1731495060

ხევიდან საქალაქო პარკამდე

თემქის ხევი 4

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

გაღმა და გამოღმა თემქა — ასე დაყო საკანალიზაციო კოლექტორად ქცეულმა ხევმა თბილისის გარეუბანი წლების წინ. ადგილობრივ მოსახლეობას თემქის ხევის პრობლემები გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან, ანუ მას შემდეგ აწუხებდა, რაც თავად უბანი გაშენდა. მდგომარეობა განსაკუთრებით აუტანელი ზაფხულში იყო, როდესაც ნაგავსაყრელზე არასასიამოვნო სუნი კიდევ უფრო მძაფრი და ჭაობიც კოღოებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ხოლმე.

ამ ადგილის გამო ზღვის უბანში უძრავი ქონების ფასი, სხვა ბევრ უბანთან შედარებით, საკმაოდ დაბალი იყო. ახლა კი მშენებლები და უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს რეალობა მალე შეიცვლება. მიზეზი თემქის ხევში პარკის გაშენებაა.

პროექტი გრანდიოზული გამოვიდა და ამიტომაც მას საქალაქო პარკი ეწოდა. ეს თბილისში ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონაა და იმ რეალობაში, როდესაც თბილისი მწვანე სივრცეების ნაკლებობას უჩივის, მით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

ფოტოები თბილისის მერიის ოფიციალური გვერდიდან

25 ჰექტარზე გაშენებულ პარკში გართობას სპორტის, დასვენებისა და სიმწვანის მოყვარულები თანაბრად შეძლებენ. სივრცეში თავმოყრილია მინი ფეხბურთის სტადიონი, კალათბურთის მოედანი, სკეიტ პარკი, ძაღლების მოედანი... მოწყობილია დაცვის შენობა, კაფე, მედიათეკა, ფანჩატურები და ბელვედერი.

პარკის გაშენება 3 წლის წინ დაიწყო. როგორც ქალაქის მერიაში ამბობენ, მშენებლობამდე ჩატარდა გეოდეზიური კვლევები. საქმე ჭაობიანმა ტერიტორიამ გაართულა, 250 000 კუბამდე დაჭაობებული გრუნტი ბალასტით შეიცვალა; გაიმართა განათებისა და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები; მოეწყო სარწყავი, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, რომელმაც პარკის გახსნიდან ერთ დღეში დაადასტურა, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტი და კომპანიების დამოკიდებულება შესრულებული სამუშაოებისადმი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

პარკის გაშენების შემდეგ, თემქას შეემატა ორი ტბა, რომელთაც ერთმანეთთან მდინარე აკავშირებს. თემქის ხევის ძირითადი ფუნქცია, ზღვის უბნის მიკრორაიონები ერთმანეთთან დაეკავშირებინა, არ შეცვლილა. პარკში არსებული ორი საფეხმავლო ხიდი სწორედ ამ მიზანს ემსახურება და პარკსაც დამატებით ხიბლს მატებს. ამავდროულად ორ ნაწილად გაყოფილი ტერიტორია დაკავშირებულია საფეხმავლო გვირაბითაც.

ფოტოები თბილისის მერიის ოფიციალური გვერდიდან

პარკში არის სამანქანო გზებიც და მოწყობილია პარკინგიც. რაც შეეხება სიმწვანეს, როგორც მერიაში ამბობენ, აქ 75 000 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგო, პარკის გაშენებაზე კი 40 მლნ ლარი დახარჯა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ პარკის გაშენებას დიდი ხანი ელოდნენ, ახლა კი გაჩნდა რეკრეაციული სივრცე, სადაც ბავშვების გასეირნება, გართობა და დასვენება შეიძლება. განსაკუთრებით კმაყოფილი სპორტული აქტივობების მოყვარულები არიან, დიდი სივრცეა სპორტული სირბილისთვის, არის მოედნებიც, თუმცა ნაკლად მიაჩნიათ, რომ ასეთ დიდ ფართობზე მხოლოდ რამდენიმე მოედანია, არადა სივრცე გაცილებით უფრო მეტის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, შესაძლებელი იყო მაგიდის ტენისის, ჩოგბურთის კორტების მოწყობა ისევე როგორც ეს კიკვიძის პარკშია მოწყობილი (არადა რეალურად სივრცე თემქაზე გაცილებით დიდია).

ფოტო თბილისის მერიის ოფიციალური გვერდიდან

თუ ადამიანს ეს ქალაქი უყვარს იცის, რომ ნებისმიერი პარკის გახსნა, მნიშვნელოვანია. მწვანე სივრცეებს ქალაქსა და კონკრეტულ უბანში უამრავი დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია როგორც გარემოსთვის, ასევე საზოგადოებისთვის და კონკრეტულად ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, პირველ რიგში ის გავლენას ახდენს ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ის აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს, არეგულირებს მიკროკლიმატს, ბიომრავალფეროვნებას, ხელს უწყობს სოციალიზაციას.

ფოტოები თბილისის მერიის ოფიციალური გვერდიდან

კვლევები ასევე აჩვენებს, რომ მწვანე სივრცეების ახლოს არსებული საცხოვრებელი უბნები უფრო მოთხოვნადია და უძრავ ქონებაზეც ფასები იზრდება. უძრავი ქონების ქართულ სააგენტოებშიც ვარაუდობენ, რომ ზღვის უბანში ბინების ფასი გაიზრდება, რადგან მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ამა თუ იმ უბანს ყოველთვის მატებს მიმზიდველობას და უბნის განვითარების ახალ პერსპეტივებს ქმნის, რაც უძრავი ქონების შეძენის მსურველთა ინტერესს ზრდის.

მწვანე სივრცეები თბილისს რომ აკლია ამას ქალაქის მერიაც ადასტურებს და არაერთი პროექტიც აქვს დაანონსებული, თუმცა ხშირად დიდი საქალაქო პარკების გაშენება დროში გაჭიანურებულია, მათ შორისაა თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე.

ფოტოები თბილისის მერიის ოფიციალური გვერდიდან

თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის მონაცემებით, თბილისი 504 კვადრატულ კილომეტრია, აქედან მწვანე სივრცეები 145.5 კვადრატული კილომეტრია. ამ მონაცემების მიხედვით 2021 წლიდან 2 წლის განმავლობაში მაჩვენებლები უცვლელია. შეცვლილია მხოლოდ პარკებისა და სკვერების რაოდენობა, რომელიც 2 წელში 42-ით გაიზარდა და 1130-ს მიაღწია (გასათვალისწინებელია, რომ ამ მონაცემებში არ შედის 2024 წელს გახსნილი პარკების რაოდენობა).

საქსტატის მონაცემებით, დედაქალაქში 1 103 000 ადამიანი ცხოვრობს, თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ ერთ სულ მოსახლეზე თბილისში მწვანე სივრცის ფართობი 7.6 კვადრატულ მეტრს არ აღემატება, მაშინ როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილი ნორმებით, ერთ სულ მოსახლეზე დიდ ქალაქებში მწვანე სივრცის ფართობი 50 კვადრატულ მეტრს უნდა აღწევდეს. დედაქალაქში მწვანე სივრცის ფართობი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცის ფართობი ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის დადგენილ ნორმებზე ნაკლებია.

ფოტო თბილისის მერიის ოფიციალური გვერდიდან

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები