1735033200

როდის და როგორ მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე?

ჰედერი 1

ავტორი

ნატა მეშველიანი

ახალი წელი კარს მოგვადგა. ამ დღეებს კი ყველასთვის სიხარულის, მელანქოლიისა და ახლის დასაწყისის განწყობა მოაქვს. სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულ, გამორჩეულ გრძნობას აღძრავს ხოლმე, თუმცა, არის ერთი რაღაც, რაც ყველას გვაერთიანებს. ერთი სიმბოლო, რომლის დანახვისას ყველას სანტა კლაუსი, წითელი ბანტები და Mariah Carey-ს „all i want for christmas“ გვახსენდება. მოკლედ, დღეს ვისაუბრებთ ნაძვის ხეზე, მისი მორთვის ტრადიციასა და მომავალ ტრენდებზე.

როდის მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე?

სადღესასწაულო სეზონის დაწყება ბევრისთვის ნაძვის ხის მორთვას უკავშირდება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციები განსხვავებულია: ზოგისთვის ეს დეკემბრის პირველ დღეებში ხდება, რათა დღესასწაულის განცდა გახანგრძლივდეს, სხვებისთვის კი — შობის წინა საღამო, 24 დეკემბერი, არის ის განსაკუთრებული დღე, როდესაც მთელი ოჯახი იკრიბება, გადანახულ სათამაშოებს გადმოალაგებს და მარადმწვანე ხეს ათასფრად ააციმციმებს ხოლმე.

საქართველოში ნაძვის ხის მორთვა ხშირად უფრო ახალ წელთან არის დაკავშირებული, ვიდრე შობასთან. ტრადიციულად, მორთულობა მზად ბარბარობის დღესასწაულამდე (17 დეკემბერი) უნდა გვქონდეს.

ნაძვის ხის მნიშვნელობა მსოფლიოს გარშემო

ნაძვის ხეს თავისი უნიკალური მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა კულტურაში, ქვემოთ განვიხილავთ როგორ გამოიხატება ნაძვის ხის დადგმისა და მორთვის ტრადიცია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

გერმანია: აქ ტრადიციული შობის ხის მორთვა შობის წინ, 24 დეკემბერს ხდება და ეს საღამო ოჯახური ერთიანობისა და მყუდროების იდეალური გამოხატულებაა.

აშშ: მადლიერების დღის შემდეგ, ნოემბრის ბოლოდან, ნაძვის ხის მორთვა სახლების, მოედნებისა და ოფისების გარდაუვალი ნაწილი ხდება. ეს პრაქტიკა სიმბოლურად ახალი წლის მოლოდინსა და მზადყოფნას გამოხატავს.

სკანდინავიური ქვეყნები: აქ ნაძვის ხის მორთვა დაკავშირებულია შუქისა და იმედის სიმბოლოსთან, განსაკუთრებით 13 დეკემბერს, სანტა ლუსიას დღესასწაულზე.

საქართველო: აქ ნაძვის ხეს ხშირად გვერდს უმშვენებს ჩიჩილაკი — ქართული საახალწლო სიმბოლო.

რჩევები ნაძვის ხის მოსართავად:

ნაძვის ხის მორთვა უბრალო ამოცანა არ არის — ეს არის ნამდვილი ხელოვნება, რომელიც კრეატიულობას, დეტალებზე ყურადღების გამახვილებასა და გარკვეულ გეგმას მოითხოვს. სწორი მიდგომით თქვენი ნაძვის ხე ოჯახისა და სტუმრების აღფრთოვანებასაც გამოიწვევს. ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:

1. შეარჩიეთ სწორი ადგილი

ნაძვის ხისთვის საუკეთესო ადგილი არის იქ, სადაც ყველას ყურადღებას მიიპყრობს. განათებულ სივრცეში, მაგალითად, მისაღებ ოთახში ან ფანჯარასთან ახლოს. სივრცე უნდა იყოს საკმარისად ფართო, რათა ნაძვის ხე თავისუფლად „სუნთქავდეს“ და ვიზუალურად მაქსიმალურად მიმზიდველი იყოს.

2. დაიწყეთ საახალწლო განათებებიღ

ნაძვის ხის მორთვის პროცესი ყოველთვის განათებებით უნდა დაიწყოთ. ის ხეს ჯადოსნურ იერს სძენს და აცოცხლებს, ხასიათს აძლევს. განათებები თანაბრად გადაანაწილეთ, რათა ხის მთლიანი სიგრძე და სიგანე დაფაროს. თბილი ტონალობა, მაგალითად, ოქროსფერი ან თეთრი ნათურები, განსაკუთრებით მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.

3. ფერთა პალიტრის შერჩევა

ფერების სწორად შერჩევა ნაძვის ხის მორთვის მთავარი წესია. ტრადიციული წითელი და ოქროსფერი ყოველთვის პოპულარულია და ელეგანტურობას ასხივებს. თუმცა, თუ უფრო თანამედროვე მიდგომა გსურთ, შეგიძლიათ აირჩიოთ მონოქრომატული სტილი — მაგალითად, თეთრი და ვერცხლისფერი ან მწვანე და კრემისფერი.

4. თემატური მორთულობა

2024 წლისთვის პოპულარულია ეკო-მეგობრული თემატიკა, რომელიც ბუნებრივ მასალებზე აკეთებს აქცენტს. გამოიყენეთ ხის ორნამენტები, გადამუშავებული ქაღალდის სათამაშოები ან თუნდაც პაწაწინა ფიჭვის გირჩები. ეს ჟესტი არა მხოლოდ გარემოს მიმართ მზრუნველობას გამოხატავს, არამედ თქვენს ნაძვის ხეს დახვეწილ და თანამედროვე ელფერს შესძენს.

5. პირადი დეტალები — ხე, რომელიც თქვენს ისტორიას ჰყვება

ყველაზე დასამახსოვრებელი ნაძვის ხეები სწორედ ისინია, რომლებიც ოჯახის ისტორიას აცოცხლებენ. დაამატეთ ხელნაკეთი ორნამენტები, ბავშვობის ფოტოსურათები ან მოგონებების შემცველი ნივთები. მაგალითად, პატარა ლენტებით შეკრული საჩუქრები ან ბავშვების ნახატები.

6. ვარსკვლავი თუ ფიფქი?

ნაძვის ხის ზემოთ მოთავსებული დეტალი ყოველთვის ფოკუსის წერტილი უნდა იყოს. ტრადიციული ვარსკვლავი — ბეთლემის ვარსკვლავის სიმბოლო — პოპულარული არჩევანია. ფიფქი ან მინიმალისტური გეომეტრიული ფორმები კი მეტად თანამედროვეა. არჩევანი თქვენზეა.

ნაძვის ხის მორთვა უბრალო დეკორაციის შექმნა არ არის; ეს არის ოჯახის, მეგობრებისა და ტრადიციების გაერთიანების მაგიური რიტუალი. მისი მორთვა არამარტო დღესასწაულის იერსახეს ქმნის, არამედ სიხარულითა და იმედით ავსებს სახლის თითოეულ კუთხეს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესით სიამოვნება მიიღოთ, არცერთი ტრენდი, ფერების ცნობილი და ნაცადი კომბინაციები არ გჭირდებათ. მთავარია, ნაძვის ხე თქვენ და თქვენს ოჯახს საუკეთესოდ გამოხატავდეს.




მსგავსი სიახლეები

ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836140

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები