1730893740

ბუხარი — მყუდრო, თბილი და ელეგანტური გარემოს შესაქმნელად

ჰედერი

ავტორი

ნინი მეტრეველი

შემოდგომა და ზამთარი ყველაზე მომხიბვლელი თოვლის, ჭიქა ჩაისა და ბუხრის გამოა. მიუხედავად იმისა, რომ გათბობის სისტემები დროთა განმავლობაში დაიხვეწა, ბუხარი ინტერიერის დიზაინის ყველაზე ელეგანტური და მდიდრული ელემენტია. გათბობის ფუნქცია ნაკლებად აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, სიმყუდროვისა და კომფორტის განცდას უდავოდ ქმნის.

ამიტომაც, ინტერიერის დიზაინერები ხშირად, პატარა სივრცეებშიც კი ითვალისწინებენ ადგილს ტრადიციული ან ელექტრობუხრისთვის.

ბუხრის როლი ინტერიერის დიზაინში

პროფესიონალების აზრით, ბუხარი, შესაბამის დიზაინთან და აქსესუარებთან ერთად, ინტერიერში სიმყუდროვის ცენტრი ხდება. ეს ელემენტი ბუნებრივად იპყრობს ადამიანების ყურადღებას და თითქოს, მიუთითებს კიდეც, სად უნდა დასხდნენ — ქმნის ადგილს შეკრებისა და გულწრფელი ურთიერთობებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბუხარი, უმეტესად, აგარაკთან ან დიდ კერძო სახლებთან ასოცირდება, ხშირად წააწყდებით ისეთ სახლებშიც, რომლებიც თბილისში 100 წელზე მეტია დგას. ძველი თბილისური ბინებისთვის კერამიკითა და კაფელით მოპირკეთებული ბუხრები საკმაოდ მნიშვნელოვანი მახასიათებელია. გათბობის დატვირთვის გარდა, საუკუნის წინაც კი, ბუხრებს დეკორატიული ფუნქციაც ჰქონდა და სიმდიდრის გამომხატველიც იყო.

დღეს ბუხრის მრავალფეროვანი დიზაინი არსებობს. სულაც არაა აუცილებელი ის აგურით, ქვით ან რომელიმე მსგავსი მასალით იყოს მოპირკეთებული. დიზაინერები ახერხებენ, რომ სიმყუდროვისთვის ადგილი მინიმალისტურ, იაპონურ ან სკანდინავიურ ინტერიერშიც გამონახონ.

ცხადია, ტრადიციული სტილის ბუხარი პატარა ბინაში შეიძლება არაკომფორტული იყოს, თუ გავითვალისწინებთ მტვერსა და ნაცარს. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად შეიქმნა ელექტრობუხრები, რომლებიც, ადგილის დაზოგვის მიზნით, ხშირად, სხვადასხვა ავეჯთანაც არის ინტეგრირებული, როგორებიცაა, მაგალითად, ტელევიზორის სადგამი ან თარო.

რა გავითვალისწინოთ ბუხრის შერჩევისას?

თუ თქვენი სახლისთვის შესაფერისი ბუხრის შერჩევა გსურთ, პირველ რიგში, ინტერიერის სტილი და ბუხრის ფუნქცია უნდა განსაზღვროთ. მინიმალისტურ ინტერიერში ქვის მასიური ბუხარი, შესაძლოა, ზედმეტად გამოიკვეთოს. ბუნებრივ მასალებში კი მომცრო ზომის ელექტრობუხარი ჩაიკარგება. და რადგან ბუხარს, დღეისათვის, კომუნიკაციის ცენტრისა და მყუდრო გარემოს შექმნის ფუნქცია უფრო აქვს, გაითვალისწინეთ, რომ მისი განთავსების შემთხვევაში, ოთახის ავეჯის უმეტესი ნაწილი სწორედ ბუხრისკენ უნდა იყოს მიმართული.



ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები