1733999940

ექსტერიერის დიზაინი და მისი მნიშვნელობა არქიტექტურაში

ჰედერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

ნებისმიერ არქიტექტურულ ობიექტზე პირველადი შთაბეჭდილება მისი გარეგნული მახასიათებლებით გვექმნება, რაც გარკვეულ ემოციას და დამოკიდებულებას გვიჩენს ნაგებობის მიმართ და მის ფუნქცია-დანიშნულებაზე გვაფიქრებს. ამ ყველაფერს არქიტექტურის ერთ-ერთი მიმართულება — ექსტერიერის დიზაინი აერთიანებს. ხოლო რა არის ექსტერიერის დიზაინი — ამ კითხვაზე პასუხს ვრცლად სტატიაში განვიხილავთ.

რა არის ექსტერიერის დიზაინი

ექსტერიერის დიზაინი არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც შენობის გარეგნულ იერსახეს, მის ესთეტიკურ მდგომარეობას, ფუნქციურობას, მდგრადობას და გარემოსთან ურთიერთქმედებას განსაზღვრავს. იგი სივრცის პრაქტიკულ დაგეგმარებაზე და ვიზუალურ კეთილმოწყობაზეა ორიენტირებული და აერთიანებს იმ კომპონენტებს, რაც სივრცის გარე ნაწილებს უკავშირდება, მათ შორის: ფასადებს, ეზოებს, ტერასებს, ღობეებს, კარებს, განათებას.

გარე დიზაინის შექმნისას რამდენიმე ასპექტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:

ფუნქციური დაგეგმარება და არქიტექტურის სტილისტიკა

ექსტერიერის დიზაინი, პირველ რიგში, შენობის ფუნქციური გააზრებისა და მისი სწორი დაგეგმარების შედეგად იქმნება, რათა გარე სივრცე ნაგებობის ფუნქციას, დანიშნულებას და შიდა ნაწილს შეესაბამებოდეს. სწორედ ექსტერიერის დიზაინი განსაზღვრავს არქიტექტურის პირველად შთაბეჭდილებას და მის ფუნქცია-დანიშნულებაზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. ამასთან ერთად, ის განაპირობებს ნაგებობის მხატვრულ იერსახეს, ესთეტიკურ ღირებულებას, სტილისტიკას და არქიტექტორის შემოქმედებას, ხედვას, მის ჩანაფიქრს გამოხატავს.

გარემოსთან ურთიერთობა და კონტექსტი

არქიტექტურაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორია ნაგებობის ბუნებასთან მისადაგება, გარე სამყაროსთან ჰარმონია და კონტექსტის გათვალისწინება, რაზედაც მეტწილად ექსტერიერის დიზაინია პასუხისმგებელი. სწორედ ის განსაზღვრავს არქიტექტურულ სტილს, შენობის ფორმას, მოცულობას, პროპორციებს, მასშტაბს და გარეგნულ მახასიათებლებს. ობიექტის პროექტირება აუცილებლად უნდა მოხდეს ლანდშაფტის, გეოგრაფიული მდებარეობის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით.

მასალების შერჩევა

ექსტერიერის შემადგენელი ნაწილია შენობის გარე ელემენტების, სტრუქტურული დეტალებისა და ეზოს მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევა, რომლებიც ერთდროულად მდგრადობის, ფუნქციურობის და ესთეტიკური მიმზიდველობის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამასთან, პროექტირებისას მნიშვნელოვანია კლიმატური პირობების, ბუნებრივი ფაქტორების გათვალისწინება, რათა შენობის ფასადმა თუ გარე მოსაპირკეთებელმა საშუალებებმა ტემპერატურის ცვლილებას, ნესტსა და სეისმურ აქტივობას გაუძლოს და ძლიერი რყევებისა თუ სხვადასხვა დაზიანების შედეგად ნაგებობამ სიმყარე და სიმტკიცე შეინარჩუნოს.

ლანდშაფტის დიზაინი

ექსტერიერის დიზაინის განუყოფელი კომპონენტია ლანდშაფტი და მწვანე ზონების კეთილმოწყობა, რაც სრულყოფილ არქიტექტურულ სივრცეს ქმნის და შენობის შიდა და გარე ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებს. ექსტერიერის დიზაინს, დიდწილად, ისეთი ფაქტორები განსაზღვრავს, როგორებიცაა: ტერასების, ეზოების, ბაღების, რეკრეაციული ზონების, გასართობი, სპორტული მოედნების, ბილიკების, გაზონებისა და ღობეების მოწყობა. გარდა იმისა, რომ ლანდშაფტის დიზაინის ელემენტები შენობის იერსახეს ბევრად უფრო საინტერესოდ და მიმზიდველად წარმოაჩენს, ის მდგრადი გარემოს, მწვანე არქიტექტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და მიკროკლიმატის, ურბანული ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნების ხელშემწყობია.

განათება

ექსტერიერის დიზაინი აერთიანებს გარე განათების დიზაინსაც, რომელიც შენობისა და ეზოს ფუნქციას, მის ესთეტიკურ მხარეს, უსაფრთხოებასა და ფუნქციურობას განაპირობებს. გარე განათების მეშვეობით სწორად ხდება არქიტექტურული დეტალების ხაზგასმა, შენობის უნიკალური ელემენტების წარმოჩენა, დეკორატიული დეტალების გამოკვეთა და ექსტერიერში სასურველი ატმოსფეროს შექმნა. ამასთან, ის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, მოძრაობის მიმართულებების განსაზღვრასა და სივრცეების ზონირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და არქიტექტურის შიდა და გარე სივრცეების ერთმანეთთან დაკავშირებას უწყობს ხელს.

ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი

იმის გამო, რომ ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ორივე არქიტექტურის ფუნდამენტური მიმართულებაა, საჭიროა თითოეული მათგანის დახასიათება და მათი მნიშვნელობების ხაზგასმა.

ინტერიერის დიზაინი — გულისხმობს შიდა სივრცის დაგეგმარებას, მოწყობას და მის დეკორატიულ გაფორმებას. ეს მიმართულება პასუხისმგებელია ზონირებაზე, ოთახების სწორ განლაგებაზე, გარემოს ორგანიზებაზე, შიდა სივრცის ფუნქციურობაზე, კომფორტსა და ერგონომიკაზე. ამასთან, ინტერიერის დიზაინი კონცენტრირებულია ესთეტიკურ ნაწილზე — ფერების შეხამებაზე, მასალების შერჩევაზე, ავეჯის, ტექსტილის, დიზაინის ობიექტების შერწყმაზე და მათ განთავსებაზე.

ექსტერიერის დიზაინი — ექსტერიერის დიზაინი სივრცის იერსახეზე, შენობის გარე ნაწილებისკენაა მიმართული და არა მხოლოდ ფასადის მოპირკეთებას გულისხმობს, არამედ გარე სივრცეში არსებულ ნებისმიერ ელემენტს აერთიანებს და მათ კეთილმოწყობას უზრუნველყოფს. სწორად შემუშავებული ექსტერიერის დიზაინის პროექტი:

  • ხაზს უსვამს შენობის არქიტექტურულ სტილს, მის მიმზიდველობას გამოკვეთს და გარემოსთან ჰარმონიულ კავშირს ამყარებს.
  • უზრუნველყოფს შენობის ფუნქციურობას, შიდა და გარე ზონების ჰარმონიულ ურთიერთობას.
  • მდგრადი და ხარისხიანი მასალებით შექმნილი ექსტერიერის დიზაინი განაპირობებს შენობის ხანგრძლივ ექსპლუატაციას და მის მედეგობას ბუნებრივი ფაქტორების მიმართ.
  • სწორი პროექტის შედეგად შესაძლებელია ენერგოეფექტური გარემოს შექმნა და ენერგიის მოხმარებისა და გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება.

სახლის ექსტერიერის დიზაინი

თანამედროვე არქიტექტურაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახლის ექსტერიერის დიზაინს, რომელშიც ერთიანდება ყველა ის კომპონენტი, რაც შენობის გარე ნაწილს უკავშირდება და მის იერსახესა და ფუნქციაზეა პასუხისმგებელი. ესენია:

  • ფასადის მოპირკეთება;
  • ფანჯრების, კარების განლაგება და დიზაინი;
  • სახურავი;
  • საკომუნიკაციო სისტემები;
  • სადარბაზოები თუ ღობეები;
  • ეზოს მოწყობა;
  • ტერასები, აივნები, ბაღები, ბილიკები, ავტოსადგომები.


თანამედროვე სახლის ექსტერიერის დიზაინში უპირატესობა ენიჭება შემდეგ ფაქტორებს:

  • მინიმალისტურ ფორმებს და დიზაინის გადაწყვეტებს — ბუნებრივ, ნეიტრალურ ფერებს. სწორ, მარტივ, სადა და დახვეწილ ფორმებს.
  • ეკოლოგიურ ფაქტორებს — ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ მასალებს, ხარისხიან მოსაპირკეთებელ საშუალებებს, მდგრადი მასალებისა და დანადგარების გამოყენებას.
  • ბუნებრივი სინათლის ინტეგრაციას — დიდ ვიტრაჟებს, სახურავზე დამონტაჟებულ ფანჯრებს; მასიურ, მოძრავ მინის კარებს.
  • ენერგოეფექტურ მასალებს — LED განათებებს, ეფექტურ საიზოლაციო სისტემებს.
  • ფასადებისა და აივნების გამწვანებას — ვერტიკალურ ბაღებს, ტერასების მცენარეებით გაფორმებას, ფასადების გამწვანებას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ექსტერიერის დიზაინს სეზონურად სხვადასხვა დატვირთვა ენიჭება, მაგალითად, ზამთრის პერიოდში განსაკუთრებული აქტუალობით სარგებლობს სახლის მორთვა საახალწლოდ, რა დროსაც მცხოვრებლები ექსტერიერს თემატურად აფორმებენ, საახალწლო დეკორაციებს ათავსებენ საცხოვრებლის ფასადსა თუ ეზოში და ამაღლებულ განწყობას, საზეიმო ატმოსფეროს იქმნიან.

გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე კი ყვავილებით, მცენარეებითა და ბუნებასთან დაკავშირებული დეკორატიული ელემენტებით ხდება ფასადისა და ეზოს მოწყობა. ამ დროს განსაკუთრებით მოთხოვნადია ისეთი ელემენტები, რაც ექსტერიერს აცოცხლებს და მას სიხალისეს, მომხიბვლელობას მატებს.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები