1731497220
ავტორი
მაკო აბესაძე
2021 წელს საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“ ამოქმედდა. დოკუმენტის მიზანია, ნებისმიერი საზოგადოებრივი ობიექტი – საჯარო სარგებლობის შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი სივრცეები, ქუჩები, საავტომობილო გზები, სარეკრეაციო ზონები – ყველა კატეგორიის შეზღუდვის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი გახადოს. საბოლოოდ კი, თანაბარი პირობები შეუქმნას სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს.
ამ ტექნიკური რეგლამენტის მიღება ნიშნავს, რომ ნებისმიერი სამშენებლო პროექტი, რომელიც მასში გაწერილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ვეღარ დამტკიცდება.
დოკუმენტის მიხედვით, დროთა განმავლობაში მისაწვდომობის სტანდარტებზე უნდა გადაეწყოს უკვე არსებული ობიექტებიც. რეგლამენტის მიღებიდან 3 წელზე მეტი გავიდა, თუმცა შშმ პირთათვის მისაწვდომობის კუთხით, ვითარება მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.
მაინც რას გულისხმობს ტერმინი მისაწვდომობა, რამდენად არის გათვალისწინებული ახალი სტანდარტები სამშენებლო პროექტებში და რა არის რეალურად საჭირო შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის? – ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს სახალხო დამცველის შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრ კობა ნადირაძეს ვესაუბრეთ.
— ბატონო კობა, რას მოიცავს ტერმინი მისაწვდომობა შშმ პირებთან მიმართებით?
— მისაწვდომობა ფართო ტერმინია და ბევრ კომპონენტს მოიცავს. ერთი მხრივ, ის გულისხმობს ფიზიკური გარემოს შესაბამისი სტანდარტებით მოწყობას – ეს იქნება შენობა-ნაგებობები, ქუჩები თუ საგზაო ინფრასტრუქტურა. მისაწვდომობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია გადაადგილების საშუალებებიც, რომლებიც საზღვაო, სახმელეთო, საზოგადოებრივ და საჰაერო ტრანსპორტს აერთიანებს. ის, ასევე, მოიცავს ხმოვან და ვიზუალურ საკომუნიკაციო არხებს უსინათლო, მხედველობის სირთულის მქონე, ყრუ, სმენის სირთულის მქონე და სხვა საჭიროებების მქონე პირებისათვის. არ უნდა გამოგვრჩეს ფსიქო-სოციალური სირთულეების მქონე ადამიანებიც, რომელთა საჭიროების დასაკმაყოფილებლადაც შესაძლოა სპეციფიკური საშუალებების გამოყენება გახდეს საჭირო.
იმისათვის, რომ გარემო ნებისმიერი კატეგორიის შშმ პირთათვის გავხადოთ მისაწვდომი – უსაფრთხო და კომფორტული, აუცილებელია ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინება.
— რა მდგომარეობაა მისაწვდომობის თვალსაზრისით საქართველოში?
— მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რამდენიმე წელია მოქმედებს რეგლამენტი, რომელშიც გაწერილია გარემოს მოწყობის სპეციალური სტანდარტები, ფაქტია, მათი გათვალისწინება რეალობაში იშვიათად ხდება. შშმ პირები ჯერ კიდევ აწყდებიან გადაულახავ დაბრკოლებებს, მათთვის არ არის მისაწვდომი მეტრო და მიკროავტობუსები. შშმ ადამიანებს ადაპტირებული ავტობუსებით დამოუკიდებლად მგზავრობაც უჭირთ, რადგან შესაბამისი სტანდარტებით არ არის მოწყობილი გაჩერებების დიდი ნაწილი.
როდესაც საქართველოში მისაწვდომობის არარსებობაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ჩვენს დაკვირვებასა და გამოცდილებას ვეყრდნობით, რადგან არ გვაქვს შესაბამისი ინდიკატორები მისაწვდომობის გასაზომად. არც სტატისტიკა იწარმოება, სადაც პროცენტულად დავინახავდით, რამდენ ობიექტზე არის სტანდარტი დაცული და რამდენი პროექტი არის დარღვევით შესრულებული. მონაცემების არარსებობა და სტანდარტების განხორციელების არშეფასება პირდაპირ ნიშნავს, რომ სახელმწიფოსთვის ეს საკითხი პრიორიტეტული არ არის.
— როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებისათვის?
— შშმ პირთა უფლებების კონვენციის მიხედვით, საკანონმდებლო აქტების სპეციალურად შშმ პირებისთვის მიღება, მიზანშეწონილი არ არის. რეალურად, ჩვენ უკვე გვაქვს დადგენილებები, რომლებშიც გაწერილია შენობა-ნაგებობის, საგზაო ინფრასტრუქტურისა თუ სხვა სივრცეების მოწყობის წესები და უსაფრთხოების ნორმები. სახელმწიფო მათ ზედამხედველობასაც ახდენს და მონაცემებსაც აგროვებს. სწორედ ამგვარ დადგენილებებში ანუ ერთიან სისტემაში უნდა მოხდეს მისაწვდომობის სტანდარტების ინკორპორირება. ამ შემთხვევაში მათი აღსრულებაც უფრო ეფექტურად მოხდებოდა. ამასთან ერთად, გარემო, რომელიც შშმ პირთათვის მისაწვდომია, კომფორტული და უსაფრთხოა ხანდაზმულებისთვისაც, მშობლებისთვის, რომლებიც ბავშვის ეტლით გადაადგილდებიან და ა.შ. ანუ შენობა-ნაგებობისა თუ სხვადასხვა სივრცეების მისაწვდომობის სტანდარტებით მოწყობა, ერთნაირად საჭიროა როგორც შშმ პირებისთვის, ისე შეზღუდვის არმქონე ადამიანებისთვის.