1731497583

5 წიგნი არქიტექტურაზე — გზამკვლევი არქიტექტურის მოყვარულთათვის

ჰედერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

ნებისმიერ სფეროში საქმეში სპეციალიზაციისა და შემოქმედებითი განვითარებისთვის აუცილებელია პროფესიული ლიტერატურის კითხვა, რომელიც თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, სხვათა გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, პრაქტიკულ სწავლებაში ეხმარება კადრს და მის კრიტიკულ აზროვნებას, თვალსაწიერის გაფართოებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს. არქიტექტურა ერთ-ერთია იმ სფეროთაგან, რომელიც მუდმივად ვითარდება და ახალ გამოწვევებთან ადაპტირდება. შესაბამისად, კაცობრიობამ საუკუნეების განმავლობაში უზარმაზარი ცოდნა დააგროვა ამ დარგის შესახებ, რაც უდიდეს პროფესიულ და კულტურულ მემკვიდრეობას აერთიანებს. თანამედროვე არქიტექტორებისთვის ნაბიჯის წინ გადასადგმელად და რაიმე ახლის შესაქმნელად სასურველია უკვე არსებული ცოდნის შესწავლა და ანალიზი. ამიტომ დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან თეორიულ ნაშრომს, რომლებიც ნებისმიერ დამწყებ არქიტექტორსა თუ უკვე შემდგარ პროფესიონალს ცოდნის გაღრმავებაში, არქიტექტურული გადაწყვეტების გადააზრებასა და თვალსაწიერის გაფართოებაში დაეხმარება. ასევე, მოცემული წიგნები ღირებული იქნება ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვისაც, არქიტექტურის ისტორიის გასაცნობად და მის მიდგომებში უკეთ გასარკვევად.

1. Marcus Vitruvius Pollio: The Ten Books on Architecture

მარკუს ვიტრუვიუს პოლიოს (Marcus Vitruvius Pollio) ტრაქტატი (ლათ. De architectura) ერთ-ერთი პირველი და ფუნდამენტური ტექსტია არქიტექტურაზე. ძველი რომაელი არქიტექტორისა და ინჟინრის, ვიტრუვიუსის ნაშრომი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს თეორიულ სახელმძღვანელოს არქიტექტურული პრინციპების, სამშენებლო მასალების, პროპორციების, გარემოსა და ადამიანის ურთიერთკავშირის შესახებ.

წიგნი, რომელიც პრაქტიკულ ცოდნაზე დაყრდნობით თემების ფართო სპექტრს ეხება, 10 ნაწილისგან შედგება და ყურადღებას ამახვილებს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა: სიმეტრიის ძირითადი პრინციპები, შენობის ფორმებისა და სტრუქტურების ჰარმონია, ნაგებობის ესთეტიკური მხარე და დიზაინი, ინჟინრული და ტექნიკური გადაწყვეტები, სამშენებლო მასალების გამოყენება და გარემოს ფორმირებაში არქიტექტურის მნიშვნელობა. ამასთან ერთად, სახელმძღვანელო აღწერს რომაული არქიტექტურის ისტორიას, მის ტექნოლოგიურ მიღწევებსა და კონსტრუქციულ შესაძლებლობებს. ვიტრუვიუსის ნაშრომმა დიდი გავლენა იქონია მსოფლიო არქიტექტურის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე. მისმა იდეებმა მეტწილად განსაზღვრა რენესანსის ხელოვნება და არქიტექტურა, ხოლო მისი მიდგომები სიმეტრიის, პროპორციისა და ბალანსის შესახებ თანამედროვე არქიტექტურაში დღემდე ისწავლება. შეიძლება ითქვას, რომ The Ten Books on Architecture სამაგიდო წიგნია როგორც დამწყები არქიტექტორებისთვის, ასევე არქიტექტურის ისტორიის მოყვარულთათვის.

2. Le Corbusier: Towards a New Architecture

მე-20 საუკუნის შვეიცარიელი არქიტექტორი შარლ-ედუარდ ჟანერე, რომელიც საყოველთაოდ ლე კორბუზიეს სახელით არის ცნობილი, არქიტექტურის ისტორიაში უდიდესი ფიგურაა, რომელმაც XX და XXI საუკუნის არქიტექტურაზე უდიდესი გავლენა მოახდინა და არაერთი სტილი, მიმართულება თუ მიმდინარეობა განსაზღვრა. ლე კორბუზიეს შემოქმედება ინოვაციური ფილოსოფიით, პრაქტიკული, ფუნქციური, მარტივი და გეომეტრიული სივრცეებით ხასიათდება და ის მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა.

შვეიცარიელი არქიტექტორის ნაშრომი Towards a New Architecture (Toward an Architecture) წარმოადგენს ესეების კრებულს, რომელიც მე-20 საუკუნის არქიტექტურის კვლევასა და მისი კონცეფციის გააზრებას ისახავს მიზნად. ავტორი ტექსტში ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა — ახალი არქიტექტურული ფორმებისა და ესთეტიკის ძიება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მასალების დანერგვა, ურბანული გარემოს მოდერნიზაცია. ასევე, წიგნში აქცენტი კეთდება ფუნქციურ, მარტივ, პრაქტიკულ ფორმებზე, კომფორტულ და საჭიროებაზე მორგებულ სივრცეებზე, არქიტექტურის ხელმისაწვდომობაზე, რაც ყველა კლასისთვის საცხოვრებელი და ურბანული გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს და სოციალური საკითხების დაკმაყოფილებას მოიაზრებს. ლე კორბუზიეს ნაშრომი ერთგვარად არქიტექტურის მანიფესტად მიიჩნევა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მრავალი თაობის არქიტექტორის ჩამოყალიბებასა და არაერთი მიმდინარეობის ფორმირებაზე.

3. Robert Venturi: Complexity and Contradiction in Architecture

XX-XXI საუკუნის ამერიკელი არქიტექტორისა და თეორეტიკოსის რობერტ ვენტურის ნაშრომი Complexity and Contradiction in Architecture მიჩნეულია პოსტმოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტად. წიგნში ავტორი მოდერნისტულ მიდგომებს, მის სიმარტივესა და მინიმალისტურ გადაწყვეტებს ეწინააღმდეგება და არქიტექტურის კომპლექსურ, მრავალფეროვან, წინააღმდეგობრივ მიდგომებზე ამახვილებს ყურადღებას.

რობერტ ვენტურის აზრით, არქიტექტურა რთული სემანტიკური, ფუნქციური თუ ესთეტიკური ელემენტებისგან შედგება, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს. ამიტომ საინტერესო, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი სივრცის მისაღებად მის კომპლექსურობაზე, მრავალფეროვნებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ავტორის მოსაზრებით, არქიტექტურამ არა მხოლოდ ფუნქციური დანიშნულება, არამედ ესთეტიკური და ემოციური დატვირთვაც უნდა შეიძინოს და ამ მიმართულებით განვითარდეს. ვენტური არქიტექტურის ისტორიაზეც მსჯელობს და სხვადასხვა ეპოქისა და მიმდინარეობის — კლასიკური, რენესანსის, ბაროკოსა თუ გოტიკური არქიტექტურის კომპლექსურ, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს განიხილავს და მათ გამომსახველობით ხერხებსა და ფორმებს აანალიზებს.

4. Frank D.K. Ching: Architecture: Form, Space, and Order

ამერიკელი თეორეტიკოსის, არქიტექტორისა და პროფესორის ფრენკ დ.კ. ჩინგის ნაშრომი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა დამწყები არქიტექტორებისთვის ამ დარგის ძირითადი პრინციპებისა და საფუძვლების გასაცნობად. წიგნი მოიცავს არქიტექტურაში სივრცისა და ორგანიზების საკითხებს, არქიტექტურულ კონტექსტში ფორმების მნიშვნელობას, მათ ფუნქციურ და ესთეტიკურ მხარეს.

ასევე, ავტორი ყურადღებას ამახვილებს სივრცის კონცეფციის განსაზღვრასა და მის მნიშვნელობაზე ადამიანის ემოციური, კულტურული თუ ფსიქოლოგიური ასპექტების ჩამოსაყალიბებლად. ნაშრომში განხილულია ისეთი თემები, როგორიცაა — არქიტექტურაში მასშტაბისა და პროპორციის მნიშვნელობა, ფუნქციასა და ფორმას შორის კავშირი და არქიტექტურის მრავალფუნქციურობა, რომელიც კომპლექსურია და სხვადასხვა დისციპლინას აერთიანებს. ტექსტი Architecture: Form, Space, and Order არქიტექტურის მოყვარულებს უზიარებს ძირითად ცოდნას სივრცის ფორმირებისა და პროექტირების შესახებ, ფუნქციურ, ესთეტიკურ და ემოციურ მახასიათებლებზე დაყრდნობით.

5. Aldo Rossi: The Architecture of the City

იტალიელი არქიტექტორი ალდო როსი, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, არქიტექტურულ პროექტებთან ერთად, თეორიული მიდგომებითა და კრიტიკული ნაშრომებით არის ცნობილი. მისი წიგნი The Architecture of the City ერთ-ერთი გამორჩეული სახელმძღვანელოა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ქალაქის არქიტექტურულ, ურბანულ სტრუქტურაზე და მას ისტორიული და არქიტექტურული კუთხით განიხილავს.

წიგნში ურბანული გარემო სოციალური და კულტურული თვალსაზრისით არის გაანალიზებული და მთავარი აქცენტი არა მხოლოდ ცალკეულ არქიტექტურულ ობიექტებსა და შენობებზე, არამედ ერთიანი ქალაქის სტრუქტურაზე კეთდება. როსისთვის არქიტექტურული ელემენტები ქალაქის ისტორიას ასახავს და კოლექტიურ მეხსიერებას ქმნის, რაც ქალაქის იდენტობას განსაზღვრავს. მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს ურბანულ არტეფაქტებზე — კონკრეტულ შენობებზე, ქუჩებსა და უბნებზე, რომლებიც ქალაქისათვის მნიშვნელოვანი ისტორიული, პოლიტიკური თუ სოციალური მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ აღნიშნული ძეგლები და ელემენტები ქმნის ქალაქის მეხსიერებას, რომელიც თანამედროვე ურბანულ და სოციალურ გარემოს წარსულთან აკავშირებს. ავტორი ასევე ხაზს უსვამს არქიტექტურის გამომსახველი ფორმების უნიკალურობას, რომელიც მუდმივ ცვალებადი და განახლებადია, თუმცა ისტორიასთან კავშირს არ წყვეტს.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები