1746808140

ახალი სტანდარტები მშენებლობის სექტორში — როგორ ზრუნავენ უსაფრთხოებაზე წამყვანი ქვეყნები

ჰედერ

თანამედროვე სამშენებლო სექტორი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზეა გადასული, რაც გლობალური გამოწვევებით, ტექნოლოგიური ინოვაციებით, ურბანიზაციის ზრდით, ეკოლოგიური პრობლემებითა და ცვალებადი ეკონომიკური ფაქტორებით არის განპირობებული. ამიტომ ახალი სამშენებლო სტანდარტები მიმართულია ეკოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებისკენ, რაც მიზნად ისახავს მდგრადი, ეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო სექტორის ჩამოყალიბებას.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ სამშენებლო სფეროს განვითარებასა და ისეთი სტანდარტების დანერგვაზე, რომლებიც არა მხოლოდ გარემოს დაცვას და ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს, არამედ მიმართულია უსაფრთხო მომავლის შექმნაზე. დღეისათვის წამყვანი ქვეყნები ორიენტირებული არიან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

მდგრადობა

განვითარებული მსოფლიოსთვის პრიორიტეტული ამოცანაა ნებისმიერ სფეროში მდგრადობის უზრუნველყოფა, რაც ითვალისწინებს: მწვანე მშენებლობას, ბუნებრივი რესურსების დაზოგვას, გადამუშავებული მასალების გამოყენებას, განახლებადი ენერგიის მოხმარებას და ენერგოეფექტური სისტემების დანერგვას.

მდგრადი მშენებლობის პრინციპები მიმართულია ენერგიის მოხმარების შემცირებაზე, რესურსების ეფექტურ გამოყენებასა და გარემოსდაცვითი საკითხების უზრუნველყოფაზე. მაგალითად, ევროკავშირის რეგულაცია „Energy Performance of Buildings Directive (EPBD)" გულისხმობს შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებას. აღნიშნული დირექტივა განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს შენობების ენერგოეფექტურობის დაკმაყოფილებასა და არსებული შენობების მოდერნიზაციაში. ამასთან ერთად, ევროპის ქვეყნებში მკაცრად კონტროლდება გათბობისა და გაგრილების სისტემების მდგომარეობა და მათი ეფექტური მუშაობა. ევროკავშირის რეგულაცია ითვალისწინებს იმასაც, რომ 2020 წლიდან მშენებლობაში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს „ნულოვანი ენერგიის შენობაზე“, რაც გულისხმობს ენერგიის მინიმალურ მოხმარებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას.

ენერგოეფექტური მშენებლობა

ენერგოეფექტური მშენებლობა გულისხმობს ისეთი სამშენებლო და საინჟინრო მასალებისა და მიდგომების გამოყენებას, რომლებიც ხელს შეუწყობს შენობების ენერგიის მოხმარების მინიმუმამდე დაყვანას, მათ თერმულ იზოლაციას და განახლებადი ენერგიის გამოყენებას. ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ ფარგლებში, 2050 წლისთვის სათბური აირების ემისია შემცირდება, ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი კი მშენებლობა და განახლებაა, რომელიც სუფთა, ჯანსაღი სამშენებლო სექტორის განვითარებას გულისხმობს. „მწვანე შეთანხმების“ სტრატეგიის მიხედვით, მშენებლობა და რემონტი ისე უნდა მოხდეს, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს მათი ენერგოეფექტურობა და გათბობისა და გაგრილების სისტემების დეკარბონიზაცია მოხერხდეს.

მასალების გადამუშავება

ახალი სამშენებლო სექტორის კიდევ ერთი სტანდარტია მშენებლობაში გადამუშავებული მასალების გამოყენება, რესურსების ეფექტურ მოხმარებისა და გარემოს მდგრადობის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, სკანდინავიურ ქვეყნებში მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება მასალების ხელახალი გამოყენებისა და მისი სტანდარტიზაციის კუთხით. სკანდინავიური ქვეყნების მშენებლობის სექტორი იყენებს ცირკულარული ეკონომიკის მოდელს, რომლის მიხედვით, შენობების განახლებადი მასალები და მათი მეორადი გამოყენება 2030 წლისთვის მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს. ხოლო ევროკავშირის Waste Framework Directive-ის 2008 წლის დირექტივის მიხედვით, 2020 წლისთვის მშენებლობის ნარჩენების 70% უნდა გადამუშავებულიყო, რის საფუძველზეც არაერთმა სახელმწიფომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა.

ტექნოლოგიების დანერგვა და ავტომატიზაცია

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა თანამედროვე მშენებლობის სექტორის უმნიშვნელოვანესი ტენდენციაა. BIM ტექნოლოგიები (Building Information Modelling) — შენობების ინფორმაციის მოდელირება გულისხმობს შენობის ციფრული მოდელის შექმნას, რომელიც მის ფიზიკურ და ფუნქციურ მახასიათებლებს აერთიანებს. შენობების ინფორმაციის მოდელირების დახმარებით შესაძლებელია მშენებლობის უსაფრთხოდ და ეფექტურად წარმართვა; შენობის ხარისხის კონტროლი; ენერგიის მოხმარების რეგულირება; ზუსტი, ეფექტური და კოორდინირებული ელემენტების უზრუნველყოფა; 3D ვიზუალიზაციის მეშვეობით სამშენებლო შეცდომების აღმოფხვრა და დროის დანაკარგის შემცირება. ამასთან ერთად, BIM ტექნოლოგიები სამუშაო ძალის სწრაფ გადამზადებასა და პროფესიონალიზმის ამაღლებასაც უწყობს ხელს. დიდ ბრიტანეთში 2016 წლიდან სავალდებულო გახდა საჯარო პროექტებში BIM მოდელების დანერგვა, აშშ-ში კი BIM ფართოდ გამოიყენება კერძო და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისას.

ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია

თანამედროვე სამშენებლო სექტორში ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზებული სისტემები პროექტის მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად, უსაფრთხოების სტანდარტების გასაზრდელად და გამოწვევების პროგნოზირებისთვის გამოიყენება. AI-ის მნიშვნელობა დიდია სამშენებლო მონაცემების ანალიზსა და უსაფრთხოების რისკების დიაგნოსტიკაში, რაც ამცირებს მშენებლობის დროს დაშვებულ შეცდომებს, ავარიის რისკებსა და სამუშაო ძალის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, ავტომატური თუ ნახევრად ავტომატური მანქანები რთულ დავალებებს გაცილებით ზუსტად და სწრაფად ასრულებს, რაც ამსუბუქებს ფიზიკურ დატვირთვას, დასაქმებულთა პროდუქტიულობას ზრდის და მათ ძალას უკეთესად წარმართავს. ასევე, AI გამოიყენება პროექტის ანგარიშის, ვადების ზუსტი განსაზღვრისა და თანმიმდევრული, სწორი მენეჯმენტის უზრუნველსაყოფად, რაც სამშენებლო სექტორის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

სამუშაო ძალის გადამზადება

სამშენებლო სექტორის თანამედროვე სტანდარტი გულისხმობს სამშენებლო ძალის ხელშეწყობასა და მათ გადამზადებას თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ. წამყვანი ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ პროფესიული გადამზადების პროგრამები, სასწავლო რესურსებში ინვესტირება, უნარების განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივები და უსაფრთხოების გაძლიერების სტანდარტიზაცია ხელს უწყობს როგორც სამშენებლო სექტორის მუშახელის ზრდას, ასევე სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებას.

მსგავსი სიახლეები

ჰედერი

სამშენებლო სექტორი ზღვარზე

1736778780

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერ

როცა შუქნიშანი არ ჩანს

1746464580

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები