1727380020
ავტორი
ბაკურ გაბუნია
გარემო ადამიანის ქცევებსა და ემოციებზე უზარმაზარ გავლენას ახდენს. ზოგადად, საცხოვრებელი სივრცე განსაზღვრავს ამა თუ იმ ხალხის, როგორც ერისა თუ ეთნიკური ერთობის, ჩამოყალიბების პროცესს, კულტურას, ენას, მსოფლმხედველობას, რწმენა-წარმოდგენებს, ლიტერატურას, მუსიკას, ტრადიციებს, სამყაროს აღქმასა და ა.შ. მისი როლი ძალიან დიდია ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებშიც.
ბუნებრივი გარემო, როგორებიცაა კლიმატი, მიწის ნაკვეთები, მდინარეები და მთები, განსაზღვრავს შრომის სახეობასა და სოციალური ურთიერთობების სტრუქტურას. მადნებმა და ნავთობმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებზეც, აქედან გამომდინარე, რესურსების სიმდიდრე ან სიმწირე ხშირად ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრატეგიებს აყალიბებს. თითოეული ბუნებრივი გარემო თავისი სპეციფიკური გამოწვევებით წარმართავს ადამიანის ცხოვრების წესსა და კულტურას.
საცხოვრებელი გარემოს მიხედვით (როგორებიცაა ქალაქი, სოფელი, ზღვის ნაპირი ან მთიანი რეგიონი) ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ის მოქმედებს პიროვნების ხასიათზე, სოციალურ ურთიერთობებზე, ემოციურ მდგომარეობასა და, ზოგადად, ცხოვრების სტილზე.ჩვენი საცხოვრებელი გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვგრძნობთ თავს, როგორ ვიქცევით და როგორ ვავითარებთ სოციალურ და ემოციურ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ჩვენს იმედებსა და მიზნებს. გარემო ადამიანის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე მრავალმხრივ ზემოქმედებს, რაც ქმნის უნიკალურ კულტურულ და ინდივიდუალურ სურათებს განსხვავებული ბუნებრივი პირობების მიხედვით.
ამ სტატიაში კი გვსურს, ვისაუბროთ "არქიტექტურის ფსიქოლოგიაზე", რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ, როცა საქმე საცხოვრებელ სივრცეს ეხება, ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური ადგილი, სადაც თავს ვაფარებთ, მას ემოციური ზემოქმედების დიდი უნარიც აქვს.
„არქიტექტურის ფსიქოლოგია“, გახლავთ სფერო, რომელიც სწავლობს იმას, თუ როგორ მართავს ჩვენს განწყობასა და ქცევას საცხოვრებლის დიზაინი. ის მოიცავს იმ პროცესების ანალიზს, რომლებიც დაკავშირებულია სივრცულ დიზაინთან, იმ ტიპებისა და სტილის ერთობლიობასთან, ადამიანის ემოციურ და სოციალურ მდგომარეობას რომ განსაზღვრავს.
არქიტექტურა ხშირად ასახავს კულტურულ და ისტორიულ ფასეულობებს, რაც გავლენას ახდენს ადამიანების თვითშეფასებასა და სიამაყეზე. ადგილობრივი არქიტექტურული ნიმუშები კულტურული ტრადიციების, ისტორიისა და ვიზუალური გემოვნების სარკეა. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვგრძნობთ თავს იმ სივრცეში, რომელშიც ვცხოვრობთ ან ვმუშაობთ. ამიტომაც სივრცის დიზაინი და განლაგება შეუფასებელი ფაქტორებია ჩვენი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ბედნიერებისთვის.
არქიტექტურის ფსიქოლოგია უზრუნველყოფს საფუძველს, რომ დიზაინი მოერგოს ადამიანის საჭიროებებსა და განწყობებს. ეს არა მხოლოდ აუმჯობესებს გარემოს ფუნქციურობას, არამედ სიმშვიდეს მატებს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას. ამიტომაც დიზაინის შემუშავების პროცესში უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს წვდომა ბუნებრივ გარემოზე, როგორიცაა ხეების, მცენარეებისა და წყლის მიმდებარე სივრცეები, ხშირად ნაკლებ სტრესს განიცდის და ემოციურად უკეთეს მდგომარეობაშია. ამგვარი გარემო სტაბილურობის, ბუნებრივი სილამაზისა და სიმშვიდის განცდას ქმნის, რაც პიროვნული ხასიათის ფორმირებაზე დადებითად მოქმედებს. შესაბამისად, არქიტექტურაში „მწვანე“ ელემენტების ინტეგრირება ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია დასახული მიზნის მისაღწევად.
აუცილებელია, რომ დაცული იყოს მშენებლობის სტანდარტები, შენობას უნდა ჰქონდეს ალტერნატიული გასასვლელები, მყარი სტრუქტურა, ხმის კარგი იზოლაცია. ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებული და ენერგოეფექტური სახლები კი ხელს უწყობს კეთილდღეობასა და გარემოს უსაფრთხოებას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ადამიანების ემოციურ სიმშვიდეს უზრუნველყოფს.