1734673320
ავტორი
მეკო მეტრეველი
მისაღები ოთახი სახლის ცენტრალური სივრცეა, რომელიც ოჯახის წევრებისა და სტუმრების თავშეყრის მთავარი ადგილია, ამიტომ მას განსაკუთრებული ფუნქციური და ესთეტიკური დატვირთვა აქვს. ეს სივრცე უქმნის მნახველს პირველად შთაბეჭდილებას და სახლის ხასიათს, სტილსა და ინდივიდუალიზმს გამოკვეთს. ცხადია, ინტერიერის დიზაინი საცხოვრებლის ყველა კუთხისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამ მხრივ მისაღებ ოთახს გამორჩეული ყურადღება ექცევა. სწორად დაპროექტებული სივრცე და შესაბამისად მოწყობილი დიზაინი კომფორტულ, პრაქტიკულ და მიმზიდველ მოსასვენებელ ზონას უზრუნველყოფს და მშვიდ, მყუდრო გარემოს განაპირობებს. ამიტომ დღევანდელ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ამ თემას და მოგიყვებით, თუ როგორ მოვაწყოთ მისაღები ოთახი მაქსიმალურად მოხერხებულად.
მისაღები ოთახი საცხოვრებლის ერთგვარი სახეა, რომელიც მცხოვრების გემოვნებასა და ინტერესებს ყველაზე უკეთ გამოხატავს. შესაბამისად მისაღები ოთახის მოწყობისას მნიშვნელოვანია საკუთარი სურვილების გათვალისწინება და ოთახის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით მოწყობა. ამასთან, დიდი ოჯახის შემთხვევაში, უმჯობესია დიზაინის თითოეულ მცხოვრებზე მორგება და მათი ინტერესების გამოკვეთა, რათა სივრცე ყველასათვის სასიამოვნო ადგილად იქცეს. როგორ მოვაწყოთ მისაღები ოთახი - ამ კითხვაზე პასუხი პირველ რიგში დაგეგმარებით უნდა დავიწყოთ:
მისაღები ოთახის გეგმარებისას გასათვალისწინებელია ოთახის ზომა, მდებარეობა, ფანჯრების განლაგება და ოჯახის წევრების რაოდენობა. ამასთან, სასურველია წინასწარ განისაზღვროს მისაღები ოთახის ფუნქციები — დასასვენებელი, გასართობი, თავშეყრის, მუშაობისა თუ სასადილო დანიშნულება. ოთახის დაგეგმარებისას უნდა გავითვალისწინოთ მისაღები ოთახის ავეჯი და გადაადგილებისთვის საჭირო სივრცე, რომელიც სასურველია მინიმუმ 1 მ. ვიანგარიშოთ, რათა ოთახით მოსარგებლეებმა მოძრაობა თავისუფლად შეძლონ.
მისაღები ოთახის ავეჯი ის მთავარი ელემენტია, რომელიც ოთახის ფუნქციურობასა და იერსახეს განსაზღვრავს. ამიტომ მისი შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. მნიშვნელოვანია, რომ მისაღები ოთახის ავეჯით მოწყობისას გავითვალისწინოთ სივრცის ზომა, გეგმარება და ამის მიხედვით შევარჩიოთ პროდუქტი. მაგალითად, მცირე ზომის ოთახებში არ არის რეკომენდებული მასიური, დატვირთული დიზაინის ავეჯის გამოყენება, არამედ უპირატესობა კომპაქტურ, მცირე ზომის, მინიმალისტურად გაფორმებულ ობიექტებს ენიჭება.
ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოთახში აქცენტირებულ წერტილებს სწორედ ავეჯი ქმნის, შესაბამისად მისი დიზაინი, ხარისხი, ფორმა თუ ფერი ზოგად ინტერიერს უნდა შეესაბამებოდეს და კონტექსტიდან ამოვარდნილი არ იყოს. ამას გარდა, მისაღები ოთახის ავეჯი სასურველია ისე განვათავსოთ, რომ კედელს არ ებჯინებოდეს და დივანსა და ტიხარს შორის სულ მცირე 8-10 სმ. მანძილი დავიცვათ.
მისაღები ოთახი ბუხრით საკმაოდ ხშირად გვხვდება თანამედროვე ინტერიერებში, ამიტომ სივრცის დაგეგმარებისას ეს ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. ბუხარი ოთახს სიმყუდროვეს, ხიბლსა და თბილ ატმოსფეროს სძენს, შესაბამისად, ინტერიერის მოწყობისას შესაძლებელია ის ცენტრალურ წერტილად წარმოვადგინოთ და ავეჯის განლაგება თუ დეკორაცია მის ირგვლივ მოვაწყოთ. ამისათვის სასურველია სავარძლები და დივანი მის გარშემო დავდგათ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი გარკვეული დისტანცია დავიცვათ. დეკორაციებისთვის შესაძლებელია ბუხრის ზედა ნაწილი ავითვისოთ და ის სანთლებით, დეკორატიული ელემენტებითა თუ ნახატებით გავაფორმოთ. ამგვარად, მისაღები ოთახი ბუხრით უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც მისაღები ოთახის მოწყობისას უნდა ვიცოდეთ, ფერების სწორად შერჩევაა, რადგან ფერთა პალიტრა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოთახის განწყობის შექმნაში. მისაღები ოთახის დიზაინი ინტერიერის სტილისტიკის მიხედვით განსხვავებული ფერთა გამით ხასიათდება. მაგალითად, სკანდინავიურ სტილში ღია ფერები, თბილი ტონები ჭარბობს. თანამედროვე ინტერიერში ბუნებრივ ფერთა პალიტრას, მიწის ტონებს ენიჭება უპირატესობა, ეკლექტურ და რეტრო სტილში კი აქცენტი კონტრასტულ, მუქ ფერებზე კეთდება. ამიტომ, იმისდა მიხედვით, თუ როგორი ტიპის ინტერიერს აირჩევთ, მისაღები ოთახის ფერთა გამაც ამის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.
თანამედროვე ბინებში სამზარეულო და მისაღები ოთახი ხშირად გაერთიანებულია, რაც სტუდიოს ტიპის პროექტს ქმნის. ამგვარი გეგმარება სივრცის მაქსიმალურად ათვისების შესაძლებლობას იძლევა. გაერთიანებული სამზარეულო და მისაღები ოთახი ფართო, მოცულობით მრავალფუნქციურ ზონას უზრუნველყოფს და მის გამოყენებას უფრო მრავალმხრივს ხდის. ერთიანი დაგეგმარების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფუნქციური ზონების გამიჯვნა სხვადასხვა მასალის — მოძრავი ტიხრით, მისაღები ოთახის ავეჯით თუ ხალიჩის დახმარებით. ამასთან, განსხვავებული ტიპის სანათები ხაზს უსვამს თითოეული ოთახის ფუნქციას და ზონირებაზე ამახვილებს ყურადღებას.
გაერთიანებული სამზარეულოსა და მისაღები ოთახის დროს მნიშვნელოვანია მოსაპირკეთებელი მასალების განსაზღვრაც. მაგალითად, სამზარეულო სასურველია კერამო გრანიტის ფილებით მოპირკეთდეს, რომელიც წყლისა და ნესტის მიმართ უფრო მდგრადია, მისაღებში კი შესაძლებელია ბუნებრივი თუ ხელოვნური ხის იატაკი დააგოთ. ასევე, სამზარეულოს ზედაპირთან ახლოს მოერიდეთ კედლის ქაღალდის გამოყენებას და აქაც აქცენტი ფილებზე გააკეთეთ, ხოლო მისაღები ოთახის შემთხვევაში ფილებზე მეტად აჯობებს საღებავის ან ქაღალდის მოხმარება.
პატარა მისაღები ოთახის დიზაინი სივრცის მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას საჭიროებს და ამასთანავე, ოთახში სიმსუბუქისა და ესთეტიკური მიმზიდველობის შენარჩუნებას მოითხოვს. მცირე ფართის პირობებში სასურველია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:
ფერები — პატარა მისაღები ოთახის დიზაინი ღია ფერთა პალიტრით ხასიათდება, რაც სივრცეს ვიზუალურად უფრო მოცულობითსა და დიდს წარმოაჩენს, ინტერიერს კი სიმსუბუქესა და სისადავეს მატებს.
განათება — განათებას ინტერიერში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა პატარა მისაღები ოთახის დიზაინის დროს ის განსაკუთრებით საჭიროა. სივრცის გასაზრდელად და სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად უმჯობესია პროექტში გათვალისწინებული იყოს დიდი ზომის ფანჯრები, რათა დღის შუქმა შიდა სივრცეში მაქსიმალურად შემოაღწიოს. ხაზგასასმელია მისაღების ფარდების დიზაინი, რომელიც უმჯობესია იყოს თხელი, რათა განათება თავისუფლად შემოვიდეს. ასევე, დაამატეთ წერტილოვანი განათებები, მაგიდის სანათი ან ტორშერი, რომელიც ფუნქციურ აქცენტებს შექმნის და ოთახს უფრო პრაქტიკულსა და მომხიბვლელს გახდის.
მისაღები ოთახის ავეჯი — პატარა მისაღები ოთახის მოწყობისას სწორად უნდა შეირჩეს ავეჯის დიზაინიც. სივრცის მოცულობიდან გამომდინარე, უკეთესია აქცენტი მცირე ზომის მოდელებზე გაკეთდეს და მოცულობითი ტახტები პატარა ზომის სავარძლებმა და დივნებმა ჩაანაცვლოს. ასევე, უმჯობესია ფუნქციური ავეჯის გამოყენება, რომლებიც მოძრავი, ფორმაცვალებადი და ტევადი სათავსოებით ხასიათდება. ეს საშუალებას მოგცემთ ოთახის დიზაინი ხშირად შეცვალოთ და ავეჯი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენოთ.
პატარა მისაღები ოთახის დიზაინში სასურველია მრგვალი ფორმის ავეჯის გამოყენებაც, რადგან მომრგვალებული ფორმები ინტერიერს უფრო თავისუფლად წარმოაჩენს და გადაადგილებისთვის მეტ სივრცეს ტოვებს.
უნდა ითქვას ისიც, რომ როდესაც ინტერიერის დიზაინის ცვლილება გვინდა, მისაღები ოთახი ამ მხრივაც ყველაზე მნიშვნელოვანი ზონაა, რომელიც მარტივად და სწრაფად უცვლის საცხოვრებელს ხასიათს და სივრცეს სეზონების მიხედვით განსხვავებულ განწყობას სძენს. მაგალითად, სახლის მორთვა საახალწლოდ სწორედ მისაღები ზონიდან იწყება და ახალი წლის დეკორაციები, ნაძვის ხე თუ განათებები ამ ნაწილში თავსდება.
გაზაფხულისა და ზაფხულის ესთეტიკის შესაქმნელად კი მისაღები ოთახი ბუნებრივი გამწვანებით, ყვავილებითა და მცენარეებით ფორმდება. შედეგად კი სახლს სრულიად განსხვავებული იერი და ხასიათი ეძლევა.