1727262540
ავტორი
ადმინისტრატორი
თბილისში რომ უძრავი ქონების ფასები წლიდან წლამდე იზრდება, ამაზე უკვე დიდი ხანია ყველა ხმამაღლა საუბრობს. მიზეზად ხან პანდემია დასახელდა, ხან რუსეთის აგრესია უკრაინაში და უკრაინიდან სამშენებლო მასალების შემოტანის გართულება. ბოლოს ყველაფერი მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით განიმარტა. დღეს ცენტრალურ უბნებში მდებარე ძველი ბინების საყიდლად გადახდილ დაუჯერებელ თანხებს უკვე ჩვეულებრივ ამბად ვიღებთ.
ამ საკითხის მეგობრებთან განხილვისას, აუცილებლად წამოსცდება ხოლმე ვინმეს: „მაგ ფასად იტალიაში სამსართულიან ვილას იყიდი უპრობლემოდ“. რომ არ ვივარაუდოთ, გადამოწმებულ ინფორმაციას გთავაზობთ - 5 უძრავი ქონება, რომლებსაც 100 000 დოლარის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყანაში შეიძენთ.
საფრანგეთის პატარა სოფელში, პაზიოლში, 51 მ2 ქვის სახლი 99 398 დოლარად იყიდება. სივრცე სრულადაა გარემონტებული და, რაც მთავარია, ადგილობრივი ხასიათი ინტერიერის დიზაინშიც შენარჩუნებულია. პირველ სართულზე სამზარეულო/სასადილო ოთახი და აბაზანაა განთავსებული, მეორეზე კი - მისაღები ოთახი და საძინებელი.
თუ ზღვის პირას პატარა ბინას ეძებთ, ესპანეთის პატარა ქალაქები შეათვალიერეთ. მაგალითად, ტორევიხაში 56 მ2 ფართის სტუდიო ტერასით, რომელიც ზღვის სანაპიროდან 600 მეტრში მდებარეობს, 100 000 დოლარი ღირს. ბინა სრულადაა აღჭურვილი და კეთილმოწყობილი. მეტიც, კორპუსს საკუთარი საცურაო აუზიც აქვს.
სიცილიაზე, პალერმოს პროვინციაში, ლასკირიში ზუსტად 100 000 დოლარად 3-საძინებლიან ბინას შეიძენთ. ბინის საერთო ფართი 109 მ2-ია. ბინაში ძველი, მაგრამ გემოვნებიანი რემონტია. თუმცა ავეჯის დამატება აუცილებლად მოგიწევთ.
საბერძნეთის მშვიდ და მყუდრო სოფელში, კარველიში, 2-სართულიან სახლს მფლობელი 73 000 დოლარად ყიდის. როგორც მეპატრონე აღწერს, ტერიტორია ლაშქრობისა და მთაში დასვენების მოყვარულთათვის იდეალურია. სახლის პირველი სართული 70 მ2-ს მოიცავს და განლაგებულია მისაღები ბუხრით, სამზარეულო, საძინებელი, სველი წერტილი და დიდი აივანი. მეორე სართულზე კი რემონტი ჯერ არ დასრულებულა. სახლს აქვს საკმაოდ დიდი, გამწვანებული ეზო, რომლის ფართიც დაახლოებით 2000 მ2-ია.
ტრადიციულ ბერძნულ სტილში გადაწყვეტილი პატარა ბინა კუნძულ კრეტაზე, სულ რაღაც, 72 657 დოლარად იყიდება. ბინა მეთევზეთა ისტორიულ სოფელში, მაკრიგიალოსში, მდებარეობს. საბერძნეთის ულამაზესი ქვიშიანი სანაპირო კი 600 მეტრშია. მართალია, საცხოვრებელი ფართი პატარაა, მაგრამ სიმშვიდისა და დასვენების მოყვარულთათვის იდეალური ადგილია, რადგან ბუნებასთან ახლოს, სიმწვანეში მდებარეობს.