1731504900

ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობა თბილისისთვის

ბოტანიკური ბაღი 5

ავტორი

ბაკურ გაბუნია

თანამედროვე სამყაროში ადამიანების უმეტესობა ურბანული გარემოს ნაწილად იქცა — ყოველდღიურად ბეტონისა და აგურების არქიტექტურულ შენობებს ვუყურებთ. ჩვენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს კი ფონად ქალაქის ხმაური გასდევს. ზოგჯერ ძალიან გვბეზრდება ოთხ კედელს შუა ყოფნა და გვსურს, ბუნებასთან კავშირის შეგრძნება აღვიდგინოთ. თუმცა ეს არც ისე მარტივია, რადგან ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკავშირებს ამ „ურბანულ სამყაროსთან“.

ამიტომაცაა, რომ ქალაქის შუაგულში „აღმოცენებულ“ ბოტანიკურ ბაღებს ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს არის სივრცე, სადაც ყოველდღიურობისგან გადაღლილ ადამიანებს საშუალება აქვთ, სასიამოვნოდ განიტვირთონ და „ბეტონის გროვებისგან“ ბუნების მშვენიერებაზე გადაიტანონ მთელი ყურადღება. თუმცა ბოტანიკური ბაღების ძირითადი პროფილი მაინც სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებაა. ასეა თბილისის ბოტანიკური ბაღის შემთხვევაშიც, რომელიც არსებობის თითქმის ორსაუკუნოვან ისტორიას ითვლის.

ფოტო საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ოფიციალური გვერდიდან

დღეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ფართობი დაახლოებით 97 ჰექტარს შეადგენს და გამოირჩევა საკმაოდ მდიდარი კოლექციით, რომელშიც მთლიანად 3500-მდე სახეობა, სახესხვაობა და კულტივარია გაერთიანებული. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბაღის ისტორია რამდენიმე საუკუნით ადრე იწყება და თავდაპირველად მასშტაბიც შედარებით მოკრძალებული იყო. თბილისის XVII-XVIII საუკუნეების რუკების დათვალიერებისას აღმოვაჩენთ, რომ ლეღვთახევის სხვადასხვა ნაწილში სამი მცირე ზომის ბაღი იყო გაშენებული, რომელთა მოცულობაც თანდათანობით იზრდებოდა. მოგვიანებით, 1845 წლისთვის, განვითარება ისეთ საფეხურზე ავიდა, რომ კავკასიაში მსგავსი ტიპის ერთადერთ სამეცნიერო ცენტრად იქცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხეხილისა და ვაზის ნერგების, დეკორატიული მცენარეებისა და ბოსტნეულის ახალი ჯიშების ჩითილები მოსახლეობაზე უსასყიდლოდ გაიცემოდა.

„ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია, საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მას ურბანულ გარემოში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და ბუნებაში იყენებდეს“, ვკითხულობთ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ფოტო საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ოფიციალური გვერდიდან

თბილისის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი მთავარი როლი მცენარეთა შესწავლა, შენარჩუნება და მათი გონივრული გამოყენების ხელშეწყობაა საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ვინაიდან გარემოს უდიდესი ნაწილი ურბანიზაციამ მოიცვა, ბუნება კი კლიმატის ცვლილებებს ებრძვის, ბოტანიკური ბაღები მთელ მსოფლიოში მცენარეთა ერთგვარ თავშესაფრად მოგვევლინა. ამავდროულად, ის ე. წ. ბოტანიკური კვლევების კერაა, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, მცენარეთა მრავალფეროვან სახეობებს დააკვირდნენ. აქ ჩატარებული კვლევები მცენარეების ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და ევოლუციის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის — მაგალითად, როგორ ადაპტირდება ესა თუ ის სახეობა კლიმატის ცვლილებებთან. ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ბოტანიკურ ბაღში გვხვდება საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ფლორის უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი სახეობები. ბაღში ფუნქციონირებს 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება: კავკასიის იშვიათი გადაშენებადი და სამკურნალო მცენარეების, მერქნიან მცენარეთა ინტროდუქციის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის, მეყვავილეობისა და ლანდშაფტური დიზაინის, მცენარეთა კონსერვაციის, მცენარეთა და ნიადაგის დაცვის განყოფილებები.

ფოტო საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ოფიციალური გვერდიდან

ურბანული მწვანე სივრცეები და ფსიქიკური ჯანმრთელობა

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ თბილისი, შესაძლოა, მალე ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს. ბოლო წლების განმავლობაში, არასწორი ურბანული განვითარების შედეგად, თანდათან შემცირდა გამწვანებული ტერიტორიების რაოდენობა და პარალელურად დედაქალაქი ახალი, ქაოსური მშენებლობების ასპარეზად იქცა, რაც, თბილისის ავთენტური იერსახის დამახინჯებასთან ერთად, ჯანსაღი საცხოვრებელი სივრცეების დეფიციტს იწვევს.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს აუცილებელ მწვანე გარემოს, რაც მოქალაქეების კეთილდღეობაზე მნიშვნელოვნად აისახება. ის გვთავაზობს რამდენიმე საათით ბეტონის ქალაქიდან გაქცევას, უზრუნველყოფს დასასვენებელ, რეკრეაციულ და ბუნებასთან კავშირის ადგილების არსებობას. კვლევები აჩვენებს, რომ მწვანე სივრცეში დროის გატარება ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს განწყობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

ფოტო საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ოფიციალური გვერდიდან

ბოტანიკური ბაღები თავიანთ საქმიანობაში ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებს მიმართავენ, როგორებიცაა წყლის კონსერვაცია, ორგანული მებაღეობა და განახლებადი ენერგიის გამოყენება. მდგრადი პრაქტიკის დემონსტრირებით, ისინი მაგალითს აძლევენ ვიზიტორებს და პოპულარიზაციას უწევენ მსგავსი მიდგომის გამოყენებას. გარდა ამისა, ბოტანიკური ბაღები ხშირად მონაწილეობენ გარემოს აღდგენით პროექტებსა და ურბანული გამწვანების ინიციატივებში, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი პროექტების მრავალფეროვნებას.

თბილისის ბოტანიკური ბაღი თავისი კულტურული მნიშვნელობითაც გამოირჩევა. ის ინარჩუნებს რეგიონის ბოტანიკურ მემკვიდრეობას და სტუმრებს აცნობს ადამიანებისა და მცენარეების ისტორიული „ურთიერთობების“ ნიუანსებს. ეს კულტურული ასპექტი ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობას ბევრად ზრდის და წარსულს აწმყოსთან და მომავალთან აკავშირებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მის ტერიტორიაზე უნიკალური კულტურული ძეგლებიც გვხვდება, მათ შორისაა ნარიყალას გალავნის ფრაგმენტი, თამარის ხიდი და ცენტრალურ შესასვლელთან არსებული ისტორიული შენობა.

განათლება და სოციალური ჩართულობა

ბოტანიკური ბაღები განათლების მძლავრი იარაღია, რომელიც სწავლის შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა ასაკის ადამიანს. ისინი უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროგრამებს, სემინარებსა და ტურებს გიდების ხელმძღვანელობით, რომლებიც ვიზიტორებს ინფორმაციას აწვდის მცენარეთა ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ.

21-ე საუკუნეში ბოტანიკური ბაღების პროფილი მცენარეთა შეგროვების ტრადიციული როლის მიღმაც განვითარდა. მაშინ, როცა მსოფლიო გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე დგას, ბოტანიკური ბაღების ჩართულობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. ისინი გვთავაზობენ მრავალფეროვან პროგრამებს, მოხალისეობრივ აქტივობებსა და ინკლუზიურ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს კუთვნილების გრძნობის გაღვიძებასა და ადამიანების დაინტერესებას გარემოსდაცვითი პროექტების მიმართ. ხელმისაწვდომობის მაღალი ხარისხის ხარჯზე, ბოტანიკური ბაღი აყალიბებს სოციალურ ერთიანობას, უზრუნველყოფს მოსახლეობის შეკრებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.

ფოტო საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ოფიციალური გვერდიდან

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის როლი შეუცვლელია კონსერვაციის, განათლების, სამეცნიერო კვლევების, ურბანული კეთილდღეობის, მდგრადობისა და კულტურის შენარჩუნების თვალსაზრისით. თანამედროვე გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და სირთულეების ფონზე, ბოტანიკური ბაღი გვიღვივებს იმედს და გვაწვდის პრობლემების გადაწყვეტათა უამრავს გზასა თუ არჩევანს. ის ბიომრავალფეროვნების თავშესაფარი, ცოდნის ცენტრი და სიმშვიდის წყაროა, რაც, საბოლოო ჯამში, გვახსენებს მცენარეებისა და, ზოგადად, ბუნებების არსებით მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ბოტანიკური ბაღების მუდმივი მხარდაჭერა და განვითარება აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე და ჯანსაღი მომავლისთვის.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები