1734609780

ბუხარი და მისი როლი ინტერიერის დიზაინში

ჰედერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

წლების განმავლობაში ბუხარი საცხოვრებლის აუცილებელი არქიტექტურული ელემენტი იყო, რომელიც გათბობის მთავარ საშუალებად გამოიყენებოდა. მისი ფუნქციური მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ თითქმის ყველა საცხოვრებელ სახლში გვხვდებოდა და გათბობასთან ერთად კერძების მოსამზადებლად გამოიყენებოდა. ბუხარს ჰქონდა სოციალური დანიშნულებაც და ოჯახური თუ მეგობრული შეკრებების თავშეყრის ადგილს, ადამიანთა გაერთიანების წერტილს ქმნიდა, რასაც ახლაც ასრულებს.

დროთა განმავლობაში მას ფუნქცია შეეცვალა, მაგრამ აქტუალობა არ დაუკარგავს. ტრადიციული თუ თანამედროვე ტიპის ბუხარი დღესაც ინტერიერის მნიშვნელოვან ელემენტად გვევლინება და ხშირ შემთხვევაში ფუფუნების საგნად წარმოგვიდგება. დღეს მისი როლი ინტერიერში დეკორატიული თვალსაზრისით უფრო გაიზარდა და სივრცისთვის სიმყუდროვის, მიმზიდველობისა და თბილი ატმოსფეროს ძირითადი ელემენტი გახდა.

ამასთან, ბუხარი ახალი წლის მნიშვნელოვანი სიმბოლოცაა, რის გამოც საახალწლოდ მოწყობილი სახლი ბუხრის გარეშე ხშირად წარმოუდგენელია. ნაძვის ხის კუთხე და საახალწლო დეკორაცია სწორედ მის გარშემო ეწყობა და ბუხრის დახმარებით ამაღლებული სადღესასწაულო განწყობა იქმნება.

ბუხრის როლი ინტერიერის დიზაინში

პროფესიონალების აზრით, ბუხარი, შესაბამის დიზაინთან და აქსესუარებთან ერთად, ინტერიერში სიმყუდროვის ცენტრი ხდება. ეს ელემენტი ბუნებრივად იპყრობს ადამიანების ყურადღებას და თითქოს, მიუთითებს კიდეც, სად უნდა დასხდნენ — ქმნის ადგილს შეკრებისა და გულწრფელი ურთიერთობებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბუხარი, უმეტესად, აგარაკთან ან დიდ კერძო სახლებთან ასოცირდება, ხშირად წააწყდებით ისეთ სახლებშიც, რომლებიც თბილისში 100 წელზე მეტია დგას. ძველი თბილისური ბინებისთვის კერამიკითა და კაფელით მოპირკეთებული ბუხრები საკმაოდ მნიშვნელოვანი მახასიათებელია. გათბობის დატვირთვის გარდა, საუკუნის წინაც კი, ბუხრებს დეკორატიული ფუნქციაც ჰქონდა და სიმდიდრის გამომხატველიც იყო.

დღეს ბუხრის მრავალფეროვანი დიზაინი არსებობს. სულაც არაა აუცილებელი ის აგურით, ქვით ან რომელიმე მსგავსი მასალით იყოს მოპირკეთებული. დიზაინერები ახერხებენ, რომ სიმყუდროვისთვის ადგილი მინიმალისტურ, იაპონურ ან სკანდინავიურ ინტერიერშიც გამონახონ.

ცხადია, ტრადიციული სტილის ბუხარი პატარა ბინაში შეიძლება არაკომფორტული იყოს, თუ გავითვალისწინებთ მტვერსა და ნაცარს. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად შეიქმნა ელექტრობუხრები, რომლებიც, ადგილის დაზოგვის მიზნით, ხშირად, სხვადასხვა ავეჯთანაც არის ინტეგრირებული, როგორებიცაა, მაგალითად, ტელევიზორის სადგამი ან თარო.

რა გავითვალისწინოთ ბუხრის შერჩევისას?

თუ თქვენი სახლისთვის შესაფერისი ბუხრის შერჩევა გსურთ, პირველ რიგში, ინტერიერის სტილი და ბუხრის ფუნქცია უნდა განსაზღვროთ. მინიმალისტურ ინტერიერში ქვის მასიური ბუხარი, შესაძლოა, ზედმეტად გამოიკვეთოს. ბუნებრივ მასალებში კი მომცრო ზომის ელექტრობუხარი ჩაიკარგება. და რადგან ბუხარს, დღეისათვის, კომუნიკაციის ცენტრისა და მყუდრო გარემოს შექმნის ფუნქცია უფრო აქვს, გაითვალისწინეთ, რომ მისი განთავსების შემთხვევაში, ოთახის ავეჯის უმეტესი ნაწილი სწორედ ბუხრისკენ უნდა იყოს მიმართული.

ბუხრის ფასადი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბუხარი სივრცეში მნიშვნელოვანი დიზაინის ელემენტია, რომელიც სახლის სტილისტიკას, იერს და ხასიათს განსაზღვრავს. ინტერიერში მის სახეს ბუხრის ფასადი განაპირობებს, რომელიც ერთი მხრივ ბუხრის ესთეტიკურ ღირებულებას გამოხატავს, მეორე მხრივ კი უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფს.

აუცილებელია, რომ ბუხრის ფასადი ისეთი მასალებით იყოს მოპირკეთებული, რომლებიც ცეცხლგამძლე და მაღალი ტემპერატურის მიმართ მედეგი იქნება, რათა მარტივად არ დაზიანდეს. ამასთან, თბოგადაცემის მაღალი კოეფიციენტით სარგებლობდეს, რომ სითბოს გადაცემა ეფექტურად მოხერხდეს. ბუხრის ფასადის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია მისი ფორმაც, რომელიც ინტერიერის დიზაინში დიდ გავლენას ახდენს ბუხრის იერსახესა და გარემოსთან კავშირზე.

განსაკუთრებით პოპულარულია რამდენიმე ფორმის ბუხრის ფასადი:

მართკუთხა ან კვადრატის ფორმის სწორხაზოვანი ბუხარი — ტრადიციული მოდელია, რომელიც სწორი ან შედარებით მრუდი გვერდებისგან შედგება და სწორხაზოვანი თუ თაღოვანი დიზაინის ჩარჩოებით ხასიათდება.

კუთხის ბუხრის დიზაინი — კუთხის ბუხარი ერთ-ერთი პოპულარული მოდელია, რომელიც სივრცის ოპტიმალური გამოყენების საშუალებას იძლევა და მცირე ფართის პირობებში განსაკუთრებით ხელსაყრელია. კუთხის ბუხრის დიზაინი კედლების შეერთების წერტილში ეწყობა და ხშირად ინტერიერში დამატებით, საინტერესო აქცენტირებულ წერტილს ქმნის.

ჩაშენებული ბუხარი — კუთხის ბუხრის დიზაინთან ერთად პოპულარულია ჩაშენებული ბუხრის ფასადი, რომელიც კედელში ან ტიხარშია ჩამონტაჟებული და სივრცესთან ჰარმონიულად ინტეგრირდება. მას შეიძლება ჰქონდეს „L“ და „U“ ფორმა. „L“ ფორმის ბუხარი კედელში ისეა ჩაშენებული, რომ „L“ ფორმას წააგავს. ბუხრის მოპირკეთება კი უმეტესად სპეციალური შუშით ხდება, რათა ცეცხლი ოთახის სხვადასხვა მხრიდან კარგად ჩანდეს. „U“ ფორმის მოდელს სამი მხრიდან მინის ფასადი აქვს დატანილი და გახსნილი, მოდერნისტული სტილით ხასიათდება.

ცალკე მდგომი ბუხარი — აღნიშნული ბუხრის ფასადი თანამედროვე ინტერიერისთვის არის დამახასიათებელი. ის კედელთან არ არის დაკავშირებული, დამოუკიდებლად დგას ან ჭერზეა დაკიდებული და ოთახის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. ამგვარი ბუხრის მოპირკეთება უმეტესად ფოლადისგან, სპილენძისგან ან შავი მეტალისგან ხდება და ესთეტიკურ მომხიბვლელობასთან ერთად, სახლის გათბობა მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა.

ბუხრის აშენება და მოპირკეთება

იმისათვის, რომ ბუხარი ესთეტიკურად დახვეწილი, ფუნქციური და სითბოს გამოყოფის თვალსაზრისით ეფექტური იყოს, აუცილებელია ბუხრის აშენება თავიდანვე სწორად დავგეგმოთ და ბუხრის მოპირკეთება შესაბამისი მასალებით შევასრულოთ.

სტანდარტული ბუხრის აშენება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ ბუხრის ზომა, რომელიც ოთახის ფართობს უნდა მიესადაგებოდეს. საჭიროა საკვამლე ხვრელის მონტაჟიც, სადაც წვა და კვამლის წარმოქმნა მიმდინარეობს, მის ზომად კი მინიმუმ 60-80 სმ. უნდა განვსაზღვროთ. რაც შეეხება სიმაღლეს, ის ბუხრის ზომასა და მოცულობაზეა დამოკიდებული, თუმცა მინიმალურ ნიშნულად 20-30 სმ. უნდა ვიანგარიშოთ.

სწორად ბუხრის აშენება გულისხმობს მისი სიღრმის განსაზღვრასაც, რადგან ის სითბოს გამოყოფასა და ოთახში გავრცელებაზეა პასუხისმგებელი. არასწორმა პროექტმა შესაძლოა კვამლის დაგროვება და არასასიამოვნო სუნის წარმოქმნა გამოიწვიოს. შესაბამისი სიღრმის გამოსათვლელად საჭიროა ბუხრის სიმაღლე 2/3-ზე გავყოთ.

ხაზგასასმელია ისიც, რომ სასურველია ბუხრის უკანა კედელი ოდნავ დახრილი იყოს, რათა სითბო ეფექტურად გავრცელდეს მის წინა ნაწილში. ბუხრის აშენების დროს გასათვალისწინებელია მისი ადგილმდებარეობაც, რომელიც უმჯობესია კარ-ფანჯრისგან მოშორებით დავაპროექტოთ, რათა ჰაერის მოძრაობამ მის ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალოს.

ბუხრის ასაშენებლად, ძირითადად, ცეცხლგამძლე აგური და ქვა გამოიყენება, ხოლო საკვამლე სტანდარტული აგურით მუშავდება. ბუხრის მოპირკეთება ხშირად მარმარილოსა და გრანიტის მასალებით ხდება, რომლებიც მას მდიდრულ და დახვეწილ იერს სძენს. თუმცა გრანიტით ბუხრის მოპირკეთება ნაკლებად რეკომენდებულია მისი რადიოაქტიური თვისებების გამო - ის რადიაციული ქვაა და დიდი რაოდენობით შიდა სივრცეში გამოყენებამ ან მაღალ ტემპერატურასთან კონტაქტმა შესაძლოა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ამ მხრივ, ბუხრის მოპირკეთება უმჯობესია ვულკანური წარმოშობის ქანებით, ბაზალტითა თუ დიაბაზით შევასრულოთ.

ბუხრის მოპირკეთება სრულდება კერამიკული ფილებითაც, რომლებიც მაღალი ტემპერატურისა და ცეცხლის მიმართ მდგრადობით ხასიათდება. მრავალფეროვანი დიზაინის წყალობით, განსხვავებული ტექსტურებისა თუ ფერების დამსახურებით, ისინი ბუხრის დეკორაციის როლს ითავსებს და ინტერიერში გამორჩეულ, საინტერესო და მიმზიდველ აქცენტებს ქმნის.

ბუხრის დეკორაცია

ბუხარი ხშირად სახლის ცენტრალურ ზონაშია განთავსებული და ყურადღების მთავარ წერტილს ქმნის, ამიტომ ბუხრის დეკორაცია განსაკუთრებულ როლს ასრულებს ინტერიერის ზოგად იერსახესა და შესაბამისი ატმოსფეროს შექმნაში. ბუხრის დეკორაცია ხაზს უსვამს კონკრეტული ინტერიერის სტილის მახასიათებელს და კლასიკური, სკანდინავიური, თანამედროვე თუ ეკლექტური დიზაინის ესთეტიკას გამოხატავს. ის შეიძლება იყოს გაფორმებული სხვადასხვა ტიპის ჩუქურთმებით, ქანდაკებებით, ჩარჩოებით, სიმეტრიული თუ ასიმეტრიული ფორმებით, რაც დამატებით ესთეტიკურ მომხიბვლელობას სძენს.

ყურადღება ექცევა ბუხრის აქსესუარებსაც, მაგალითად საახალწლო მორთულობებს, წინდებს, ფერად განათებასა და დიზაინის ელემენტებს, რომლებიც ამ ზონას სადღესასწაულო განწყობას მატებს. ასევე, ბუხრის აქსესუარების მოწყობისას გასათვალისწინებელია ფარდების შერჩევა, რადგან ფარდები სივრცის ერთ-ერთი მთავარი დეკორატიული ელემენტია, მისი ჰარმონიული შერწყმა ბუხრის დიზაინთან კი უფრო ერთიან და სრულყოფილ ინტერიერს განაპირობებს.

თანამედროვე ბუხარი

ბუხრების კატალოგი საკმაოდ მრავალფეროვანია, მათგან დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია თანამედროვე ბუხარი, რომელიც ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, ბევრად მინიმალისტური, მარტივი და დეკორატიულია. თანამედროვე ბუხარს განეკუთვნება ელექტრო ბუხარი, რომელიც თავის მხრივ ორი ტიპისაა — გამათბობელი ელექტრო ბუხარი და დეკორატიული, რომელიც გამათბობელი სისტემა არაა და მხოლოდ ესთეტიკური ფუნქციით გამოიყენება.

ელექტრო თანამედროვე ბუხარი სითბოს გამოყოფასთან ერთად, ჰაერის მიმოქცევის გასაუმჯობესებლადაც მოიხმარება და სავენტილაციო ფუნქციებს ითავსებს. ამასთან, სენსორების დახმარებით შესაძლებელია ტემპერატურის მარტივი რეგულირება და სიცხის კონტროლი. ის სრულად ელექტროენერგიაზე მუშაობს და შესაბამისად გაცილებით უსაფრთხოა.

მისი განსხვავებული დიზაინის, ტექნიკური მრავალფეროვნების გამო კი ინტერიერის გამორჩეული ელემენტია, რომელიც მიმზიდველობას და სიმყუდროვეს სძენს ნებისმიერი ტიპის გარემოს.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები