1742823780

საიდან მარაგდება თბილისი სასმელი წყლით

ჰედერ

ავტორი

ბაკურ გაბუნია

ადამიანებს გვჩვევია, როდესაც ყველაფერი რიგზეა, ამას უბრალო მოცემულობად აღვიქვამთ, მაგრამ პრობლემის წინაშე რომ აღმოვჩნდებით, მხოლოდ მაშინ გვახსენდება, რამდენი შრომა, სწორი გადაწყვეტილებები, სისტემის გამართულად მუშაობა და ადამიანური რესურსი სჭირდება, რომ თბილისის თითოეულ საცხოვრებელ სახლში, სუფთა და ჯანსაღი სასმელი წყალი უწყვეტად მოგვეწოდებოდეს.

ზოგადად, სუფთა წყალი, ცივილიზაციების შემქმნელ და მაცოცხლებელ ძალად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო. უძველესი ხალხი საცხოვრებლად მდინარეების სანაპიროებს ირჩევდა, რადგან სწორედ წყალი წარმოადგენდა მათი სიცოცხლისა და განვითარების მთავარ საყრდენს. საუკუნეების განმავლობაში, კაცობრიობამ შექმნა მრავალი სისტემა და ტექნოლოგია, რათა დასახლების წყალმომარაგება მარტივი და უსაფრთხო გამხდარიყო. უძველეს ეპოქებში, ცივილიზაციები, როგორებიც იყვნენ მესოპოტამიელები, ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელები, ქმნიდნენ ბრწყინვალე ნაგებობებს — წყლის მიწოდებისა და განაწილების სისტემებს — რომლებიც თანამედროვე ინჟინერიის საფუძვლად იქცა. მაგალითისთვის, მესოპოტამიაში იყენებდნენ საირიგაციო არხებსა და კაშხლებს, ავსებდნენ ჭებსა და ცისტერნებს. რომალები კი წყალმომარაგების სისტემის ნამდვილი ოსტატები იყვნენ. მათ შექმნეს აკვედუკები — მაღალი, გრანდიოზული არქიტექტურული ნაგებობები, რომლებშიც მთიდან და მდინარეებიდან თვითდინებით მიემართებოდა წყალი ქალაქებისკენ. რომაელთა ათეულობით აკვედუკით მარაგდებოდა შადრევნები, აბანოები, საცხოვრებელი სახლები და სარწყავი სისტემები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია კლავდიის აკვედუკი, რომელიც 69 კილომეტრზე იყო გადაჭიმული.

დღესაც სუფთა წყალი ისეთივე მნიშვნელოვანი რესურსია, როგორც წარსულში და მისი ეფექტიანი მართვა განსაზღვრავს ჩვენი ქალაქების კეთილდღეობას და, პირველ რიგში, მოქალაქეების ჯანმრთელობას. რაც უფრო იზრდება ქალაქი, მით უფრო რთული და აუცილებელი ხდება წყალმომარაგების სისტემების სრულყოფა და განვითარება.

გადმოვინაცვლოთ თბილისში. ადრე თბილისელები სასმელად მტკვრის წყალსაც იყენებდნენ. როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მეთულუხჩეები, ძველი თბილისისთვის ნაცნობი და უაღრესად მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებიც ქალაქისთვის სასმელი წყლის მიმწოდებლები იყვნენ. სიტყვა თავად წყლის საზიდავი რუმბის სახელწოდებიდან მოდის — თულუხი, რაც თურქულ ენაზე ტიკს ნიშნავს. თულუხს ამზადებდნენ ხარის ან კამეჩის ტყავისგან, იტევდა დაახლოებით 4 ფუთ წყალს და გადაკიდებული იყო ცხენის ან სახედრის ზურგზე. თულუხები მოგვიანებით ხის კასრებით შეიცვალა, მაგრამ სახელი მაინც ძველი შემორჩა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მეთულუხჩეები ხშირად მეხანძრეთა მოვალეობასაც ასრულებდნენ.

XIX საუკუნეში თბილისში 5 მცირე სიმძლავრის წყალსადენი მოქმედებდა. მაშინდელი სტატისტიკური მონაცემებით, 1 სულ მოსახლეზე 4 ლიტრი წყალი მოდიოდა. 1862 წელი თბილისის ცენტრალიზებული წყალმომარაგების ჩამოყალიბების თარიღად არის მიჩნეული, როდესაც მტკვრის ფილტრატების ბაზაზე მცირე სიმძლავრის, ყორღანოვის სახელით ცნობილი, ცენტრალიზებული წყალსადენი აშენდა და 1887 წლამდე იარსება. 1880-იანი წლების ბოლოს ავჭალის წყალსადენი აშენდა, რომელიც 46 წლის მანძილზე თბილისის წყალსადენის ერთადერთ ცენტრალიზებულ სისტემას წარმოადგენდა.

XIX საუკუნის ბოლოს, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ყურადღება გამახვილდა მდინარე არაგვის ფილტრატებზე, ნატახტრისა და ბულაჩაურის მიწისქვეშა წყაროებზე. არაგვის ხეობაში საძიებო სამუშაოებს ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები აწარმოებდნენ.

თბილისისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგების ძირითადი წყაროებია მდინარე არაგვი და მისი ფილტრატები, რომლის მეშვეობით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას ამარაგებს სასმელი წყლით. მდინარე არაგვი საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის, აგრეთვე მყინვარების დნობის შედეგად მიღებული წყლებით. მდინარე არაგვის ფილტრატები, იგივე წყაროები ამოედინება ჟინვალში, ბულაჩაურში, ჭოპორტში, საგურამოსა და ნატახტარში.

თბილისის წყალსაცავი

თბილისის წყალსაცავი (ე. წ. თბილისის ზღვა) მდებარეობს თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სიგრძე - 8.75 კმ, ხოლო მაქსიმალური სიგანე – 1.85 კმ.-ია. პირველ ეტაპზე წყალსაცავი საზრდოობდა მხოლოდ მდინარე ივრის წყლით. ჟინვალის წყალსაცავის ამოქმედების შემდეგ, 1985 წლიდან, თბილისის წყალსაცავი, ძირითადად, მდინარე არაგვის წყლით იკვებება. წყლის მაქსიმალური მოცულობა 308 მლნ მ3-ია, მაქსიმალური კი სიღრმე 45 მეტრამდე აღწევს. წყალსაცავი ექსპლუატაციაში შევიდა 1953 წელს.

ჟინვალის წყალსაცავი

ჟინვალის წყალსაცავი მოქცეულია ალევის, გუდამაყრისა და ქართლის ქედებს, სოფელ ანანურსა და დაბა ჟინვალს შორის. მოწყობილია 102 მ. სიმაღლის მიწის კაშხალი, ფართობი შეადგენს 11,5 კმ². წყლის მოცულობა 520 მლნ. მაქსიმალური სიღრმე კი 75 მეტრია. შეიქმნა 1985 წელს მდინარე არაგვის ხეობაში. მდინარე არაგვის ნაწილი, სადაც ჟინვალის წყალსაცავი აშენდა, გაუქმდა და აქ მდინარის ეკოსისტემა აღარ არსებობს. ჟინვალის წყალსაცავის დანიშნულებაა თბილისისა და ქალაქ მცხეთის სასმელი წყლით მომარაგება.

ბულაჩაურის სათავე ნაგებობა

განთავსებულია მდინარე არაგვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, 242 ჰექტარ ფართობზე. მისი წარმადობა, საშუალოდ, 3000 ლ/წმ შეადგენს. აქედან 2000 ლ/წმ სასმელი წყალი თვითდინებით მიეწოდება თბილისს, ხოლო 1000 ლ/წმ სასმელი წყალი გადაიქაჩება საგურამოს წყალსადენის სამიჯნე კამერაში.

ჭოპორტ-მისაქციელის სათავე ნაგებობა

მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე და მოიცავს 975 ჰექტარს. წარმადობა, საშუალოდ, შეადგენს 1300 ლ/წმ. სასმელი წყალი თვითდინებით შეედინება საგურამოს სამიჯნე კამერაში.

ნატახტრის სათავე ნაგებობა

პირველი უნიკალური სიფონური წყალსადენი, 1300 ლ/წმ წარმადობით, ექსპლუატაციაში შევიდა 1933 წელს. მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე და მოიცავს 250 ჰექტარს. აქედან სასმელი წყალი თვითდენით მიეწოდება თბილისს.

მუხრანის ველის არტეზიული წყალსადენი

მდებარეობს სოფელი ნატახტრის მიმდებარედ და მოიცავს 151 ჰექტარს. წარმოადგენს 40 ჭაბურღილის ერთიანობას, რომელიც იძლევა 1200 ლ/წმ წყალს და შეედინება ნატახტრის სამიჯნე კამერაში, საიდანაც მიეწოდება თბილისსა და ქალაქ მცხეთას.

საგურამოს სათავე ნაგებობა

საგურამოს წყალსადენის წარმადობაა 3000 ლ/წმ და ძირითადად საზრდოობს მიწისქვეშა წყლებით. აქედან სასმელი წყალი ტუმბოებით მიეწოდება თბილისს.

სამგორის სათავე ნაგებობა

სამგორის სათავე ნაგებობის საერთო ფართი 3000 მ2-ია. ტერიტორიაზე განთავსებულია 50 ფილტრი, 6 მიწისქვეშა რეზერვუარი და 3 სატუმბო სადგური. საფილტრე სადგურში გამართულია კოაგულირებისა და ქლორირების სისტემები. წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით სამგორის სათავე ნაგებობაზე ფუნქციონირებს ქიმიური ლაბორატორია.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერ

მკვლელი ხიდების ქალაქი

1742306940

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები