1745331900
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
მსოფლიოში 8,2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 15%, ანუ 1,3 მილიარდი ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა თანასწორი უფლებების, დამოუკიდებლობისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელია. სწორედ ეს ქმნის მათთვის სოციალური ჩართულობისა და სრული რეალიზების შესაძლებლობას.
შეზღუდული შესაძლებლობები განაჩენი რომ არ არის, ამის ნათელი მაგალითია სტივენ ჰოკინგი — ადამიანი, რომელსაც მოტონეირონული დაავადება ჰქონდა. ჰოკინგისთვის მძიმე დაავადებას ხელი არ შეუშლია, ასტროფიზიკაში წარმატებული კარიერა და ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ჰქონოდა. თუმცა აღიარებდა, რომ მას ძალიან გაუმართლა, ხოლო სხვებისთვის პრობლემას ქმნის გარემო, სადაც მათი თვითრეალიზაცია უნდა მოხდეს (განსაკუთრებით დაბალგანვითარებული ქვეყნები) და სადაც, ჰოკინგის მსგავს ადამიანებს, ობიექტური თუ სუბიექტური პირობების გამო, მთელ რიგ სერვისებზე წვდომა არ აქვთ.
წარმატებული ფიზიკოსი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2011 წლის ანგარიშის შესავალ სიტყვაში წერდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ უნდა იყოს დაბრკოლება წარმატებისთვის. მისი მიზანი იყო, მსოფლიოსთვის დაენახვებინა, რა ბარიერების წინაშე არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და როგორ შეიძლება პირობების გაუმჯობესებამ მათი ცხოვრება შეცვალოს.
„მე ვსარგებლობ მაღალი დონის სამედიცინო სერვისით. პირადი ასისტენტების გუნდი მაძლევს შესაძლებლობას, ვიცხოვრო ღირსეულად. ჩემი სახლი და სამუშაო ადგილი ჩემთვის ბევრ შესაძლებლობას ქმნის. კომპიუტერის სპეციალისტებმა მომცეს შესაძლებლობა, უზრუნველყოფილი ვყოფილიყავი საკომუნიკაციო სისტემითა და მეტყველების სინთეზატორით, რაც მეხმარება ლექციებისა თუ ნაშრომების დამუშავებასა და სხვადასხვა აუდიტორიასთან კომუნიკაციაში.
მე გამიმართლა, მაგრამ ნათელია, მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უმრავლესობა იბრძვის ყოველდღიური გადარჩენისთვის; რომ არაფერი ვთქვათ პროდუქტიულ დასაქმებასა და პიროვნული საჭიროებების დაკმაყოფილებაზე“.
ამავე ანგარიშში ჰოკინგი წერდა, რომ შშმ პირები დიდ ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ფინანსურ ბარიერებს აწყდებიან და მათი დაძლევა არა მხოლოდ ჩვენს ხელშია, არამედ ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა მათი პოტენციალის წარმოსაჩენად. მას წარმოუდგენლად მიაჩნდა იმ ასობით მილიონი ადამიანის ბედი, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის სერვისებზე, რეაბილიტაციაზე, განათლებასა და დასაქმებაზე და არსებული რეალობა არ აძლევთ „გაბრწყინების“ შანსს.
დიდი ფიზიკოსი იმედოვნებდა, რომ ანგარიშში გამოქვეყნებული რეკომენდაციები ადგილობრივ, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე შექმნიდა ინსტრუმენტს, რომელიც გადამწყვეტი იქნებოდა პოლიტიკის შემქმნელებისთვის.
2011 წლის შემდეგ ბევრ ქვეყანაში ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა და არც შშმ პირებისთვის გაუმჯობესებულა პირობები. პრობლემას ის ართულებს, რომ მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა 80% ცხოვრობს დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში და ისინი გაცილებით ხშირად აწყდებიან სიღარიბის რისკს, სერვისების ხელმისაწვდომობის შეზღუდვას და დასაქმების ნაკლებ შესაძლებლობას. ამას ერთვის ისიც, რომ დაახლოებით 190 მილიონ ადამიანს აქვს ისეთი ტიპის შეზღუდული შესაძლებლობა, რომელიც გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე (მაგალითად, გადაადგილებასა ან დამოუკიდებლად ცხოვრებაზე).
ამის მიუხედავად, არის ქვეყნები და კონკრეტული ქალაქები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, გააუმჯობესონ გარემო და შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის გაამარტივონ ცხოვრება.
ვენა შშმ პირებისთვის Acess City Award 2025-ის ლაურეატი გახდა. ევროკავშირის ყოველწლიური პრემია ავსტრიის დედაქალაქმა საჯარო სივრცეებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და საჯარო სერვისებზე შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისთვის მიიღო.
ვენის ინიციატივებმა მოიცვა ურბანული ცხოვრების თითქმის ყველა მიმართულება, მათ შორის დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, საცურაო აუზების ინფრასტრუქტურის მოწყობა და ჭკვიანი შუქნიშნების დანერგვა. მეტროსადგურების, ავტობუსებისა და ტრამვაის გაჩერებების 95%-ზე მეტი ტაქტილური მართვის (შეხებითი შეგრძნებების მქონე) სისტემებით აღიჭურვა, მულტისენსორული სისტემების გამოყენებით კი ავტობუსებით გადაადგილება შშმ პირებისთვის კიდევ უფრო გაადვილდა.
ვენა სტატუსის მიღებამდეც ურბანული დაგეგმარებითა და საზოგადოებრივი სერვისების წყალობით ხშირად სახელდებოდა ინკლუზიური ქალაქების ჩამონათვალში. აქ მეტროსადგურები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე დიდი ხანია აღჭურვილია ლიფტებით, დაბალი შესასვლელებით და აუდიო შეტყობინებების სისტემით. ტროტუარების უმეტესობა დაბალია და გადასასვლელებზე მოწყობილია პანდუსები. მრავლად არის სპეციალური საპარკინგე ადგილები. მუზეუმები, თეატრები და სხვა კულტურული დაწესებულებები ეტლებისთვის შესაფერისი სივრცეებით მასპინძლობს შშმ პირებს. ქალაქის მუზეუმებში ექსკურსიები ჟესტების ენითაც იმართება, ექსპონატებზე კი აღწერა ბრაილის შრიფტითაც არის დატანილი.
ქალაქს მომავლისთვისაც გამორჩეული გეგმები აქვს. ამას ემსახურება „ინკლუზიური ვენა 2030 სტრატეგია“. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ვენის მიდგომა არის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი თუ როგორ შეუძლიათ დიდ ქალაქებს ურბანულ დაგეგმარებაში გაითვალისწინონ შშმ პირების საჭიროებები — ძველი შენობების განახლებიდან დაწყებული ახალი ნაგებობების დაპროექტებამდე.
ევროკავშირის პრიზის 2024 წლის გამარჯვებული ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე მდებარე ქალაქი, სან კრისტობალ დე ლა-ლაგუნა იყო. ესპანურმა ქალაქმა ეს პრიზი შშმ პირთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ყოვლისმომცველი მიდგომების გამო მიიღო. ძალისხმევა მიმართული იყო ურბანული სივრცეების ხელმისაწვდომობაზე, სატრანსპორტო სისტემებზე და სოციალურ აქტივობებზე. სან კრისტობალ დე ლა ლაგუნამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ ხელმისაწვდომობას მიაღწია, დანერგა აკუსტიკური შუქ-ნიშნები და ტაქტილური სისტემები. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევა გადაწყვეტილების მიღებაში შშმ პირთა ჩართულობა და ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური ომბუდსმენის ინსტიტუტი.
კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურითა და ინკლუზიური გარემოთი გამოირჩევა სტოკჰოლმი. ლიფტები და ტაქტილური სისტემები არც შვედეთის დედაქალაქისთვისაა უცხო. სახელმწიფო დაფინანსებით მოქმედებს სპეციალური ტაქსის სერვისი (Färdtjänst), რომელიც მორგებულია შშმ პირების საჭიროებებზე. გარდა ამისა, მათ აქვთ შესაძლებლობა მოითხოვონ პერსონალური ასისტენტი ცხოვრების გასამარტივებლად.
ტრანსპორტის მობილური აპლიკაციები სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს დეტალურ ინფორმაციას აწვდის ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე. სტოკჰოლმის საჯარო შენობები, კულტურული დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები და საპირფარეშოები (რომ არაფერი ვთქვათ ბაღებზე, სკოლებსა და უნივერსიტეტებზე) თითქმის წარმოუდგენელია შესაბამისი ლიფტებისა და პანდუსების გარეშე. ტურისტულ ობიექტებზე, მათ შორის კატერებსა და ნავებზე, დანერგილია ადაპტირებული ინფრასტრუქტურა. მთლიანობაში, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც ქალაქი შშმ პირებს სთავაზობს და ამ შეთავაზებებით ის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად მიიჩნევა.
სახელმწიფოსგან დაფინანსებული ტაქსის სერვისით (TT-kort) სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ შშმ პირებს ოსლოშიც. ერთ-ერთი გამორჩეულია ნორვეგიის შრომის ბაზარი და ქვეყანაში მოქმედებს ბევრი მხარდამჭერი პროგრამა. როგორც ბევრ პორტალზე იძებნება, ბიზნესი ამ მიმართულებით განსაკუთრებით ლოიალურია და ამას განაპირობებს ქვეყნის პოლიტიკაც, რომელიც დამსაქმებლებს შშმ პირის დასაქმების შემთხვევაში ფინანსური სტიმულირების მექანიზმს სთავაზობს.
სამაგალითო ქალაქებს შორისაა ბერლინიც. ინკლუზიური გარემოს შექმნა პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურის, კულტურული თუ სოციალური თვალსაზრისით. პანდუსების, ლიფტების, შესაბამისი ტაქსებისა და სხვა ადაპტირებული გარემოს შექმნასთან ერთად, კულტურული ღონისძიებების დროს დანერგილია ისეთი სერვისები, როგორებიცაა ჟესტების ენის თარჯიმნები და ადაპტირებული სივრცეები, მოქმედებს სახელმწიფო სუბსიდიები და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა შშმ პირების შრომის ბაზარზე ინტეგრაციას უწყობს ხელს.