1749923108
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
„ჩართე კონდიციონერი შენი რა მიდის“, „გაუსაძლისია ასე მგზავრობა“, „ნუ გადატენე მგზავრებით, ისედაც ვიხუთებით“ — დაიწყო ზაფხული და დაიწყო გაუთავებელი კამათი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლსა და მგზავრებს შორის. სამარშრუტო ტაქსების მგზავრებს ხშირად გვესმის განაწყენებული მძღოლების პასუხები, რომლებიც სხვადასხვაგვარია. ისინი ამბობენ, რომ მიკროავტობუსების უმრავლესობაში უკვე დიდი ხანია კონდიციონერი არ მუშაობს, ან ტექნიკურად გაუმართავია და ხან „უბერავს“ და ხან არა, ნაწილში ფრეონია ჩასასხმელი და ამას არავინ აქცევს ყურადღებას.
სიცხე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხოლოდ დისკომფორტი არ არის. ის რეალურად მართლაც უქმნის საფრთხეს მგზავრების ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ბავშვებს, ხანდაზმულებს, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებს. გარდა ამისა, ეს ქალაქისთვის ნიშნავს ახალი ტრანსპორტის გაუფასურებას, რომელშიც რამდენიმე წლის წინ არც თუ უმნიშვნელო ინვესტიციები ჩაიდო.
რამდენიმე წლის წინ, როცა თბილისში ახალი, ლურჯი მიკროავტობუსები გამოჩნდა, გაჩნდა იმედიც, რომ ქალაქში გადაადგილება იქნებოდა კომფორტული, ზამთრისა და ზაფხულის პირობებზე გათვლილი. უფრო მეტიც, ყვითელი მიკროავტობუსების ახლით ჩანაცვლება, მოსახლეობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებისა და პრობლემის მოგვარების სიმბოლოდაც აღიქვა, თუმცა კომფორტის შეგრძნება მალევე გაქრა...
თბილისში ახალი მიკროავტობუსების გამოჩენისთანავე რეგულაცია დაწესდა. ტრანსპორტში ფეხზე, მაქსიმუმ 4 მგზავრი უნდა მდგარიყო. მოთხოვნამ არ გაამართლა, რადგან მომძლავრებულ მგზავრთნაკადს მცირე რაოდენობის სამარშრუტო ტაქსები ვერ გაუმკლავდა. პრობლემის მოგვარების და ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ახალი სამარშრუტო ტაქსები ჯერ იყო და ფაქტობრივად კუსტარულად გადაკეთდა, შემდგომ კი მგზავრთა რაოდენობაც უკონტროლოდ გაიზარდა.
უკვე მოძველებული ლურჯი მიკროავტობუსების პრობლემა ერთი კონკრეტული ხარვეზი არ არის, ეს ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაკლოვანებებზე, კონტროლისა და მონიტორინგის სისუსტეზე, ტექნიკის მოვლის არ არსებობასა და მგზავრთა პრობლემების იგნორირებაზე მეტყველებს.
უმადურობა რომ არ გამოგვივიდეს, იმასაც ვიტყვით, შეგვიძლია დავინახოთ რეალობა, ქალაქში ნამდვილად დადის უფრო მეტი ავტობუსი, ვიდრე წლების წინ, ბევრ მათგანში ნამდვილად არის ზაფხულში სიგრილე და ზამთარში სითბო, თუმცა ფაქტია, რომ ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები ძველდება. ეს ბუნებრივიცაა, ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას ცვეთა ახასიათებს და მას მუდმივად მოვლა-განახლება სჭირდება. გამართული კონდიცირება კი სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
დაინტერესებული ადამიანი ინტერნეტშიც კი ადვილად მოიძიებს ინფორმაციას, როგორ უვლიან ევროპის სხვადასხვა ქალაქის სატრანსპორტო კომპანიები სატრანსპორტო პარკს. მათ უმრავლესობაში ზაფხულის ცხელ დღეებში ტრანსპორტის ხაზზე გასვლამდე აუცილებლად მოწმდება კონდიცირების სისტემის გამართულობა, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კი ასეთი ტრანსპორტი ქსელიდან იხსნება და შეკეთებას ექვემდებარება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი თბილისში ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც დედაქალაქის ქუჩებში პირველად გამოჩნდა გერმანული წარმოების MAN-ის 143 ავტობუსი. ეტაპობრივად, თბილისს 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები შეემატა და ამ დროისთვის მათი რაოდენობა 1000 ერთეულს აღემატება. დაახლოებით ამდენივეა მიკროავტობუსიც.
მთლიანობაში, როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზეა მითითებული, ყოველდღიურად მეტროს 450 000 - 500 000 მგზავრი გადაჰყავს, 500 000 - 540 000 ავტობუსებს, მიკროავტობუსებით 215 000 ადამიანი მგზავრობს, 5000 - 6000 კი საბაგიროს იყენებს.
თბილისის სატრანსპორტო გეგმაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გეგმა ფოკუსირებულია ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მომსახურების უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაზე, გაჩერებების გაუმჯობესებაზე, სისუფთავესა და კომფორტის შექმნაზე. ეს კარგი გათვლაა, თუმცა ფაქტია, რომ ქალაქს სჭირდება არა მხოლოდ გეგმები, არამედ მუდმივი ტექნიკური მონიტორინგი, სისტემა, რომელიც მგზავრის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული და ვიდრე მიკროავტობუსი „გაუსაძლისი სიცხის“ სინონიმია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გახდება კერძო ავტომობილის ალტერნატივა, როგორც ეს ქალაქის მმართველებს აქვთ დაგეგმილი.