1734331800
ავტორი
მეკო მეტრეველი
საახალწლოდ სახლის მორთვა განსაკუთრებით ამაღელვებელი პროცესია, რაც ერთი მხრივ სივრცეს ახალისებს, სიახლეს და მიმზიდველობას მატებს, მეორე მხრივ კი საცხოვრებელში შესაბამის განწყობას და საახალწლო ატმოსფეროს ქმნის. როგორ მოვრთოთ სახლი საახალწლოდ, ალბათ ახალი წლის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემასაც დღეს ამ სტატიაში შევეცდებით.
ახალი წლის თემატიკით გაფორმებული სახლის ინტერიერი მცხოვრებლებსა და სტუმრებს საზეიმო გარემოს უქმნის და სივრცეს ინტერესს, სიღრმეს, პოზიტივსა და განსაკუთრებულ სიმყუდროვეს სძენს. ამასთან ერთად, საახალწლო დეკორაციების თუ სადღესასწაულო კერძების მომზადება საყვარელი ადამიანების გაერთიანების, ტრადიციების გახსენებისა და სასიამოვნო მოგონებების შექმნის ხელშემწყობია, ამიტომ საახალწლოდ სახლის მორთვას რიტუალური და სიმბოლური დატვირთვაც აქვს და სასიხარულო ემოციებთან ასოცირდება.
საახალწლოდ სახლის მორთვისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შემდეგ ელემენტებს:
სახლის გაფორმება საახალწლოდ პირველ რიგში სწორად შერჩეულ ფერთა პალიტრას ითვალისწინებს. რადგან ფერი განსაზღვრავს ინტერიერის იერსახეს, ემოციასა და განწყობას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის ინტერიერი მკვეთრი, მუქი ტონებით, ჭრელი ფერებით ხასიათდება, დიზაინერები გვირჩევენ, რომ ისეთი კომბინაცია შევადგინოთ, რომელიც სივრცეში ჰარმონიულ გარემოს უზრუნველყოფს და სახლის საერთო ესთეტიკას ორგანულად მიესადაგება. ამისათვის უმჯობესია მთავარ გამად ორი-სამი ფერი ავიღოთ, აქცენტების სახით კი მინიმალური დოზით სხვადასხვა ტონალობები დავურთოთ.
საახალწლოდ სახლის მორთვისას ხშირად გამოიყენება კლასიკური ტონები — წითელი, მწვანე და ოქროსფერი, რომლებიც ახალი წლის განწყობასთან არის დაკავშირებული. ამასთან, წითელი სითბოს, ენერგიას, ამაღლებულ ემოციებს გამოხატავს, მწვანე ბუნებასთან, მცენარეებთან, ახლის დასაწყისთან ასოცირდება, ოქროსფერი კი სიმდიდრის, დღესასწაულის, ელეგანტურობის სიმბოლოა.
ასევე, მნიშვნელოვანია თეთრი ფერის დამატებაც, რადგან ზამთართან, თოვლთან, სიწმინდესა და სისუფთავესთან სწორედ თეთრი ფერია დაკავშირებული. აღნიშნული ფერთა პალიტრა შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექსტილის, სათამაშოების, მცენარეებით შექმნილი დეკორაციის, გირლანდებისა თუ საახალწლო წვიმების სახით.
სახლის გაფორმება საახალწლოდ ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან ის ახალი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა. იმისდა მიხედვით, როგორ ნაძვის ხეს (ბუნებრივს თუ ხელოვნურს) შეარჩევთ დეკორაციაც შესაბამისად უნდა შეუხამოთ. ბუნებრივი ხის შემთხვევაში ხშირად მხოლოდ განათება და მინიმალისტური გაფორმება — სათამაშოებით, ბაფთებითა თუ წვიმით — საკმარისია, რადგან ცოცხალი ტოტები განსაკუთრებულ იერსახეს ქმნის. ხელოვნური ნაძვის ხის შემთხვევაში კი შეგიძლიათ უფრო თამამად მიუდგეთ მის მოწყობას და ექსპერიმენტებს არ მოერიდოთ. თუმცა თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, უპირატესობა მინიმალისტურ დეკორს და სადა ფორმებს ენიჭება. აქტუალურია ხელნაკეთი სათამაშოების, ქსოვილის ნაჭრების, ლენტების, ანგელოზისა და ვარსკვლავის დეკორაციის გამოყენებაც.
განათება საახალწლო მორთულობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, რადგან მეტწილად სწორედ განათება განაპირობებს საზეიმო განწყობას, აუმჯობესებს ოთახის ესთეტიკას, გარემოს სითბოსა და სიმყუდროვეს მატებს და სასიხარულო ემოციებს აღძრავს. განათების შერჩევისას აუცილებელია სასურველი ტიპის შერჩევა. მაგალითად, თბილი ნათება ქმნის სასიამოვნო, მყუდრო, დამამშვიდებელ გარემოს, ცივი ნათება კი ზამთრის განწყობას ამძაფრებს და სივრცეს ელეგანტურ შტრიხებს მატებს. ინტერიერის გასახალისებლად საახალწლოდ სახლის მორთვის დროს გამოიყენება ფერადი განათებაც, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში იწვევს აღფრთოვანებას და სასიამოვნო ატმოსფეროს განაპირობებს.
ამავდროულად, ყურადღება უნდა მიექცეს ნათურების დიზაინს, მათ ფორმას, ფერსა და ზომას, რომლებიც გარდა ნაძვის ხისა შეგიძლიათ კედლებზე, კარადებზე, კიბეებზე გადაანაწილოთ და ინტერიერის სხვადასხვა წერტილს ეფექტური იერი შესძინოთ. ახალი წლის დეკორაციაში პოპულარულია ლენტის განათებებიც ჭერში, კედლებზე, კიბეებსა თუ სარკმლებზე. ხოლო სანთლებს განსაკუთრებული ატმოსფერო, სიმყუდროვე და საზეიმო განწყობა შემოაქვს. დეკორატიული ფერადი სანთლები ალამაზებს ზამთრის საღამოებს, სურნელოვანი, ციტრუსის არომატით გაჟღენთილი დეკორაციები კი საახალწლო სუფრას შთამბეჭდავ ელფერს სძენს.
ბუხარი ახალი წლის დღესასწაულის კიდევ ერთი სიმბოლოა, რომელიც სადღესასწაულო განწყობას, ოჯახის შეკრებას და საზეიმო სუფრას განსაკუთრებით უხდება. ის ოთახში აქცენტირებულ წერტილს ქმნის, რომლის გარშემოც შესაძლებელია ახალი წლის მაგიდის მოწყობა და სადღესასწაულო ვახშმის მომზადება. ასევე დასავლურ ტრადიციაში ბუხარი სანტასთან და საჩუქრებთან ასოცირდება, ამიტომ მას საგანგებოდ შეკერილი ფერადი წინდებით აფორმებენ, რომლებსაც ტკბილეულით და საჩუქრებით ავსებენ. ბუხრის თარო კი იდეალურია თემატური დეკორატიული ელემენტების, საახალწლო აქსესუარებისა თუ ორცხობილებისა განსათავსებლად.
ბოლო პერიოდში სახლის გაფორმება საახალწლოდ ხელნაკეთი დეკორატიული ნივთებით საკმაოდ პოპულარულია. ეს სივრცეს ინდივიდუალურ შტრიხებს სძენს და ადამიანებს საკუთარი შემოქმედებითობის, კრეატიულობის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან ერთად, ხელს უწყობს ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების გაერთიანებას და ერთობლივი აქტივობების დანერგვას. ხელით შექმნილი ნამუშევრები მფლობელის გემოვნებას, სტილისტიკას უსვამს ხაზს და უნიკალური ღირებულების, ემოციური დატვირთვის მატარებელია.
მაგალითად, გირჩებისა და ბუნებრივი ნაძვის ტოტებისაგან შესაძლებელია გირლანდების აწყობა, ქაღალდისაგან ფიფქებისა და საახალწლო სათამაშოების გაკეთება, ხისა თუ ქაღალდის ნაძვის ხეების შექმნა, ფანჯრების ახალი წლის თემატიკით მოხატვა, სურნელოვანი ჯოხების, სანთლების დამზადება, სასაჩუქრე ყუთების მომზადება და ხის ტოტებითა და მცენარეებით ოთახის სხვადასხვა წერტილების მორთვა. ამგვარი დიზაინის ობიექტები სადღესასწაულო ესთეტიკას გააუმჯობესებს და საზეიმო განწყობას გააძლიერებს.
ინტერიერთან ერთად მნიშვნელოვანია ექსტერიერის გათვალისწინებაც. სახლის ექსტერიერი საახალწლოდ მაგიურ ატმოსფეროს ქმნის და შიდა სივრცესთან ერთად, გარე ზონაში საახალწლო ესთეტიკასა და განწყობას განსაზღვრავს. ახალი წლის თემატიკით გაფორმებული სახლი მნახველის ყურადღებას იპყრობს, მის აღფრთოვანებას იწვევს და საცხოვრებელს ალამაზებს.
საახალწლოდ სახლის ექსტერიერის გაფორმებისას შეგიძლიათ შესასვლელ კარზე მოათავსოთ საახალწლო გვირგვინი, ნაძვისა და გირჩებისაგან დამზადებული დეკორაცია, საახალწლო სათამაშოები თუ განათება. ფასადი, კიბეები და ფანჯრები ფერადი ნათურებით, გირლანდებით მორთოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ეზოს გაფორმებაც სხვადასხვა ზომისა და ფორმის საახალწლო დეკორაციებითა და ფერადი სადღესასწაულო განათების ლენტებით.
ახალი წლის თემატიკასთან ერთად, აქტუალურია 2025 წლის ინტერიერის ტენდენციები, რომლის გათვალისწინებაც თანამედროვე, მოდური სივრცის შექმნას უწყობს ხელს. 2025 წელს აქცენტი კვლავ ფუნქციურ, კომფორტულ, მინიმალისტურ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებსა და მდგრად დიზაინზე კეთდება, რომელიც მცხოვრებლებს ერთდროულად დასვენების, განტვირთვის და მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს.
2025 წლის ინტერიერის ტენდენციებიდან შეგვიძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოვყოთ:
ფერი — 2025 წლის ფერი Pantone-ის მიხედვით თბილი ყავისფერია („Mocha Mousse“), ხოლო Behr Paint-ის კვლევის მიხედვით 2025 წლის ფერად შინდისფერი დასახელდა. ამასთან ერთად, 2025 წელს კვლავ აქტუალური იქნება ე.წ. დედამიწის ტონები — ტერაკოტისფერი, ყავისფერი, ნაცრისფერი, ღია და ბუნებრივი ტონები.
ბუნებრივი მასალები — 2025 წლის ინტერიერის ტენდენციებში მოწინავე ადგილს ინარჩუნებს ბუნებრივი მასალები, რადგან კერამიკა, თიხა, ხე, ქვა 2025 წელს კვლავ პოპულარულია ავეჯის, მოსაპირკეთებელი მასალისა თუ დეკორაციის სახით.
კლასიკური ავეჯი — დიზაინერების თქმით, 2025 წელს მოდერნული მინიმალიზმის ნაცვლად წინა პლანზე კლასიკური სტილი ინაცვლებს, მრგვალ ფორმებს კი დატვირთული, კლასიკური ელემენტებით გაფორმებული მოდელები ჩაანაცვლებს. მეტი ყურადღება დაეთმობა სხვადასხვა ტექსტურებს, გაფორმებულ კედლებს, ხის პანელებსა და დეკორატიულ ჩანართებს, რაც სივრცეს ინტერესს, მრავალფეროვნებას და სიღრმეს მიანიჭებს.
ეკლექტიკა — 2025 წლის ინტერიერში უპირატესობა მიენიჭება სხვადასხვა მასალის, სტილისა თუ ფერის სინთეზს, ეკლექტურ დიზაინებს და რეტრო სტილს. აქტუალური იქნება ვინტაჟური ნივთების, ხელნაკეთი ობიექტების გამოყენება და ერთი შეხედვით ვიზუალურად დატვირთული სივრცეების მოწყობა.
ბიოფილური დიზაინი — ბუნების თემატიკა და მისი ინტერიერში ინტეგრირება 2025 წელს ისევ აქტუალურია. მცენარეების, ყვავილების, ბუნებრივი განათების გამოყენება, ინტერიერსა და ექსტერიერს შორის კავშირის დამყარება მშვიდ, სასიამოვნო, მიმზიდველ სივრცეს განაპირობებს და კომფორტულ საცხოვრებელს უზრუნველყოფს.