1735894738

ფარდის დიზაინი — როგორ შევარჩიოთ იდეალური ვარიანტი

ჰედერ

ავტორი

ნინი მეტრეველი

ინტერიერის დიზაინი მრავალი მიმართულებისგან შედგება და მასში ფარდებს უფრო მეტი ფუნქცია აქვს, ვიდრე ოთახის დაბნელება ან გარე თვალისგან დაცვაა. ფარდა, სხვა ყველაფერთან ერთად, ოთახის დეკორაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს დეტალი სივრცეს სიმყუდროვესაც სძენს და თქვენს ინდივიდუალიზმსაც გამოხატავს. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, სწორედ ფარდამ ითამაშოს გადამწყვეტი როლი სრულყოფილი ინტერიერის შექმნაში.

შესაბამისი ვიზუალის, ტექსტურისა და ხასიათის მქონე ფარდის შერჩევა მარტივი სულაც არ არის. არჩევანი დიზაინის, მასალისა, თუ ფუნქციის მიმართულებით, საკმაოდ მრავალფეროვანია. ამ სტატიაში ნახავთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, თქვენი სივრცის შესაფერისი, იდეალური ფარდა შეარჩიოთ.

საძინებლის ფარდების დიზაინი

საძინებელი სიმშვიდის, სიმყუდროვისა და კომფორტისთვის განკუთვნილი ოთახია და ფარდები ამ ფუნქციებს ხაზს უნდა უსვამდეს. ამიტომ, საძინებლის ფარდების დიზაინი დიდი სიფრთხილითა და დაკვირვებით უნდა შეირჩეს. უმჯობესი იქნება, თუ უპირატესობას მიანიჭებთ ფუნქციურ დატვირთვას. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ დღის ძილი გიყვართ. ე. წ. „ბლექაუთი“ ანუ ნაჭერი, რომელიც სრულად აბნელებს ოთახს, საძინებლისთვის იდეალურია. სწორედ ასეთი უნდა იყოს სქელი ფარდა. მსუბუქი და მშვიდი ინტერიერის შესაქმნელად კი „ბლექაუთს“ დაუმატეთ შიდა ფენა, რომელიც იქნება გამჭვირვალე, ჰაეროვანი და ნეიტრალური ტონის მატარებელი.

თუ თქვენს საძინებელს აქვს დიდი ფანჯრები ან აივანი, უფრო მძიმე ქსოვილი მოუხდება — მაგალითად, ხავერდი. ფუნქციის სწორად შესრულების გარდა, ასეთი ფარდა გარემოს უფრო მდიდრულ იერსაც მისცემს.

სამზარეულოს ფარდების დიზაინი

სამზარეულოს დიზაინი საკმაოდ რთული დასაგეგმია. თუმცა, გამორჩეულად საყურადღებოა სამზარეულოს ფარდების დიზაინი, რომელიც, ვიზუალური თვალსაზრისით ეფექტურთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს პრაქტიკულიც. პირველ რიგში, უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი ან ადვილად რეცხვადი. ეს ბუნებრივია, რადგან კერძების მზადების პროცესში, ტექსტილს ყველაზე სწრაფად ეტყობა ლაქებიც და სუნიც. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პოპულარულია სამზარეულოში მოკლე ფარდების დაკიდება. მით უმეტეს მაშინ, თუ ფანჯრები პირდაპირ სამუშაო მაგიდის თავზეა. ზოგადად, უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამზარეულოში ყოველთვის ჟალუზების გამოყენება სჯობს, თუმცა, თუ მაინცდამაინც ტექსტილს ანიჭებთ უპირატესობას, ფარდის სიგრძე მაქსიმალურად დაამოკლეთ.

სასიამოვნო და დადებითი გარემოს შესაქმნელად, აირჩიეთ მსუბუქი, ჰაეროვანი ქსოვილები, როგორიცაა ბამბა ან პოლიესტერის ნაზავი. ასეთი მასალა, ერთი მხრივ, ბუნებრივ შუქს კარგად ატარებს, მეორე მხრივ კი, საშუალებას გვაძლევს, არჩევანი სხვადასხვა ორნამენტით გაფორმებულ ნაჭრებს შორის გავაკეთოთ.

თუ უპირატესობას ჟალუზებს მიანიჭებთ, გაითვალისწინეთ, რომ მიმდინარე წელს ყველაზე ტრენდული ხის ფაქტურაა. ვიზუალურ ეფექტთან ერთად, ეს მასალა საკმაოდ პრაქტიკულიცაა, რადგან ძალიან მარტივად იწმინდება და, რაც მთავარია, საკმაოდ გამძლეა.

მისაღების ფარდების დიზაინი

მისაღებ ოთახში ყველაზე მკვეთრად უნდა ჩანდეს თქვენი ინდივიდუალიზმი, სტილის შეგრძნება და ხასიათი. რა თქმა უნდა, ავეჯის, ფერთა პალიტრისა და მსგავსი საკითხების განხილვა მნიშვნელოვანია, თუმცა, რიგ შემთხვევებში, შესაბამისი ფარდების შერჩევა, შესაძლოა, გადამწყვეტიც კი იყოს. თუ მისაღები ოთახის ფარდების დიზაინი სწორად შეირჩევა, სივრცის საერთო იერსახეც სრულყოფილი იქნება.

თუ თქვენი მისაღები ოთახის დიზაინი თანამედროვეა, შეარჩიეთ მარტივი, მინიმალისტური, სადა ფარდები ან ტექსტილი მსუბუქი ორნამენტებით. მეორე მხრივ, ტრადიციულ, კლასიკურ ინტერიერს ძალიან უხდება მძიმე, მდიდრული ქსოვილები, რომლებიც დატვირთულია ნახატებით, ორნამენტებითა და განსხვავებული ფერებით.

თუ გამორჩეული ვიზუალის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ კლასიკური ფარდები თანამედროვე დიზაინსაც შეუხამოთ, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ აქაც სიფრთხილეა საჭირო. თუ მინიმალისტურ დიზაინში ორნამენტებით დატვირთული ფარდების გამოყენებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ ოთახში არსებული ფერთა პალიტრა და ეცადეთ, ფარდები საერთო კონცეფციისგან მკვეთრად ამოვარდნილი არ იყოს.

აივნის ფარდები

საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, აივნის ფარდები არც ისე პოპულარულია. რა გასაკვირია, მანქანების გამონაბოლქვის, მტვრისა და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, აივანზე დაკიდებული ფარდები, კომფორტის ნაცვლად, შეიძლება თავის ტკივილად იქცეს.

თუმცა, თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ ამ სივრცეში სინათლის კონტროლი ან უბრალოდ დიზაინერული გადაწყვეტა გჭირდებათ, შეარჩიეთ გამძლე, სქელი ნაჭერი. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აივანზე არსებული ფარდები მდგრადი უნდა იყოს ულტრაიისფერი სხივების მიმართ.

დამატებითი მრავალფეროვნებისთვის, განიხილეთ ჟალუზების ან მყარი დარაბების დაყენება. ასეთ შემთხვევაში, შეძლებთ, თქვენს აივანზე სიტუაცია ამინდის შესაბამისად დაარეგულიროთ.

რაც შეეხება ფერებს, ღია, ნეიტრალური ტონები აივანზე თავისუფლებისა და სიმსუბუქის განცდას ქმნის, მუქი ფერები კი სივრცეს მეტად მყუდრო ატმოსფეროს შემატებს.

აბაზანის ფარდები

არ აქვს მნიშვნელობა, აბაზანაში ფარდა საშხაპეზე ჩამოსაფარებლად გჭირდებათ, თუ ფანჯრის დასაფარად — აბაზანის ფარდები უნდა იყოს ტენიანობისადმი მდგრადი და ადვილად რეცხვადი. ასეთ დროს, პოლიესტერისა და ვინილის მასალა, წყალგამძლეობის თვალსაზრისით, საუკეთესო არჩევანია.

აუცილებელი არ არის, აბაზანაში არსებულ ფარდას ე. წ. „ბლექაუთის“ ანუ სრული დაბნელების ფუნქცია ჰქონდეს. საკმარისია, მხოლოდ გარედან ხედვის შესაძლებლობას ბლოკავდეს და შიდა ინტერიერთან სრულ შესაბამისობაში იყოს. აბაზანაში ფანჯარა იმდენად ტრენდული და დიზაინერული თვალსაზრისით, ეფექტურია, რომ მისი ფარდებით სრულად დაბნელება ნამდვილად არასწორი გადაწყვეტილებაა.

თუ გსურთ, საშხაპეზე დაკიდებული ფარდას არა მხოლოდ წყლის შეკავების, არამედ დეკორატიული ფუნქციაც ჰქონდეს, ეცადეთ, შეარჩიოთ ისეთი, რომელსაც ექნება დახვეწილი ორნამენტები, თვალშისაცემი ფერები და, რაც მთავარია, აბაზანის საერთო ინტერიერს მოერგება.

ინტერიერის დიზაინში ტექსტილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს — აერთიანებს ოთახების ესთეტიკას, მატებს ფუნქციებს. კონკრეტულად ფარდა ქმნის სივრცის ხასიათს და კომფორტის, სიმყუდროვის შეგრძნებასაც აძლიერებს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, ფარდების შერჩევას ზერელედ არ მოვეკიდოთ და საჭირო დრო, მოთმინება და ყურადღება დავუთმოთ. გამორიცხული არაა, სწორედ ფარდა აღმოჩნდეს ის ელემენტი, რომელიც თქვენს საცხოვრებელ სივრცეში ჰარმონიას შექმნის.



ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები