლენისა და ამოცანების შედეგის ინდიკატორების მიღწევის მიმართულებითაც.
„მიუხედავად 2020-2022 წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესება საბაზისო დონესთან შედარებით ვერ მოხერხდა. პრობლემის გადაჭრისათვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს რუსთავში არსებული მსხვილი საწარმოო ობიექტების მიერ ჰაერდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობა. ასევე, გამოიკვეთა დამატებითი ძალისხმევის მობილიზების საჭიროება რუსთავში დაგეგმილი მწვანე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების სრულად განსახორციელებლად”, — ნათქვამია 2023-2025 წლების გეგმაში.
2022 წლის ინდიკატორული გაზომვის შედეგად, რუსთავში ჰაერის დამაბინძურებელი სხვადასხვა მაჩვენებლის დარღვევა და ნორმაზე მაღალი მტვრისა და მყარი ნაწილაკების დონე დაფიქსირდა. ამას ხმაურის დაბინძურება და საშიში ნარჩენები კიდევ უფრო ამძიმებს.
ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გარემოსდაცვითი გამოწვევა ინდუსტრიული ქალაქისთვის მწვანე ზონების ნაკლებობაა. დიდი ინდუსტრიული ზონების ფონზე, ბოლო პერიოდში მომატებულმა მშენებლობებმა ბუნებრივი საფარი კიდევ უფრო შეამცირა. სამოქმედო გეგმაში გაწერილია კონკრეტული ღონისძიებები ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად. უპირველესი ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირებაა, ამისთვის კი უნდა შემცირდეს სამრეწველო და სამშენებლო სექტორებიდან გაფრქვევები. იგეგმება როგორც სამრეწველო საწარმოების მიერ, ისე მშენებლობის პროცესში ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობის ინტენსივობის გაზრდა. ასევე, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული იმ საქმიანობების იდენტიფიცირება, რომლებიც დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს და მათთვის დაწესდება კონკრეტული, სავალდებულოდ შესასრულებელი ქმედებები მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირების მიზნით.
გეგმაშია ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინტენსივობის შემცირება და ალტერნატიული საშუალებების გამოყენება, ან ეკომეგობრული ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა. ამ მიმართულებით მცირე ნაბიჯი უკვე გადაიდგა. მაგალითად, თბილისსა და რუსთავს შორის ამ დროისთვის ევრო 6-ის სტანდარტის ახალი თანამედროვე ავტობუსები დადის. ერთი სიტყვით, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
სწორედ ამ რეალობაში იგეგმება პროექტი, რომელიც ახალ იმედს აჩენს ადგილობრივ მცხოვრებლებში. ქალაქს, რომელიც საქართველოს ქალაქებს შორის სიდიდით პირველ ხუთეულში შედის, მალე გამორჩეული რეკრეაციული ზონა ექნება. ყოველ შემთხვევაში, ქალაქისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანება უკვე ოფიციალურად დააანონსა.
პროექტის განხორციელება რუსთავისთვის, სადაც ეკოლოგიური მდგომარეობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახარბიელო სულაც არ არის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. უკვე გაწერილი გეგმით, ჭალის ტყის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს და უნდა აღდგეს უნიკალური ეკოსისტემა, რაც ქალაქის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად წაადგება.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ პროექტი ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა და მის განსახორციელებლად 900 ათასი ლარი გარემოსდაცვითი ფონდიდან გამოიყო.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ამბობს, რუსთავის ჭალის ტყის პროექტი პირველია, რომელიც გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, ფონდი კი რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და სწორედ გარემოსთვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ გადახდილი თანხებით ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.
ამ ეტაპზე რუსთავის ჭალის ტყის ტერიტორიაზე 900-მდე ახალი ნერგია დარგული. პროექტის ფარგლებში, 20 000 ენდემური მცენარე (მუხა, თელა და ფშატი) დაირგვება, გათვალისწინებულია ტურისტული ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო სივრცეების მოწყობა. ასევე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვებისთვის საჭირო ფოტოხაფანგები; გაკეთდება წყლის გამწმენდი ბარიერები მდინარე მტკვრის მყარი ნარჩენებისგან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
ოფიციალური მონაცემებით, რუსთავის ჭალის ტყე მტკვრის ორივე სანაპიროზეა გაშლილი და მისი ფართობი 320 ჰექტარია. ამ სივრცეს მნიშვნელოვანი ზიანი ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს მიადგა. როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ გვერდზეა მითითებული, ბოლო 20 წლის განმავლობაში ჭალის ტყე გარეშე ჩარევის გარეშე ნაწილობრივ აღდგა, თუმცა მისი განვითარების სტრატეგია არ არსებობდა და მასზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
პროექტი ქალაქისთვის, რომ მნიშვნელოვანია ნათელია, თუმცა მთავარია ის დროულად განხორციელდეს და ბევრი პირობის მსგავსად ვადაში უსასრულოდ არ გაიწელოს.