1730796000

ენერგოეფექტურობა და ენერგოეფექტური მშენებლობის პოლიტიკა საქართველოში

ენერგოეფექტირობა 1

ავტორი

მეკო მეტრეველი

ენერგოეფექტურობა, რომელიც ენერგიის ოპტიმალურ გამოყენებას, მის რაციონალურად მოხმარებას და ამასთანავე მაქსიმალური სარგებლის მიღებას, გარემოზე ზიანის შემცირებას გულისხმობს, დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომელიც თითქმის ყველა სფეროში იჩენს თავს, მათ შორის ყველაზე აქტუალურად არქიტექტურასა და სამშენებლო/სარემონტო სექტორში.

ენერგოეფექტურობა მიზნად ისახავს ნაკლები ენერგიის ხარჯზე საუკეთესო შედეგის მიღებას, რესურსების სწორად განაწილებას და დანაკარგის მინიმუმამდე შემცირებას. ენერგოეფექტურობა ფართო ცნებაა და ეხება როგორც გარემოსდაცვით, ისე სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს, რადგან ეკოლოგიაზე ზრუნვასთან ერთად, მოსახლეობის ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობას აუმჯობესებს.

გარემოს დაცვა: ენერგოეფექტური სისტემები, მოწყობილობები თუ შენობები პირდაპირ აისახება ეკოლოგიურ საკითხებზე, რადგან ის, პირველ რიგში, ხელს უწყობს ბუნებრივი, ამოწურვადი რესურსების დაზოგვას. ასევე ამცირებს მავნე აირების, გაზების, ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფას და კლიმატური ცვლილებების შეფერხებას განაპირობებს.

სოციალური სარგებელი: ენერგოეფექტურობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადამიანთა კეთილდღეობის, მათი ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში. ის აუმჯობესებს ჰაერის მდგომარეობას, ქმნის უფრო დაცულ გარემოს და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების გამოყოფას ამცირებს. ამას გარდა, ენერგოეფექტური მოთხოვნების დაკმაყოფილება ხელს უწყობს ინოვაციური მოწყობილობების დანერგვას და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას, როგორიცაა — LED განათებები, ჭკვიანი სისტემები, თერმოსტატები, მზის პანელები, რაც თავის მხრივ, მომხმარებლებს ბევრად კომფორტულ და მოსახერხებელ საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოს უქმნის.

ხარჯების შემცირება: ენერგოეფექტური მასალების, სისტემებისა და მოწყობილობების გამოყენება ამცირებს დენის, გაზის, წყლის ენერგიის მოხმარებას და რესურსების რაციონალურად გამოყენების გზით მომხმარებელთა კომუნალური ხარჯებისა და გადასახადების შემცირებას განაპირობებს, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას აუმჯობესებს.

რას გულისხმობს ენერგოეფექტური მშენებლობა?

ენერგოეფექტური მშენებლობა უზრუნველყოფს ენერგიის დანაკარგის მინიმუმამდე შემცირებას და ნაკლები ენერგიით მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას, რაც ენერგოეფექტური მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღწევა.

მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე შენობები, ძველი ნაგებობებისგან განსხვავებით, მაღალი თბოსაიზოლაციო მასალით არის მოპირკეთებული, რის გამოც სითბოსა თუ სიგრილეს შენობის შიდა სივრცეში დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს, ამცირებს თბოდანაკარგის რაოდენობას და შესაბამისად, ნაკლებად მოხმარებული ენერგიის გამო, გათბობისა და გაგრილების კომუნალური ხარჯები მცირდება. ამასთანავე, თანამედროვე მშენებლობაში გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაცია, როგორიცაა მზის პანელები, მზის კოლექტორები, წვიმის წყლის შეგროვების სისტემები, რათა ამოწურვადი რესურსების ნაცვლად, ალტერნატიული გზით, გარემოზე ზრუნვისა და ხარჯების შემცირებასთან ერთად, ადამიანები მეტად ენერგო დამოუკიდებლები გახდნენ.

ენერგოეფექტურ შენობებში დაპროექტებულია თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებიც — გათბობის თბური ტუმბოები, ენერგოეფექტური ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემები, ჭკვიანი თერმოსტატები, რომლებიც დაბალი ენერგიის მოხმარების ხარჯზე, სივრცეში სასურველ ტემპერატურას, ჰაერის ეფექტურ ცირკულაციას და კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ენერგოეფექტურ მშენებლობაში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება მაღალი ხმისა და სითბოს საიზოლაციო კარ-ფანჯრებზე, რომლებიც დაბალი თბოგამტარობით ხასიათდება და არასასიამოვნო ხმაურის დახშობას უწყობს ხელს. თანამედროვე ენერგოეფექტურ შენობებში უპირატესობა სამშრიან და ე.წ. დაბალემისიურ მინებს ენიჭება, რომელთა სპეციალური საფარი სითბოს დაბალი გამტარობით ხასიათდება, ამცირებს ულტრაიისფერი (UV) სხივების შეღწევას და შიდა სივრცეში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, რაც სივრცის ენერგოეფექტურობას ზრდის.

როგორ ვითარდება საქართველოში ენერგოეფექტური პოლიტიკა?

2023 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მოქმედებს მთავრობის #354 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს იმ კერძო და საჯარო ნაგებობებისთვის, რომელთა ფართობი არანაკლებ 50 მ²-ია. ეს კი მშენებლობის ნებართვის მისაღებად სპეციალური დეკლარაციის წარდგენას აკისრებს პირსა თუ ორგანიზაციას, სადაც მითითებული უნდა იყოს შენობის გარე კონსტრუქციული ელემენტების — კედლების, ჭერის, სახურავისა და კარ-ფანჯრების მახასიათებლები.

შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების (შემდგომ „ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები") მიზანია განისაზღვროს შენობის, შენობის ნაწილების ან შენობის ელემენტების ენერგეტიკული მახასიათებლების მინიმალური მოთხოვნები, ასევე შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების, მათი მონტაჟის მიმართ მინიმალური მოთხოვნები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და ხარჯის ეფექტურობა, შენობაში გათვალისწინებული კლიმატური პირობების შესანარჩუნებლად და სათბურის გაზის ემისიების შესამცირებლად", — ვკითხულობთ დადგენილებაში.

ამასთანავე, არსებული დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრულია საქართველოს 3 კლიმატური ზონისთვის, რომელშიც სხვადასხვა ქალაქი და რეგიონია დაჯგუფებული, შესაბამისი გარე კონსტრუქციული ელემენტების თბოგადაცემის კოეფიციენტი, რომლის დაკმაყოფილება კონკრეტულ ზონაში ახალაშენებულ შენობას მოეთხოვება. შესაბამისად, დაწესდა მინიმალური ზღვარი და ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები, რასაც ახალაშენებული შენობა უნდა აკმაყოფილებდეს და რომელიც მშენებლობის ნებართვის მისაღებად, პროექტში თავიდანვე უნდა იყოს განსაზღვრული.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანას, ეკისრება გარკვეული ვალდებულებები: ენერგოეფექტურობის, შენობების ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების წახალისებისა და ენერგეტიკული ბაზრის მიმართულებებით, რომელთა განხორციელებაში თავად ევროკავშირია ჩართული. ამ მიზნით სპეციალური პროგრამა — „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა" მოქმედებს, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია „GOPA Intec"-თან თანამშრომლობით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ხორციელდება და მიზნად ისახავს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და ენერგეტიკის სექტორში რეფორმების გატარებას. აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2025-26 წელს იგეგმება.

პროგრამის ფარგლებში, რომელზე ექსპერტების ჯგუფი მუშაობს, შემუშავდა 30-მდე კანონქვემდებარე აქტი, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნებია. ამას გარდა, დაიწყო სექტორის გადამზადება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ასევე, შეიქმნა პროგრამა, სადაც ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან დაკავშირებით საჭირო დეკლარაციის დაგენერირება ხორციელდება.

ამგვარად, ევროკავშირის ხელშეწყობით საქართველოს სამშენებლო და ენერგეტიკულ სფეროში ეტაპობრივად ყალიბდება ახალი სისტემა, ინერგება ახალი რეგულაციები და ენერგოეფექტური სტანდარტები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება მომავალში ბევრად უფრო დაცული, უსაფრთხო და ენერგოეფექტური გარემოს ჩამოყალიბება და მდგრადი არქიტექტურის შექმნა.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები