1732879980

ურბანული ბიოფილია — გზა, რომელიც ბეტონის ქალაქს ბუნებასთან აკავშირებს

ჰედერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

ურბანულ გარემოში ცხოვრებისას, სადაც უმეტეს დროს შენობაში, დახურულ სივრცეებსა და ბეტონის კონსტრუქციებში ვატარებთ, განსაკუთრებით ბუნების, სიმწვანისა და სუფთა ჰაერის დანაკლისს განვიცდით, რაც ცნობიერად თუ არაცნობიერად ჩვენს ქცევებზე, მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, პროდუქტიულობასა და განწყობაზე აისახება. სამსახურისა თუ საოჯახო საქმეებით გადატვირთულებს, ალბათ ხშირად გინატრიათ ცოტა ხნით ბუნებაში განმარტოება, მინდორზე წამოწოლა ან უბრალოდ მზის სხივების ქვეშ, ჩიტების ჭიკჭიკის, ზღვის ხმაურის მოსმენა.

ადამიანის ორგანიზმი მილიონობით წლის განმავლობაში ბუნებრივ გარემოში ვითარდებოდა, ამიტომ ჩვენი სხეული, ტვინის ფუნქციონირება მჭიდროდაა დაკავშირებული ბუნებრივ გარემოსთან. თუმცა ურბანიზაციის განვითარებამ, თანამედროვე ცხოვრების წესმა და ტექნოლოგიურმა სამყარომ ბუნებასთან პირდაპირი კონტაქტის შემცირება გამოიწვია, რამაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა. სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და საჭირო გახდა ისეთი ტენდენციებისა და მიდგომებისადმი ყურადღების გამახვილება, რომლებიც ბუნებრივი ელემენტების ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვას შეუწყობს ხელს. ასეთი მიმდინარეობაა ბიოფილური დიზაინი, რომლის მიმართ ინტერესიც ურბანულ გარემოში დღითი დღე იზრდება.

ტერმინი „ბიოფილიის" დამკვიდრება გერმანელ ფსიქოანალიტიკოსსა და ფილოსოფოს ერიხ ფრომს უკავშირდება, რომელმაც ბიოფილია თვითგადარჩენის ბიოლოგიური მისწრაფებების, სიცოცხლისა და ცოცხალი სისტემებისადმი სიყვარულის აღსაწერად გამოიყენა. შემდგომში ამერიკელმა ბიოლოგმა ედუარდ ო. უილსონმა ბიოფილია განმარტა როგორც გენეტიკური სწრაფვა ბუნებისა და ცოცხალი სამყაროსადმი, რამაც თავის მხრივ ერთგვარი ბიძგი მისცა დიზაინსა და არქიტექტურაში აღნიშნული კონცეფციის განვითარებას.

რა არის ბიოფილური დიზაინი?

ბიოფილური დიზაინი არის არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის ისეთი მიდგომა, რომელიც ადამიანისა და ბუნების თანდაყოლილ კავშირს, მის მიმართ სიყვარულს ეფუძნება და გულისხმობს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც ბუნებრივი ელემენტების გამოყენებით მიიღება, შედეგად კი ადამიანების ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა, სტრესის დონე, პროდუქტიულობის ხარისხი და ურბანული გარემოს ესთეტიკა უმჯობესდება.

ბოლო წლებში ბიოფილური დიზაინის პოპულარობა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა:

  • ქალაქების ზრდამ და მშენებლობის განვითარებამ;
  • ოფისებსა და დახურულ სივრცეებში გატარებულმა დიდმა დრომ და შექმნილმა დისკომფორტმა;
  • ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებამ და მწვანე საფარის დეფიციტმა;
  • კლიმატის ცვლილებებისა და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ ინტერესმა და ცნობიერების ამაღლებამ;
  • მდგრადი განვითარების მნიშვნელობის ზრდამ და ამ თემის აქტუალობამ;
  • პანდემიის პერიოდმა;
  • მომატებულმა დეპრესიამ და მენტალური პრობლემების გაუარესებამ;
  • ინტერიერის დიზაინზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებამ.

ბიოფილური დიზაინის ძირითადი პრინციპები

ბიოფილური დიზაინი მიზნად ისახავს ადამიანისა და ცოცხალი გარემოს ურთიერთობის გაღრმავებას და ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვის დამყარებას, რაც გულისხმობს არქიტექტურულ ობიექტებსა თუ შიდა სივრცეებში ბუნებრივი ელემენტების, მასალების, ფორმებისა და ფაქტურების გამოყენებას. ამ კონცეფციის პრინციპი რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება:

ბუნებრივი ელემენტების გამოყენება — შიდა სივრცეში ბუნებრივი გამწვანების, ყვავილების, მცენარეების, ხეების ინტეგრაციას. შენობებზე ვერტიკალური ბაღების მოწყობას და მწვანე სახურავების დაგეგმარებას. ბიოფილურ დიზაინში ხშირად მიმართავენ ისეთ დეტალებსაც, რომლებიც წყლის ასოციაციას ქმნის, როგორიცაა შადრევნების, აუზების, აკვარიუმების და წყლის დეკორატიული ობიექტების მოწყობა.

ბუნებრივი მასალების გამოყენება — ბიოფილური დიზაინის კონცეფცია ბუნებრივი მასალების გამოყენებას გულისხმობს. ასეთ არქიტექტურასა და ინტერიერში უპირატესობა ენიჭება ხის, ბამბუკის, თიხის, კერამიკის, ბუნებრივი ქვისა და ტექსტილის მასალებს, რომლებიც ბუნებრივი ატმოსფეროს შექმნასთან ერთად, ეკოლოგიურად ჯანსაღი, ენერგოეფექტური და უსაფრთხო გარემოს განვითარებას უწყობს ხელს.

ბუნებრივი ფორმების გამეორება — ბიოფილურ დიზაინში ყურადღება ექცევა ორგანული ფორმების, ბუნებრივი სტრუქტურების გამეორებას და ტალღოვანი, მრუდე ხაზების, ბუნებრივ მოტივებზე შექმნილი სტრუქტურების, მცენარეული თუ ცხოველური ფორმების დეკორაციებისა და არქიტექტურული გადაწყვეტილებების დანერგვას, რაც ბუნებასთან კავშირის განცდას ამძაფრებს და ცოცხალ სამყაროსთან ფუნქციურ და ვიზუალურ კავშირს ამყარებს.

ბუნებრივი განათების აქცენტირება — ბიოფილური დიზაინის პრინციპი ეფუძნება ღია, ნათელი სივრცეების მოწყობას და ბუნებრივ ვენტილაციაზე ყურადღების გამახვილებას, რათა შიდა სივრცეში ჰაერის მიმოცვლა დაუბრკოლებლად განხორციელდეს და მისი ხარისხი გაუმჯობესდეს. ამასთან, ბიოფილური დიზაინის მთავარი მახასიათებელია ბუნებრივი განათების შიდა სივრცეში დიდი დოზით გამოყენება. Lawrence Berkeley National Library-ის უახლესი კვლევის თანახმად, ადამიანები ჩვენი დროის დაახლოებით 90%-ს დახურულ გარემოში ვატარებთ, ამიტომ მზის სხივებს მოკლებული ვართ, რაც ამცირებს D ვიტამინის წარმოქმნას, რომელიც თავის მხრივ იმუნიტეტის დაქვეითებას, ძვლებისა და კუნთების სისუსტეს, დეპრესიას და ქრონიკულ დაღლილობას განაპირობებს. ამიტომ ბიოფილური დიზაინის გათვალისწინებით დაპროექტებული არქიტექტურული შენობა თუ ინტერიერი დღის შუქის დინამიკის გათვალისწინებით იქმნება და აქცენტი ბუნებრივ განათებაზე კეთდება.

ბუნების შეგრძნების გაძლიერება — ბიოფილურ დიზაინში გამოყენებულია ისეთი ელემენტები, რომლებიც ადამიანის სხვადასხვა შეგრძნებაზე ზემოქმედებს, მაგალითად მცენარეების, ყვავილების სურნელი, წყლის დინების ხმა, მწვანე ფერი, უხეში, ბუნებრივი ტექსტურები, ეს ყოველივე ბუნებასთან კავშირის განცდას ამძაფრებს.

რა სარგებლის მომტანია ბიოფილური დიზაინი?

ბიოფილური დიზაინის მთავარი დანიშნულება არა მხოლოდ ესთეტიკური ნაწილის გაუმჯობესება, არამედ ადამიანის ცხოვრების ხარისხის ამაღლება და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა, რათა ის საკუთარ საწყისს დაუბრუნდეს და ჰარმონიულ, ჯანსაღ გარემოში, ბუნებაზე მინიმალური ზიანით შეძლოს სრულფასოვნად ფუნქციონირება. ბიოფილური დიზაინი დადებით ზეგავლენას ახდენს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა:

ფიზიკური ჯანმრთელობა — კვლევებით დასტურდება, რომ ბიოფილური დიზაინი ხელს უწყობს არტერიული წნევის, კორტიზოლის დონის და გულისცემის დარეგულირებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ამცირებს ქრონიკულ დაღლილობას.

მენტალური ჯანმრთელობა — მწვანე სივრცეები და ბუნებრივი შუქი ადამიანს სტრესის შემცირებაში, მოდუნებასა და სიმშვიდის შენარჩუნებაში ეხმარება. ამასთან სხეულსა და გონებას დაცულ, უსაფრთხო, მშვიდ ატმოსფეროს უქმნის, რაც ემოციური ბალანსის მიღწევაში გვეხმარება.

კოგნიტური მდგომარეობის გაუმჯობესება — გარემოში ბუნებრივი ელემენტების არსებობა აუმჯობესებს კონცენტრაციას, აზროვნების უნარს, ადამიანებს კრეატიულობისა და შემოქმედებითი ხედვის გამოვლენაში ეხმარება და მათ პროდუქტიულობას საგრძნობლად ზრდის.

ეკოლოგიური სარგებელი — ბიოფილური დიზაინი სასიკეთოდ ზემოქმედებს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და ზრდის შენობის ენერგოეფექტურობას. ის ხელს უწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ჟანგბადის ცირკულაციას და ნახშირორჟანგის შემცირებას. ამასთან, ბუნებრივი განათებისა და სავენტილაციო სისტემების მეშვეობით მცირდება ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო მწვანე სახურავები და მცენარეული საფარი ამცირებს თბოდანაკარგის რაოდენობას და გათბობისა თუ გაგრილების სისტემების გამოყენების საჭიროებას, რაც ენერგიის რაციონალურად მოხმარებაში გვეხმარება. ამას გარდა, ბიოფილური დიზაინი დადებით გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ურბანულ ეკოსისტემებზე.

ბიოფილური დიზაინის გამოყენება ნებისმიერი დანიშნულების მქონე გარემოშია შესაძლებელი — საცხოვრებელ, საგანმანათლებლო, კულტურულ თუ კომერციულ ობიექტებსა და საჯარო სივრცეებში, რაც ხელს შეუწყობს ბუნებასთან დაკავშირებას, ცოცხალ სისტემებთან დაახლოებას და ადამიანთა ფიზიკური თუ ფსიქიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები