1732015921

ქალაქები, სადაც სიმწვანე უძრავ ქონებაზე ძვირად ფასობს

ქავერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისას ჩემი პირველი შთაბეჭდილება, არქიტექტურასთან ერთად, მასიურად გამწვანებულ ზონებს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უზარმაზარ პარკებს და ქუჩებზე უჩვეულოდ შემოჭრილ ბუნებრივ საფარს უკავშირდება, რაც აღფრთოვანებასთან ერთად ერთგვარ გულისტკივილს მიტოვებს, რადგან ქალაქში, სადაც ვცხოვრობ, პარკებისა და გამწვანების ადგილს ბეტონის კონსტრუქციები და თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე აღმართული საცხოვრებელი კომპლექსები იკავებს. ამგვარი განცდა, ალბათ, თქვენთვისაც ნაცნობია და ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რაც თბილისის მცხოვრებლების უმეტესობას გვაწუხებს — არასაკმარისი სიმწვანე, რაც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობასა და ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახება.

მწვანე საფარის გავლენა გარემოსა და ადამიანზე

მწვანე საფარს — პარკებს, ტყეებსა თუ ბაღებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ურბანული გარემოს ჩამოყალიბებაში, ქალაქის იერსახისა და ცოცხალი, ჯანსაღი სივრცის შექმნაში. გამწვანებული ტერიტორიების არსებობა ქალაქის ეკოლოგიურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ ფაქტორებზე დიდ ზეგავლენას ახდენს და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლსაც თამაშობს.

ეკოლოგიური სარგებელი: ქალაქები, როგორც წესი, ინფრასტრუქტურის, შენობების სიმრავლით და მოსახლეობის რაოდენობით გამოირჩევა, ამიტომ ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს მისაღებად კრიტიკულად მნიშვნელოვანია მწვანე საფარის არსებობა, რომელიც ნახშირორჟანგისა და დამაბინძურებელი ნივთიერებების შთანთქმას, ჰაერის გაწმენდას და მის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, გამწვანება გადამწყვეტ როლს ასრულებს მიკროკლიმატის დარეგულირებაში, ამცირებს სითბური ეფექტის წარმოშობის რისკებს და მაღალი ტემპერატურის შემცირებას განაპირობებს, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს როგორც ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ასევე გარემოს გაუმჯობესებასა და სიჯანსაღეზე.

სოციალური სარგებელი: არაერთი ფსიქოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ ბუნებასთან სიახლოვე ადამიანის მენტალურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება, სხეულსა და გონებას მოდუნების, ეფექტურად დასვენების შესაძლებლობას აძლევს, სტრესის დონეს ამცირებს და პიროვნების ფსიქიკურ კეთილდღეობას უწყობს ხელს. ასევე, ქალაქში მრავლად არსებული მწვანე ტერიტორიები სოციალური კუთხით კიდევ ერთ უპირატესობას იძლევა და ფიზიკურ აქტივობას, ჯანსაღი ცხოვრების წახალისებას უწყობს ხელს, ქმნის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და სოციალურ ურთიერთობებს აუმჯობესებს.

ეკონომიკური სარგებელი: მწვანე საფარი უძრავი ქონების ღირებულებაზე უდიდეს გავლენას ახდენს და ფასს საგრძნობლად ზრდის. ბუნების სიახლოვეს საცხოვრებელი თუ კომერციული ობიექტები ბევრად მიმზიდველია, რაც უძრავი ქონების ღირებულებას ზრდის. ამასთან ერთად, გამწვანება ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესისა და ტურიზმის წახალისებას.

ქალაქები, სადაც გამწვანებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და უპირატესობა ენიჭება

მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მწვანე საფარის მნიშვნელობას და მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე უდიდეს რესურსს ხარჯავს. ასეთი ქალაქები მწვანე საფარის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ხასიათდება და სიმწვანე ურბანულ გარემოში ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ჰარმონიულად თანაარსებობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი მასზე ზრუნვას უპირატესობაც კი ენიჭება.

ოსლო

ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო, რომელიც ოსლო-ფიორდის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს, ბორცვიანი ადგილმდებარეობითა და ბუნებრივი გამწვანებით გამოირჩევა. ქალაქის დაახლოებით 60-70% სწორედ ბუნებრივ საფარს უჭირავს. ოსლო გამწვანების, გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით და ბიომრავალფეროვნების დაცვის მკაცრი პოლიტიკით გამოირჩევა. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა 2030 წლისთვის სათბური გაზების ემისიის 95%-მდე შემცირება, რა მიზნითაც ხელს უწყობს პარკებისა და სკვერების გაფართოებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და სატრანსპორტო რეფორმების ჩატარებას. ქალაქის პრიორიტეტული დამოკიდებულება გამწვანების ზრდისა და მისი შენარჩუნების მიმართ პირდაპირ ზეგავლენას ახდენს უძრავი ქონების ღირებულებაზეც. საშუალოდ, ბუნებრივ გამწვანებასთან მდებარე უძრავი ქონება ოსლოში 10-18%-ით ძვირი ღირს, რაც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს საბოლოო ფასზე და ფაქტობრივად უძრავი ქონების საწყის ღირებულებას საკმაოდ აძვირებს.

ვენა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქალაქში მწვანე საფარის მაჩვენებელი 1 სულ მოსახლეზე არანაკლებ 9 მ² უნდა იყოს, რაშიც ქალაქის მოსახლეობის რაოდენობისა და მწვანე საფარის თანაფარდობა იგულისხმება, რის მიხედვითაც აღნიშნული გამწვანების კოეფიციენტი დგინდება. ამ თვალსაზრისით, ავსტრიის დედაქალაქი ვენა ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს და დაახლოებით ერთ სულ მოსახლეზე მწვანე საფარის მაჩვენებელი 120 მ²-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქის ტერიტორიის 50% გამწვანებას უჭირავს, სადაც პარკებსა და ტყეებზე დაახლოებით 45% მოდის. ქალაქში არსებობს 990-ზე მეტი პარკი, ვენის ქუჩები კი 95 000-ზე მეტი ხე-მცენარით არის მოწყობილი, რაც მდგრადი, ჯანსაღი და მრავალფეროვანი გარემოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია. ხაზგასასმელია ისიც, რომ ვენა მსოფლიოში ერთ-ერთ მწვანე ქალაქად ითვლება, რის გამოც უძრავი ქონების ფასი მაღალია. საშუალოდ, პარკებთან და მწვანე საფართან ახლოს მდებარე უძრავი ქონება და ბინები 10-15%-ით ძვირია ნაკლებად გამწვანებულ ადგილებთან შედარებით.

სინგაპური

სინგაპური, რომელიც „ბაღის ქალაქად" არის მოხსენიებული, ურბანული გამწვანებისა და მწვანე არქიტექტურის მიმართ განსაკუთრებული მიდგომებით გამოირჩევა. 1960-იანი წლებიდან სინგაპურმა „მწვანე ქალაქის" კონცეფციის განვითარება დაიწყო და დღეს ქალაქის 47%-ზე მეტი გამწვანებულ საფარს უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპური მჭიდროდ დასახლებული რეგიონია, გარემოს დაცვის მიზანმიმართული პოლიტიკა მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მწვანე ქალაქად აქცევს, რაც არა მხოლოდ ბუნებრივი პარკებისა და ტყეების გაშენებაში ვლინდება, არამედ მწვანე არქიტექტურის, შენობებისა და სახურავების გამწვანებაში, ვერტიკალური ბაღების დანერგვაში გამოიხატება, რომელსაც ქალაქი 2008 წლიდან ახორციელებს. 2030 წლისთვის სინგაპური გეგმავს, რომ ინფრასტრუქტურის 80% მწვანე შენობებმა დაიკავოს და დამატებით სპეციალური ბაღები და პარკები მოეწყოს თერაპიული დანიშნულებისთვის. უნდა ითქვას ისიც, რომ მოსახლეობის სიმრავლისა და მიწის მცირე რესურსის გამო უძრავი ქონების ფასი სინგაპურში საკმაოდ მაღალია, რაზეც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს გამწვანების პოლიტიკა და მწვანე საფარის მზარდი ზრდა. ამის გამო გამწვანებული ტერიტორიის სიახლოვე უძრავი ქონების საფასურს დაახლოებით 10-20%-ით ზრდის, ხოლო სტანდარტულ საცხოვრებელთან შედარებით, მწვანე შენობებში ბინების ფასი საშუალოდ 15-20%-ით მაღალია.

ვანკუვერი

კანადის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი ვანკუვერი მსოფლიოში მწვანე საფარის რაოდენობითა და ეფექტური მწვანე პოლიტიკის მიმართულებით გამოირჩევა. ქალაქის 40%-ზე მეტი მწვანე საფარზე მოდის და ქალაქის ინფრასტრუქტურაც გამწვანებული შენობებითა და ვერტიკალური ბაღებით ხასიათდება. ვანკუვერი მიზნად ისახავს მწვანე საფარის გაზრდას და არსებული ბუნებრივი ზონების შენარჩუნებას, ამისათვის კი აქტიურად ახორციელებს ხეების დარგვის პროგრამებს და მათი დაცვის მკაცრ რეგულაციებს უზრუნველყოფს. ვანკუვერში, სხვა ქალაქების მსგავსად, მწვანე საფართან სიახლოვე დიდად ზემოქმედებს უძრავი ქონების ღირებულებაზე. მაგალითად, უძრავი ქონების ფასი მწვანე ზონებთან 8-10%-ით მაღალია, ხოლო ქალაქის ყველაზე ცნობილ პარკთან — სტენლის პარკთან სიახლოვე უძრავი ქონების ფასს დაახლოებით 20%-მდე ზრდის.

სიდნეი

ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ტერიტორიის დაახლოებით 46% მწვანე ზონას უჭირავს, რაც როგორც ბუნებრივ გამწვანებას, ასევე ხელოვნურად დარგულ ხე-მცენარეებს მოიცავს. ქალაქი მიზნად ისახავს 2050 წლისთვის მინიმუმ 40%-ით გამწვანების ზრდას, რაც ახალი პარკების გაშენებას, ქუჩების გამწვანებას და შენობებისა და სახურავების მწვანე საფარით დაფარვას გულისხმობს. ქალაქის ურბანული გარემოსთვის პრიორიტეტულია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ადგილობრივი ენდემური ჯიშების გამრავლება. სიდნეისთვის გამწვანების პოლიტიკა გრძელვადიან მიზნებზეა ორიენტირებული და მდგრადი, სასიამოვნო ურბანული სივრცის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, სადაც უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, კრიტიკულად გადამწყვეტი როლი ბუნებრივ გამწვანებას ენიჭება. ხაზგასასმელია ისიც, რომ სიდნეიში მწვანე საფართან სიახლოვე უძრავი ქონების ღირებულების 7-14%-იან სხვაობას იძლევა, ბოტანიკურ ბაღებთან და მასიურ პარკებთან მდებარე უძრავი ქონების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15-20%-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები