1731924461
ავტორი
ნინი მეტრეველი
სინგაპურში მდებარე 23 სართულიანი სასტუმრო — Pan Pacific Orchard — პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდოს მფლობელი გახდა და მსოფლიოში საუკეთესო ცათამბჯენის ტიტული მოიპოვა. არქიტექტურული კომპანიის, WOHA-ს მიერ განხორციელებული პროექტი ამერიკული ორგანიზაციის, ცათამბჯენების საბჭოს (CTBUH) კონკურსის გამარჯვებულია. ორგანიზაცია ამერიკის შეეღთებულ შტატებში 1969 წელს დაარსდა და სამშენებლო კომპანიებს მდგრადი და ეკომეგობრული პროექტების განხორციელებისკენ მოუწოდებს.
სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს სინგაპურში მდებარე 350 ნომრიანი სასტუმროც, რომლის განასკუთრებული მახასიათებელიც შენობის შუაში შეჭრილი დიდი, გამწვანებული ტერასებია.
„სასტუმრო ბუნებაში“ — ასე დაერქვა პროექტს, რომლის მიზანიც ტრადიციული ცათამბჯენის კონცეფციის შეცვლაა. როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, სასტუმრო პასუხობს სინგაპურის მთავარ გამოწვევას და, ვერტიკალური ბაღების გამოყენებით, ქალაქში გამწვანება შეაქვს.
„WOHA-ში გვჯერა, რომ შესაძლებელია ბუნებასთან ინტეგრირებული ცათამბჯენების შექმნა. Pan Pacific Orchard-ის პროექტის განხორციელება კი ადასტურებს, რომ შეგვიძლია შევქმნათ შენობები, რომლებიც სასარგებლო იქნება როგორც ადამიანებისთვის, ისე — პლანეტისთვის“, - განმარტავს WOHA-ს დამფუძნებელი მუნ სუმ ვონგი.
სასტუმროს შენობა ოთხ გამწვანებულ ტერასას მოიცავს და თითოეული მათგანის კონცეფცია განსხვავებულია. ტერასების განლაგება ხელს უწყობს შენობის ჯვარედინ ვენტილაციასაც, რაც სინგაპურის ნოტიო კლიმატის გათვალისწინებით, პროექტის ავტორთათვის გადამწყვეტი ფაქტორი იყო. მათივე თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, შეიქმნა ოაზისი ბეტონის ჯუნგლებში და იგრძნობა ბუნებასთან ღრმა კავშირი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზეც კი.
Pan Pacific Orchard ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ერთ სივრცეში გაერთიანდეს მდიდრული ცათამბჯენი და ბუნებასთან სიახლოვე. კონკურსის ორგანიზატორებს სურთ, რომ მსგავსი ღონისძიებებით სხვა კომპანიებსაც მოუწოდონ, ორიენტირდნენ ეკომეგობრულ, მწვანე პროექტებზე.