1735369440
ავტორი
მეკო მეტრეველი
შობისა და ახალი წლის დღესასწაულის მთავარი სიმბოლური ელემენტი ნაძვის ხეა, რომელიც წელიწადის ამ დროს ყველა ოჯახსა და სივრცეში გვხვდება და ამაღლებულ განწყობას, ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის. ნაძვის ხის მორთვა ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების ერთგვარი გამაერთიანებელი რიტუალია, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს და ტრადიციებს, სასიამოვნო მოგონებებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში შობასა და ახალ წელს განსხვავებულად აღნიშნავენ, ნაძვის ხე არის ის საერთო ელემენტი, რომელიც თითქმის ყველა კულტურაში გვხვდება.
შობისა და ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური თემაა ნაძვის ხის ტიპი და ნაძვის ხის დეკორაციები, როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში, რადგან დეკორაციაც და ნაძვის ხეც დღესასწაულის მთავარი ელემენტია და სწორედ ის განსაზღვრავს სადღესასწაულო გარემოს.
ადამიანებს ხშირად უჭირთ არჩევანის გაკეთება ბუნებრივ და ხელოვნურ ნაძვის ხეს შორის. ორივე მათგანს თავისი გამორჩეული სახასიათო ნიშნები და უპირატესობები აქვს, რომლებსაც დღევანდელ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ.
დღესდღეობით, ადამიანთა უმეტესობა საცხოვრებელ თუ კომერციულ სივრცეებში უმეტესად ხელოვნურ ნაძვის ხეს დგამს, რაც ხელოვნური ნაძვის ხის არაერთი უპირატესობით არის განპირობებული.
პირველ რიგში, ხელოვნური ნაძვის ხე კომფორტული, ეკოლოგიური და ხშირ შემთხვევაში ეკონომიური გადაწყვეტილებაა, რომელიც ბაზარზე ფართოდ არის გავრცელებული და სხვადასხვა სტილისა თუ დიზაინის დამსახურებით ნებისმიერი ტიპის სივრცეს ერგება.
ხელოვნური ნაძვის ხის უპირატესობები საკმაოდ მრავალმხრივია:
მრავალჯერადი გამოყენება — შეიძლება ითქვას, ხელოვნური ნაძვის ხე ერთჯერადი ხარჯია, რომლის გამოყენება ათწლეულების განმავლობაში შეგიძლიათ, რაც, თავისთავად ცხადია, საკმაოდ პრაქტიკულს ხდის მის მოხმარებას - ყოველ წელს აღარ გიწევთ მისი შეძენა და საახალწლო ხარჯებსაც საგრძნობლად ზოგავთ.
კომფორტული გამოყენება — ხელოვნური ნაძვის ხე არ საჭიროებს ზედმეტ მოვლასა და გაფრთხილებას, მორწყვას, მისი აწყობა და დაშლა მარტივია, არ ქმნის ზედმეტ საზრუნავს, რაც ბუნებრივ ნაძვის ხეს ახასიათებს და თქვენს ენერგიას ზოგავს.
მრავალფეროვანი დიზაინი — ხელოვნური ნაძვის ხის უპირატესობები ყველაზე კარგად მისი მრავალფეროვანი დიზაინით დასტურდება. თანამედროვე ხელოვნური ნაძვის ხე განსხვავებული ზომის, დიზაინისა და ფერისაა, ამიტომ სასურველი საფასო კატეგორიისა და სტილის მოდელის მოძებნა არ გაგიჭირდებათ. ამასთან, შესაბამისი ზომისა თუ ფერის ნაძვის ხის მიხედვით უფრო მარტივია შეარჩიოთ საახალწლო სათამაშოები.
ეკოლოგიური ასპექტები — ეკოლოგიური უსაფრთხოება და გარემოზე ზრუნვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელოვნური ნაძვის ხის უპირატესობებიდან. ხელოვნური ნაძვის ხე მკვეთრად ამცირებს უკონტროლო ხის ჭრას, ტყეების გაჩეხას და ბუნებაზე ზრუნვას უწყობს ხელს.
ხელოვნური ნაძვის ხის ფასები — ხელოვნური ნაძვის ხის ფასები ბუნებრივ ხესთან შედარებით დაბალია, თუმცა ისინი ზომის, დიზაინის, დეკორაციისა და ფერის თვალსაზრისით ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, 150-180 სმ-ის მქონე სილიკონის მოდელები საშუალოდ 80-170 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო უფრო მაღალი ხელოვნური ნაძვის ხის ფასები დაახლოებით 300-4000 ლარია და დამოკიდებულია დიზაინზე, ბრენდსა და მასალის ხარისხზე.
ტრადიციულად სახლის საახალწლოდ მორთვა ბუნებრივ ნაძვის ხესთან ასოცირდებოდა. მარადმწვანე მცენარე სიცოცხლის, მუდმივობის სიმბოლოა, რომელსაც ოდითგანვე იყენებდნენ ინტერიერისა თუ ექსტერიერის გასაფორმებლად. ამიტომ ბუნებრივი ნაძვის ხე არა მხოლოდ საახალწლო დეკორატიული ელემენტია, არამედ დიდი ისტორიული, სიმბოლური დატვირთვის მატარებელი ნივთია, რომელიც სივრცეს განსაკუთრებულ ბრწყინვალებას და მიმზიდველობას სძენს.
ბუნებრივი ნაძვის ხის უპირატესობები რამდენიმე მახასიათებლით შეგვიძლია გამოვყოთ:
ცოცხალი და სურნელოვანი ინტერიერი — ბუნებრივი ნაძვის ხის მთავარი უპირატესობა ბუნებრივი სილამაზე, ავთენტიკურობა და სასიცოცხლო ენერგიაა, რომელიც ნებისმიერ სივრცეს გამორჩეულ იერსახეს, სიახლეს და ამაღლებულ განწყობას სძენს. ამასთან ერთად, წიწვების, ფისისა და ხის სურნელი სადღესასწაულო განწყობის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ახალი წლის მოლოდინს ზრდის.
მინიმალისტური დიზაინი — ბუნებრივი ნაძვის ხე, მისი ბუნებრივი სილამაზისა და მიმზიდველი ესთეტიკის გამო, არ საჭიროებს ზედმეტ დეკორაციებსა და საახალწლო მორთულობებს. შესაბამისად, მისი საზეიმოდ მოწყობა ბევრად მარტივია, არც დიდი თანხების გადახდა გიწევთ საშობაო დეკორაციებზე და მცირე დროს ხარჯავთ ელეგანტური, დახვეწილი დიზაინის მისაღებად.
ექსტერიერის განახლება — ბუნებრივი ნაძვის ხე ახალი წლის შემდეგ შეგიძლიათ თქვენს ეზოსა და ბაღში დარგოთ და ამით ხელი შეუწყოთ ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების განვითარებას.
ბუნებრივი ნაძვის ხის ფასი შედარებით მაღალია, მისი ღირებულება კი ნაძვის ხის ზომაზე და ტიპზეა დამოკიდებული. საშუალოდ ბუნებრივი ნაძვის ხის ფასი 200-300 ლარიდან იწყება და შესაძლოა 3000-4000 ლარს მიაღწიოს.
მყუდრო მისაღები ოთახი, საახალწლო დეკორაცია, განათება, ბუხარი, ულამაზესი ნაძვის ხე და ირგვლივ საყვარელი ადამიანები, ალბათ, საოცნებო სადღესასწაულო ღამე სწორედ ასეთია. იმისათვის, რომ ყველაფერი იდეალურად მოეწყოს, საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ, თუ როგორ შევარჩიოთ ნაძვის ხე. ნაძვის ხის შერჩევის კრიტერიუმები კი ასეთია:
ნაძვის ხის ტიპი — პირველი, რაც ნაძვის ხის შერჩევის კრიტერიუმებიდან უნდა გაითვალისწინოთ, მისი ტიპია. წინასწარ განსაზღვრეთ ხელოვნური და ბუნებრივი ნაძვის ხის უპირატესობები და ნაკლოვანებები, გაითვალისწინეთ თქვენი ინტერიერი, საცხოვრებლის ტიპი (კერძო სახლი თუ ბინა) და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.
ნაძვის ხის ზომა — ნაძვის ხის ზომა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან მისი უგულებელყოფა სახლში დისკომფორტს შეგიქმნით და არაპროპორციულ სადღესასწაულო დეკორაციას განაპირობებს. ცხადია, საშობაო გარემოს დიდი ზომის ნაძვის ხე განსაკუთრებით უხდება, მაგრამ თუ ის თქვენი ოთახის მოცულობას არ შეესაბამება, აჯობებს უპირატესობა პატარა მოდელს მიანიჭოთ. ასევე, გასათვალისწინებელია ჭერის სიმაღლეც - დიდი მოდელის არჩევის შემთხვევაში ნაძვის ხესა და ჭერს შორის სიმაღლე მინიმუმ 30-50 სმ უნდა იყოს. ხოლო შეზღუდული სივრცის შემთხვევაში აჯობებს ვიწრო და მაღალი ხე შეარჩიოთ.
ნაძვის ხის დიზაინი — ხელოვნური ნაძვის ხის შემთხვევაში მარტივად შეარჩევთ სხვადასხვა ფერის, დათოვლილი ეფექტის, სხვადასხვა დეკორაციით გაფორმებულ ნაძვის ხეს, რომელიც თქვენს გემოვნებას ყველაზე მეტად ერგება და ინტერიერს მოუხდება.
ბიუჯეტი — ნაძვის ხის შერჩევის კრიტერიუმებიდან გასათვალისწინებელი ფაქტორია თქვენი ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც უნდა განსაზღვროთ ნაძვის ხის ზომა, მასალა, დიზაინი, ბრენდი, წარმოების ხარისხი, მაღაზია, რადგან ყოველივე ეს დიდ გავლენას ახდენს ნაძვის ხის ფასზე და მის საბოლოო იერსახეზე.
ნაძვის ხის შერჩევა ინდივიდუალური საჭიროების, შესაძლებლობებისა და გემოვნების მიხედვით უნდა მოხდეს, რათა ახალი წლის ეს უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი ზუსტად შეესაბამებოდეს თქვენს მოთხოვნებსა და ინტერიერს.
1736429640
1737378462
1737110160
1737036300