1742568099
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
თვის ბოლოს, როცა კომუნალური დანახარჯების გადახდის დრო დგება, ალბათ, ხშირად გიჩნდებათ სურვილი, რომ გადასახდელი თანხა უფრო ნაკლები იყოს. მის შემცირებაზეც, ალბათ, არაერთხელ გიფიქრიათ... მაგრამ, როცა გაუსაძლის სიცხესთან გასამკლავებლად კონდიციონერი არსებობს, სიცივის პრობლემას კი გამათბობელი აგვარებს, სხვა გზას ვეღარ ხედავთ და მრიცხველიც უმოწყალოდ მაღალ ციფრებს წერს.
მოხმარებული ენერგიის შემცირების შესაძლებლობას ენერგოეფექტური ტექნოლოგიები იძლევა. შესაძლოა, სიტყვებმა შეგაშინოთ ან მოგეჩვენოთ, რომ ეს ძვირადღირებული ფუფუნებაა, თუმცა საქმე არც ისე რთულადაა, რადგან ენერგოეფექტურობის მისაღწევად გაღებული ინვესტიცია მომავალში დანაზოგის სახით დაგიბრუნდებათ და აღმოაჩენთ, რომ ქვითარზე თანხა მნიშვნელოვნად შემცირდება.
ენერგოეფექტურობა ენერგიის ნაკლები ხარჯვით გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა და სულაც არ გულისხმობს ენერგიის გამოყენებაზე შეზღუდვის დაწესებას. ამ შემთხვევაში მთავარი მიზანი ენერგიის გონივრული გამოყენება და მისი დანაკარგების შემცირებაა.
ენერგოეფექტურობის საჭიროების წინაშე მსოფლიო რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო აღმოჩნდა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კლიმატის ცვლილებებია. დიდი რაოდენობით ენერგიის მოხმარება სათბური გაზების ემისიას ზრდის და მათი კონცენტრაცია გლობალურ დათბობას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ბუნებრივი რესურსები ამოწურვადია და მათი დაზოგვა მნიშვნელოვანია ენერგეტიკული კრიზისის რისკების შესამცირებლად.
ენერგოეფექტურობის მიღწევის არაერთი შესაძლებლობა არსებობს, მათ შორისაა LED განათება, ენერგოეფექტური საოფისე თუ საოჯახო ტექნიკა, მწვანე შენობები, განახლებადი ენერგიების გამოყენება. მაგალითად, დიოდური ნათურა, ტრადიციულ ნათურასთან შედარებით, სულ მინიმუმ 7-ჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს; შენობაში კედლებისა თუ სახურავის თბოიზოლაცია გათბობის ხარჯებს 50%-ით ამცირებს; მზის პანელები ენერგოსისტემისგან დამოუკიდებლად ენერგიით მომარაგებისა და, ამავდროულად, ზედმეტად წარმოებული ენერგიის გაყიდვით შემოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
მსოფლიოში ენერგოეფექტურობის სხვადასხვა სტანდარტი უკვე დიდი ხანია მოქმედებს. ბევრ ქვეყანაში ნულოვანი ენერგიის შენობებითაც ამაყობენ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად ბევრგან აქტიურობს სახელმწიფოც, ბიზნესიც და მოქალაქეც. საქართველოში ასეთი ნაგებობები ჯერ კიდევ თითზე ჩამოსათვლელია და ჯერჯერობით მხოლოდ ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები მოქმედებს.
კანონის მოთხოვნით (რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა), კომპანია სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს თუ ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. სტანდარტი ვრცელდება ნებისმიერი ტიპის შენობაზე, რომელიც 50 კვადრატულ მეტრს აღემატება.
ენერგოეფექტურობის ცენტრის მონაცემებით, რეგულაციის ამოქმედებიდან დღემდე 15 000-მდე ნებართვაა გაცემული. როგორც ცენტრის დირექტორი, გიორგი აბულაშვილი ამბობს, შედეგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ამ პერიოდში გაცემული ნებართვების მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის.
„რეგულაცია ითვალისწინებს ისეთ თბოფიზიკურ პარამეტრებს, როგორებიცაა შენობის კედლების, კარ-ფანჯრის, ჭერისა თუ იატაკის თბური გადაცემის კოეფიციენტი. ამ კონკრეტული პარამეტრის მისაღწევად მშენებელს თავად შეუძლია არჩევანის გაკეთება რა მასალა გამოიყენოს“, — განმარტავს გიორგი აბულაშვილი.
სამშენებლო ნებართვის მისაღებად მშენებელს სჭირდება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით გაცემული დეკლარაცია, რომელიც ადასტურებს, რომ შენობა ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში მშენებელს პროექტის კორექტირება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებართვის გარეშე დარჩება.
ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების შეუსრულებლობა ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს და შენობას ხარვეზის გამოსწორებამდე ექსპლუატაციაში არ მიიღებენ. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ გაიცემა ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი, სადაც გაწერილია ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით შენობა რომელი კატეგორიის ნაგებობას განეკუთვნება და როგორ აღემატება ან ჩამოუვარდება საპროექტო პარამეტრებს.
კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების გათვალისწინება მშენებლობის თვითღირებულებას დაახლოებით 5-8%-ით გაზრდის.
გიორგი აბულაშვილის შეფასებით, ეს დამატებითი ხარჯია მშენებლისთვის, თუმცა არ არის მაღალი მაჩვენებელი. „ვინც ყიდის უძრავ ქონებას მოგების მარჟას არ შეიმცირებს, მაგრამ ვინც იყიდის მათ უმცირდებათ სამომავლოდ ხარჯები, რადგან ენერგოეფექტური შენობა ნაკლებ ენერგიას იყენებს გასათბობად თუ გასაგრილებლად და ეს არის ის სარგებელი, რომელსაც უძრავი ქონების მეპატრონე იღებს“.
მთლიანობაში, ახალი სტანდარტებით აშენებული შენობები რეგულაციების ამოქმედებამდე აგებულ შენობებთან შედარებით 40%-მდე ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.
კანონის მიხედვით არსებობს გამონაკლისებიც. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ვალდებულება არ აქვს რელიგიური საკულტო დანიშნულების შენობებს; ისტორიულ ძეგლებს მიკუთვნებულ შენობებს; სპეციალური დანიშნულების შენობებს (რომელთა ენერგომოხმარება საიდუმლოებას მიეკუთვნება); 50 მ²-ზე ნაკლები ფართობის შენობებს; გამონაკლისებში შედის ისეთი შენობებიც, რომელთა ექსპლუატაციის ვადა არ აღემატება 4 თვეს, მაგალითად, საზაფხულო კოტეჯები ან შენობები, რომლებიც განკუთვნილია დროებითი ექსპლუატაციისთვის; ისეთ შენობებს, სადაც ენერგიის გამოყენება არ ხდება შიდა ტემპერატურის შესაქმნელად (მათ შორისაა საწყობი, სადაც ენერგია არც გასათბობად არის საჭირო და არც გასაგრილებლად).
ენერგოეფექტურობის ნორმების დაკმაყოფილება საჯარო სექტორსაც მოუწევს. ჯერ კიდევ სტანდარტების დანერგვის საწყის ეტაპზე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოში საჯარო შენობები (რაც მოიცავს ცენტრალური მთავრობის შენობებს, მუნიციპალიტეტების შენობებსა და გარე განათებას) ენერგიის დიდი მომხმარებელია.
„ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელების გზით საჯარო სექტორს შეუძლია მაგალითი მისცეს სხვებს და ენერგოეფექტური პროდუქციისა და მომსახურების ბაზრების ჩამოყალიბება დააჩქაროს. სახელმწიფო დაფინანსების შედეგად ჩნდება შედარებით პატარა პროექტების ერთად თავმოყრის და მათზე საერთო პასუხისმგებლობის პოტენციალი, რაც შესყიდვებთან და განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ამცირებს და პროექტები უფრო მასშტაბური ხდება. მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას შეუძლია შექმნას სამუშაო ადგილები და დააჩქაროს ენერგომომსახურების ადგილობრივი კომპანიების განვითარება, როგორც ამას სხვა ქვეყნების: კანადის, გერმანიის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკისა და შეერთებული შტატების მაგალითები გვიჩვენებენ“, — აღნიშნულია კვლევაში.
კანონის მიხედვით, საჯარო სექტორს აქვს შენობების 3%-ის რენოვაციის და ამავდროულად 4 წელიწადში ერთხელ ენერგოაუდიტის ჩატარების ვალდებულება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში არაერთხელ განმარტეს, უკვე მომზადებულია საჯარო შენობების რეესტრი და ამ მიმართულებით აქტივობაც მალე დაიწყება.
როგორც გიორგი აბულაშვილი განმარტავს, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული დირექტივები მუდმივად განახლებადია და მათი დანერგვა ეტაპობრივად საქართველოსაც მოუწევს. სამომავლოდ ასეთ ვალდებულებებს შორისაა საპარკინგე ადგილებზე ელექტროდამმუხტველი მოწყობილობის განთავსება და რაოდენობა მის ფართობზე იქნება დამოკიდებული.