1731062989

რა საბაზისო სამართლებრივი მოთხოვნები უნდა ვიცოდეთ სახლის ასაშენებლად

სამართალი

ავტორი

მეკო მეტრეველი

მშენებლობის რთული, გრძელვადიანი პროცესია, რომელიც უამრავ სამშენებლო, ტექნიკურ დეტალთან არის დაკავშირებული, ამასთანავე კი საჭიროებს სამართლებრივი ნორმების დაცვას და ამ კომპლექსური საკითხის უკეთ გარკვევას, რადგან შესაბამისი კანონმდებლობისა და ნორმების დაცვის გარეშე შეუძლებელია პროექტის განხორციელება და მისი რეალობად ქცევა. ამიტომ გიზიარებთ საბაზისო სამართლებრივ საკითხებს, რომელთა ცოდნა საცხოვრებლის მშენებლობის სწორად და უსაფრთხოდ წარმართვაში დაგეხმარებათ.

საკუთრების უფლებისა და მიწის კატეგორიის დადგენა

მშენებლობის დაწყებამდე, მიწის შეძენისას, თავდაპირველად აუცილებელია მოხდეს მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ანალიზი და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მდგომარეობის შემოწმება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია შემოწმდეს მიწის კატეგორია და დანიშნულება, რათა შეუფერხებლად წარიმართოს საცხოვრებლის მშენებლობის პროცესი. ამასთან ერთად, მიწის შეძენამდე უნდა დაზუსტდეს, რამდენად გაიცემა მასზე მშენებლობის ნებართვა. ამისათვის აუცილებელია, რომ მიწის ნაკვეთი განაშენიანებულ არეალში მდებარეობდეს (მის გარშემო იყოს აშენებული შენობები ან გაცემული ნებართვები), რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მშენებლობის ნებართვაზე უარი მიიღოთ. ასევე, აჯობებს თავი შეიკავოთ ისეთი მიწის ნაკვეთის შეძენისგან, რომელსაც არ აქვს მისასვლელი სატრანსპორტო გზა ან მასზე მშენებლობის შეზღუდვა ვრცელდება (ადევს ყადაღა, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტთან ან მაღალი ძაბვის სადენებთან ახლოს მდებარეობს).

მშენებლობის ნებართვის მოპოვება

მშენებლობის დაწყებამდე ყველა ტიპის შენობისთვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, რაც სამშენებლო კოდექსის მიხედვით ხორციელდება. აღნიშნული პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს: მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობების დამტკიცებას (ე.წ. „გაპი“), არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას, რაც თავის მხრივ აერთიანებს ყველა საჭირო საბუთის — ფოტომასალის, ტერიტორიის ტოპოგადაღების, შენობის სქემისა და ბანერების ამსახველი ფოტოების არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე ატვირთვას. ასევე გეოლოგიური კვლევისა და ექსპერტიზის მომზადებას, არქიტექტურული მონაცემებისა და გეგმების წარდგენას.

გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ შესაძლოა ნებართვის მისაღებად საჭირო გახდეს დამატებითი დოკუმენტაციის მომზადება, როგორიცაა მიწის ნაკვეთზე ან მის სიახლოვეს ხაზობრივი ნაგებობის (წყლის, ბუნებრივი აირის სისტემები თუ ინტერნატის/სატელევიზიო ქსელები) არსებობის შემთხვევაში მესაკუთრის ნებართვა და შენობის განთავსების დროს დასაცავ მინიმალურ დაშორებასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ამას გარდა, შენობის განთავსების ადგილას ან 3 მეტრის რადიუსში არსებული მწვანე ნარგავების მოჭრისა თუ გადარგვისთვის საჭიროა შესაბამისი ნებართვის აღება, ხოლო თუ ისინი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, შესაძლებელია, მათი შენარჩუნებაც გახდეს საჭირო.

სანებართვო პირობების დაცვა და უსაფრთხოების წესების გათვალისწინება

სამშენებლო ნებართვის მიღების შემდეგ აუცილებელია მშენებლობა არქიტექტურული პროექტის სრული დაცვით წარიმართოს. ცხადია, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დაკორექტირება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, თუმცა გართულებებისგან თავის ასარიდებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ პროექტში განხორციელებული ცვლილება შეთანხმდეს ნებართვის გამცემ ორგანოსთან წინასწარ, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, რაც გულისხმობს სამშენებლო ტერიტორიაზე პროექტის შესაბამისად სამშენებლო ღობის მოწყობას და მიმდინარე მშენებლობის თაობაზე დაფა-ბანერის განთავსებას.

სამშენებლო ვადის დაცვა და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება

ხაზგასასმელია ისიც, რომ სამშენებლო სამუშაოები ნებართვით განსაზღვრულ ვადაში უნდა დასრულდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვადა არასაკმარისია, მის ამოწურვამდე ნებართვის გამცემ ორგანოსთან უნდა მოხდეს ვადის გონივრული პერიოდით გახანგრძლივება. საბოლოო ეტაპზე, მშენებლობის დასრულების შემდეგ, მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია შენობის ვარგისად აღიარება და განსაზღვრულ ვადაში ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარება, რათა შენობას მიენიჭოს აშენებულის სტატუსი, მოხდეს ფართის საჯარო რეესტრში დარეგისტრირება და მისი ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგება.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები