1747144212
ავტორი
მეკო მეტრეველი
თანამედროვე სამშენებლო სექტორი დღეს წარმოუდგენელია ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ეკო მეგობრული მასალების გარეშე, ამიტომ სახლის მშენებლობისას ენერგოეფექტური ტექნიკა აქტიურად გამოიყენება. ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა კერძო სახლის მშენებლობაში გულისხმობს ისეთი მასალების, ტექნიკისა და საინჟინრო სისტემების დამონტაჟებას, რომლებიც ენერგიის მოხმარებას მაქსიმალურად ამცირებს, ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიური გარემოს ჩამოყალიბებას და საგრძნობლად ზოგავს გადასახადებს. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ მიღწევებს, რომლებიც დღესდღეობით მშენებლობაში ხშირად გამოიყენება და ენერგოეფექტურობის მიღწევაში გვეხმარება.
სახლის მშენებლობის დროს ენერგოეფექტურობის ზრდა დიდწილად დამოკიდებულია საიზოლაციო სისტემებზე, რომლებიც გარე კონსტრუქციულ ელემენტებზე — კედლებზე, ჭერსა და იატაკზე უნდა განთავსდეს. ამ მხრივ ყველაზე ეფექტურ, ფუნქციურ და მაღალი ხარისხის საიზოლაციო პროდუქტად ქვა ბამბა, მინერალური ბამბა და პოლიურეთანის ქაფი მიიჩნევა, თუმცა იატაკის ზონაზე, საძირკველში უმჯობესია გამოვიყენოთ „XPS"-ის საიზოლაციო მასალა, რომელიც მინერალური ბამბისა და ქვაბამბისგან განსხვავებით დახურული ფორებით ხასიათდება, არ სუნთქავს და შიდა სივრცეს წყლისა და ნესტისგან იცავს.
კერძო სახლის მშენებლობის დროს თანამედროვე პროექტში ენერგოეფექტური ინოვაციური ტექნოლოგიების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს. მცხოვრებლები უპირატესობას ახალ, ეკონომიურ დანადგარებს ანიჭებენ და მაღალი პირველადი გადასახადის მიუხედავად, ინვესტიციას დებენ ისეთ ტექნიკაში, როგორიცაა თბური ტუმბოები, თბური პანელები და ჭკვიანი თერმოსტატები.
თბური ტუმბო სტანდარტული გათბობის ქვაბის ალტერნატიული ვერსიაა, ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური და ეკონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემა, რომელიც ეკომეგობრული თვისებებით გამოირჩევა და ბუნებაში არსებული ენერგიის გამოყენებით შენობის გათბობას და გაგრილებას უზრუნველყოფს. სისტემა დაბალი ტემპერატურის სითბოს გარე სივრციდან — ჰაერიდან, მიწიდან, წყალსატევებიდან იღებს, დაბალი პოტენციალის სითბურ ენერგიას მაღალი პოტენციალის სითბოდ გარდაქმნის და მას შენობას აწვდის. დანადგარს შეუძლია სივრცე საჭიროებისამებრ თბილი და გრილი ჰაერით მოამარაგოს. სხვა გათბობის სისტემებთან შედარებით, თბური ტუმბო არ გამოყოფს ნახშირორჟანგს, მუშაობისთვის მოიხმარს მცირე ენერგიას და ბევრად ეკომეგობრული, ხარჯთეფექტური და ენერგოეფექტურია.
გათბობისა და გაგრილების ფუნქციას ერთ სისტემაში აერთიანებს თბური პანელიც, რომელიც ინოვაციური, ენერგოეფექტური სისტემაა. ის კერძო სახლის მშენებლობისას კედელში, იატაკსა ან ჭერში მონტაჟდება და დენისა თუ გაზის სისტემების დახმარებით მუშაობს. პანელები გადამუშავებული თაბაშირის, ცელულოზის ბოჭკოებისა და რეციკლირებული წყლისგან მზადდება, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის მედეგობას და უსაფრთხოებას. ამასთან, პანელების ინსტალაციის შემდეგ შესაძლებელია პირდაპირ კედლის დამუშავება შპალერისა თუ საღებავის მეშვეობით, რაც სარემონტო სამუშაოებს ბევრად ამარტივებს. თბური პანელების მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტურობა და ხარჯთეფექტურობაა, სისტემა ენერგიას მცირე რაოდენობით მოიხმარს, რაც, დაახლოებით, 40%-ით ამცირებს კომუნალურ გადასახადებს.
ენერგოეფექტურობის გასაზრდელად კიდევ ერთი ხერხი კერძო სახლის პროექტში ჭკვიანი თერმოსტატების გათვალისწინებაა, რომლებიც სივრცეში გათბობისა და გაგრილების სისტემას ავტომატურად არეგულირებს და შედეგად ენერგიის მოხმარებას საგრძნობლად ამცირებს.
ჭკვიანი თერმოსტატები, სტანდარტული მოდელებისგან განსხვავებით ბევრად მარტივი სამართავია, რადგან პროდუქტი იყენებს სენსორებს, მუშაობს Wi-Fi-ის დახმარებით, რაც სისტემის დისტანციურად მართვის შესაძლებლობას იძლევა. დანადგარი ოთახის ტემპერატურას ზომავს და საჭიროებისამებრ ცვლის გათბობისა თუ გაგრილების პარამეტრებს, რისი მეშვეობითაც ენერგიის მოხმარებას 25 პროცენტამდე ამცირებს.
ენერგიის მოხმარების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, რომ კერძო სახლის პროექტი ითვალისწინებდეს განახლებადი ენერგიის სისტემებსაც, როგორებიცაა მზის პანელები და კოლექტორები.
მზის პანელი და კოლექტორი მზის ენერგიაზე მუშაობს, რომელიც ამოუწურავი, განახლებადი ენერგიის წყაროა და ტრადიციული რესურსებისგან განსხვავებით მისი მოპოვება უფასოა. მზის ენერგიაზე მომუშავე დანადგარების გამოყენება ამცირებს ცენტრალური ელექტროენერგიის ქსელზე დამოკიდებულებას და მომხმარებლებს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაში ეხმარება. პანელები რამდენიმე მზის ელემენტისგან შედგება, რომლებიც სილიციუმს, ფოსფორსა და ბორის ფენებს შეიცავს. მათი მეშვეობით პანელი შთანთქავს ფოტონს — სინათლის ნაწილაკს და დენს აწარმოებს. ამასთან, სისტემა ეკოლოგიური სიჯანსაღითაც გამოირჩევა, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, ნახშირორჟანგს, აირებს და გარემოსთვის უსაფრთხოა.
ენერგოეფექტურობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია მშენებლობაში ბუნებრივი მასალების გამოყენებაც, როგორებიცაა ქვა, აგური, ხე, წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავი და ორ, სამ შრიანი მინა, რომელიც დაბალი თბოგამტარობით ხასიათდება და სითბოს დანახარჯს ამცირებს. ამასთან, სარემონტო ნაწილში უმჯობესია LED განათების გამოყენებაც, რომელიც საკმაოდ ეკონომიურია და დაახლოებით 60%-ით ზოგავს ენერგიის მოხმარებას.