1749136660
ავტორი
ნინი მეტრეველი
ნებისმიერი ქალაქისთვის გამწვანება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც წესი, ამ მიმართულებაზე კონკრეტული სპეციალისტები მუშაობენ, გეგმებს ადგენენ, მცენარეებს არჩევენ, რგავენ. გასათვალისწინებელია უამრავი დეტალი იმისთვის, რომ ნერგმა გაიხაროს და ქალაქს მოსალოდნელი შედეგიც მისცეს.
თბილისის გამწვანების ისტორიას რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ პროცესი თავიდანვე საკმაოდ ქაოსურად მიმდინარეობდა. მაგალითად, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, ხეებს რგავდნენ არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გათვალისწინებით, არამედ ეროზიის კონტროლის მიზნითა და ესთეტიკური სილამაზის შესანარჩუნებლად. მეოცე საუკუნის დასაწყისში, მთაწმინდის ფერდობი ფიჭვის ნერგებით გაამწვანეს, რომლებიც, მოგვიანებით, ბიომრავალფეროვნების ნაკლებობის გამო, მავნებლებისა და სხვადასხვა დაავადების შედეგად გახმა. მოგვიანებით მიდგომა შეიცვალა და დედაქალაქში უფრო გამძლე და ურბანული ჯიში, ჭადრის ხეები დარგეს. ჭადარი კი ბევრი ადამიანისთვის სეზონურ ალერგიასთან ასოცირდება.
ალერგია 21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებულ დაავადებად აღიარეს. ადამიანის ორგანიზმისთვის, შეიძლება, სახიფათო იყოს ნებისმიერი რამ — ჩვეულებრივი მტვრიდან დაწყებული, ძვირფასი მეტალით დასრულებული. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. საინტერესოა ისიც, რომ ალერგია შეიძლება დაიწყოს უკვე ზრდასრულ ასაკშიც. ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით ხშირად პოლინოზზე, ანუ სეზონური ხასიათის ალერგიულ დაავადებაზე საუბრობენ.
სეზონური ალერგია სხვადასხვა მცენარის მტვრის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობაა. ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა რინიტი (სურდო), ალერგიული კონიუქტივიტი (ცრემლდენა და თვალების ქავილი), ხველა, დერმატიტი (გამონაყარი) და ა. შ. საზოგადოების უმეტეს ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ყველაფრის გამომწვევი ჭადრის ე. წ. ბუსუსებია. რეალურად კი, ჭადარი, თბილისში არსებულ სხვა ხეებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებ ალერგიული მცენარეა. თუმცა, რადგან მისი ბუსუსები, ანუ თესლი ვიზუალურად თვალსაჩინოა, ხალხსაც ჰგონია, რომ ცემინებასა და ხველას სწორედ ეს იწვევს.
სინამდვილეში, ჭადარი ქალაქს საკმაოდ კარგ სამსახურს უწევს ნახშირორჟანგისა და დაბინძურებული ჰაერის შეწოვის, სიცხისაგან დაცვისა და ქარის შეკავების თვალსაზრისით. უბრალოდ, მისი ყვავილობა სხვა ალერგიული მცენარეების ყვავილობას ემთხვევა. ჰაერში მფრინავი ბუსუსები კი, სპეციალისტების თქმით, ალერგენები საერთოდ არაა. ის, რაც ადამიანებში სიმპტომებს იწვევს, მცენარეების თვალით უხილავი მტვერია.
ამ ყველაფერში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე კვიპაროსია. გამძლეობისა და გარეგნული მახასიათებლების გამო, კვიპაროსს საკმაოდ ხშირად შეხვდებით როგორც თბილისში, ისე - სხვა ქალაქებში. სხვათა შორის, საკმაოდ ბევრი ძირი კვიპაროსი დაირგო მაშინ, როდესაც თბილისის მერი დავით ნარმანია იყო და ქალაქს მილიონი ხის დარგვას დაჰპირდა. მაშინ, ნარმანიას ოპონენტები ამბობდნენ, რომ ამ პროექტის განხორციელება არარეალური იყო და დაგეგმვაც აკლდა. ამბობდნენ იმასაც, რომ ბევრი ნერგი ერთმანეთთან ახლოს დარგეს, სათანადოდ არ მორწყეს და არ მოუარეს, შესაბამისად, საკმაოდ ბევრი მათგანი მალევე გახმა. გაჟღერდა მოსაზრებაც, რომ ალერგიული ჯიშები ნერგების დაბალი ფასის გამო შეირჩა. გარდა ამისა, კვიპაროსი ადვილად ეგუება ნებისმიერ გარემოს, არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები და მისი მოვლა მარტივია. თუმცა, რადგან თავის დროზე ამ მცენარის მთავარ მინუსზე თვალი დახუჭეს, თბილისს ალერგიით შეწუხებული უამრავი მოქალაქე შეემატა.
ალერგოლოგები იმასაც ამბობენ, რომ ხეებთან ერთად, მწვავე სიმპტომების გამომწვევი შეიძლება იყოს ბალახიც, რომელიც ზუსტად ამავე პერიოდში ყვავის და მის მიმართ ადამიანები ბევრად უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე, მაგალითად, ჭადრის მიმართ. ძლიერი ალერგენია არყისა და ზეთისხილის ხეებიც, თუმცა ისინი თბილისში ნაკლებად გვხვდება. სპეციალისტების თქმით, ქალაქის გამწვანებისთვის, ჭადრის გარდა, საუკეთესოა ცაცხვი, ნეკერჩხალი, თელა, ასევე ვაშლის, ალუბლისა და ნუშის ხეებიც.
როდესაც ურბანულ გარემოში, განსაკუთრებით კი თბილისში არსებულ გამწვანებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ თუთის ხეც, რომელიც ბევრი მცხოვრებისთვის მხოლოდ თავის ტკივილია და სხვა არაფერი. არადა, ოდესღაც, ამ ქალაქში აბრეშუმის წარმოებისთვის თუთის ხე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან აბრეშუმის ჭიები სწორედ თუთის ფოთლებით იკვებებიან. თუმცა დღეს, დამწიფებული ნაყოფი იმდენად დიდ დისკომფორტს ქმნის, რომ თუთის ხე თამამად შეგვიძლია დავასახელოთ ყველაზე არაურბანულ მცენარედ.
ხეების სიმრავლე ქალაქისთვის აუცილებელია - სიცხისგან თავის ასარიდებლად, სუფთა ჰაერისთვის, ადგილობრივების კეთილდღეობისა და, რა თქმა უნდა, ბიომრავალფეროვნებისთვის. თუმცა, ნებისმიერი ურბანული ინფრასტრუქტურის მსგავსად, ხეები უნდა შეირჩეს ადამიანების გათვალისწინებით. რადგან თბილისი ამ მხრივ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, გამწვანების უფრო გონივრული დაგეგმარება გადამწყვეტია.
1747144212
1746706500
1747412776
1749140160