1730638330

სამუშაო ოთახის 2024 წლის ტრენდები

სამუშაო ოთახის ტენდენციების ჰედერი

ავტორი

ნინი მეტრეველი

პანდემიის შემდეგ, უამრავი ადამიანი მუშაობის ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა. დისტანციური სამსახური ბევრისთვის საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა და ამან, გარკვეულწილად, საჭიროებაც გააჩინა, რომ სახლში შესაბამისი გარემო შევიქმნათ.

თუ იმდენად გაგიმართლათ, რომ ბინაში ოფისის მოსაწყობად ცალკე ოთახი გაქვთ, იდეალური სამუშაო გარემოს შესაქმნელად რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ:

სიმწვანე სამუშაო გარემოში

ის, რაც ურბანულ გარემოში ყველაზე ხშირად გვაკლია, ბუნებასთან სიახლოვეა. არადა, სიმწვანე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ სამუშაო გარემოშია. როგორც დიზაინერები ამბობენ, მცენარეები ქმნიან მშვიდ, კომფორტულ გარემოს, გვეხმარებიან კონცენტრირებაში და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაშიც კი. ამიტომ, სამუშაო ოთახის 2024 წლის ტრენდები, პირველ რიგში, აუცილებლად გულისხმობს სივრცის მცენარეებით გაფორმებას.

ქოთნის პატარა ყვავილები იქნება, მოზრდილი ბუჩქები თუ ვერტიკალური ბაღი, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ოთახში სიმწვანე იმ რაოდენობით განათავსოთ, რა რაოდენობაც თქვენთვის სიმშვიდის მომტანი იქნება.

მოსასვენებელი სივრცე

სამუშაო ოთახი აუცილებლად სრულად სამუშაო სივრცეს არ გულისხმობს. პირიქით, ასეთი გარემო, შეიძლება, გარკვეულწილად, სტრესის გამომწვევიც გახდეს. ნებისმიერ ადამიანს სჭირდება რამდენიმე წუთიანი შესვენება და საოფისე სკამიდან ადგომა. იმისათვის, რომ ყურადღება არ გაგეფანტოთ და მუშაობის განწყობა არ დაკარგოთ, უმჯობესი იქნება, თუ კომფორტულ, მოსასვენებელ სივრცეს სამუშაო ოთახშივე მოიწყობთ.

ასეთ სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი კომფორტული სავარძელი, ან დივანია. სახლის ოფისის დიზაინზე მუშაობისას, აუცილებლად გაითვალისწინეთ კუთხე, რომელიც მხოლოდ თქვენს გემოვნებასა და კომფორტზე იქნება მორგებული, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, საქმიანი შეხვედრისთვისაც გამოგადგებათ.

დღის შუქი

ბუნებრივი განათება ოფისის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღის შუქი ბევრისთვის ენერგიის წყაროა და პროდუქტიულობაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, სასურველია, სამუშაო პროცესისთვის ნათელი, ფართო ფანჯრებიანი ოთახი შეარჩიოთ.

როდესაც ოთახში საკმარისი ბუნებრივი განათებაა, ნაკლებად გვეძაბება თვალი და გვიუმჯობესდება განწყობაც. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ღამით მუშაობა უფრო კომფორტულია, გაითვალისწინეთ, რომ ჩაბნელებული გარემო პროდუქტიულობას ამცირებს და განათებისთვის დღის შუქის ნათურები გამოიყენეთ.

დეკორაცია

როგორც წესი, სამუშაო ოთახი დეკორაციებით დატვირთული არ უნდა იყოს, რათა საქმეზე კონცენტრირდეთ და თქვენი ყურადღება აქსესუარების თვალიერებამ არ გაფანტოს. შეარჩიეთ ორი-სამი პოსტერი, ნახატი, ან აქსესუარი, რომელიც თქვენს განწყობაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს. ნუ გადატვირთავთ ოთახს სხვადასხვა კაშკაშა ფერით, ბრჭყვიალა, ან პრიალა ტექსტურებით.

თუ სამუშაო ოთახისთვის დამატებითი სივრცე არ გაქვთ

პანდემიის პერიოდში, ჩვენი მისაღები თუ საძინებელი ოთახის კუთხეები, ძალაუნებურად გადაკეთდა სამუშაო სივრცეებად. ასე რომ, თუ ბინაში კაბინეტისთვის ცალკე ოთახი არ გაქვთ, ნუ იდარდებთ, ადაპტირება ნებისმიერ გარემოში შესაძლებელია.

შესაბამისი დიზაინის შემუშავებითა და სწორი ავეჯის შერჩევით, მისაღებ ოთახსა და კაბინეტს შორის საზღვარს უპრობლემოდ გაავლებთ. შეგიძლიათ, სამუშაო მაგიდასა და მისაღებ ოთახს შორის დასაკეცი კედელი დადგათ. კომფორტულია ტიხრის ნაცვლად, მაღალი თაროს გამოყენებაც, რომელიც საბუთებისა, თუ ბაინდერების შესანახადაც გამოდგება. ხმის იზოლაციაში კი შესაბამისი ყურსასმენები დაგეხმარებათ.

ასეთ მცირე სივრცეშიც, თქვენს განწყობაზე ბევრი დეტალი მოქმედებს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ქოთნის პატარა მცენარეების, დღის განათებისა თუ დეკორაციის სიმრავლის შესახებ რჩევებს ამ შემთხვევაშიც გაითვალისწინებთ.




მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები