1727346300
ავტორი
ნინი მეტრეველი
ბოლო რამდენიმე წელია, სააბაზანო ოთახს ტრადიციული დანიშნულების გარდა, დეკორატიული ფუნქციაც აქვს. ინტერიერის თანამედროვე დიზაინერებს, ახალი ტრენდების თანახმად, აბაზანაში შეაქვთ ისეთი ნივთებიც, როგორებსაც, ერთი შეხედვით, იქ არაფერი ესაქმებათ. წიგნები, ნახატები, რბილი ავეჯი, მცენარეები - ცხადია, ამ ყველაფრის გარეშეც შეძლებთ აბაზანის დანიშნულებისამებრ გამოყენებას, თუმცა, ავეჯითა და აქსესუარებით ინტერიერის გამდიდრება სულაც არ არის ცუდი იდეა.
მეტიც, ბოლო წლებია, დიზაინერები საუბრობენ, რომ აბაზანა არ არის მხოლოდ ფუნქციური სივრცე. ეს არის ოთახი, სადაც ადამიანები ისვენებენ, განიტვირთებიან და თავის მოვლის რუტინას სასიამოვნო რიტუალადაც აქცევენ.
მიმდინარე წელს, აბაზანის ინტერიერში რამდენიმე ტრენდი გამოიკვეთა.
2024-ში ვარდისფერის ტონები წლის ფერადაც აღიარეს, მაგრამ მისი გამოყენება სააბაზანოში განსაკუთრებით ტრენდულია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ვარდისფერი სივრცეს სიმშვიდისა და ჰარმონიის განცდას მატებს. ასეთ ტონებში შეღებილ კედლებს, ან ფილებს, თავისუფლად შეგიძლიათ შეუხამოთ როგორც შავი, ისე - თეთრი სააბაზანო ავეჯი. ძალიან უხდება გამწვანება და, ზოგადად, მწვანე აქსესუარებიც.
თუ მრავალფეროვანი დიზაინი არ გიზიდავთ, შეგიძლიათ, აბაზანა შავი, ანუ მუქი ნაცრისფერი ფილებით გააწყოთ. ინტერიერის დიზაინერები განმარტავენ, რომ მუქ ფერებში გადაწყვეტილი აბაზანა სპა-ცენტრის ასოციაციას აჩენს და მეტად დახვეწილ გარემოსაც ქმნის.
ისევე, როგორც ზოგადად ინტერიერის დიზაინში, წელს აბაზანაშიც ბუნებრივი მასალებია ტრენდული. კერამიკის ნაცვლად, ქვის ნიჟარა, ბამბუკის აქსესუარები, ხის ფაქტურის თაროები და კარადები ნამდვილად ქმნის ბუნებასთან სიახლოვის განცდას. საკმაოდ პოპულარულია იატაკზე ისეთი ფილების გამოყენებაც, რომელიც, ერთი შეხედვით, კენჭების ვიზუალურ ილუზიას ქმნის.
თუ სივრცე ამის საშუალებას იძლევა, საკმაოდ ტრენდულია აბაზანაში ბუნებრივი განათების არსებობაც. დიდ ფანჯრებსა და მზის სინათლეს ბუნებასთან სიახლოვის განცდა მოაქვს.
დაწნული კალათები და ავეჯი, ნახატები კედლებზე, განსხვავებული სარკეები და არასტანდარტული განათება - ეს ყველაფერი გემოვნების საკითხია და ასეთი აქსესუარების სწორად შერჩევით, სააბაზანო სივრცეში თქვენს ინდივიდუალიზმსაც გამოხატავთ.
თუმცა, ინტერიერის დიზაინერების რჩევაა, ხასიათის მიუხედავად, აუცილებლად შევიტანოთ ოთახის მცენარეები სააბაზანოს ინტერიერში. სპეციალისტები განმარტავენ, რომ აბაზანის გამწვანებით იქმნება მშვიდი გარემო და, რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერი.
ეკომეგობრულობა და მდგრადობა 2024 წელს მთავარი მიმართულებაა ყველა სფეროში, მათ შორის, აბაზანის ინტერიერშიც. ამის გარანტი კი ჭკვიანი ტექნიკაა. ჭკვიანი თერმოსტატები, მოწყობილობები, რომლითაც ვზოგავთ წყალსა თუ ელექტროენერგიას - ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ხარჯების ოპტიმიზაციასა და რესურსების ეკონომიურად გამოყენებაში.
განსაკუთრებით პოპულარულია სენსორული ონკანები, სარკეები, რომლებსაც ჩაშენებული აქვთ სენსორული განათება და ორთქლის დაგროვების საწინააღმდეგო ტექნოლოგიები. გარდა ამისა, ტრენდული ხდება ჭკვიანი ტუალეტებიც, ჩაშენებული გათბობის სისტემითა და თვითწმენდის ფუნქციებით.
საბოლოო ჯამში, 2024 წლის მთავარი ტენდენცია აბაზანაში ფუფუნებისა და ფუნქციური ავეჯის შერწყმაა. სახლის აბაზანის სპად გადაქცევა კი შესაძლებელია ბუნებრივი მასალების, გამწვანების, ტრენდული დიზაინისა და ჭკვიანი ტექნიკის გაერთიანებით.