18 მარტი 14:09
ავტორი
ბაკურ გაბუნია
ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეტეხის ხიდიდან მტკვარში სამი ავტომობილი გადავარდა. ერთის მძღოლი დაიღუპა, ხოლო დანარჩენი ორი ინციდენტი, მაშველების დროული რეაგირების წყალობით, მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შემთხვევების შემდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, აშკარაა, რომ მეტეხის ხიდი საკმარისად დაცული არ არის, რათა მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილება მოხერხდეს.
4 მარტს 24 წლის გიგი ზარანდიას ავტომობილი ევროპის მოედნის მხრიდან მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, მოხვდა საპირისპირო ზოლში, მოანგრია ხიდის მოაჯირი და მდინარეში ჩავარდა. მაშველები მის ცხედარს ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ.
11 მარტს, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, მეტეხის ხიდიდან კიდევ ერთი მანქანა გადავარდა. მძღოლი გადარჩა, თუმცა ინციდენტმა კვლავ წამოჭრა კითხვა: რამდენად უსაფრთხოა ეს ხიდი და რამდენად საკმარისია მისი მოაჯირები მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად?
16 მარტს კი, მესამედ, ამავე ადგილიდან ავტომობილი გადაეშვა მტკვარში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამი შემთხვევა მიუთითებს, რომ ხიდი აშკარად პრობლემურია და დაუყოვნებლივ საჭიროებს უსაფრთხოების ნორმების გადახედვას. ნათელია, რომ არსებულ ინფრასტრუქტურაში სერიოზული ხარვეზებია.
საგზაო უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, მეტეხის ხიდზე მოაჯირები მხოლოდ დეკორატიული ფუნქციით არის განლაგებული და რეალურ დაცვას არ უზრუნველყოფს. სპეციალისტები ასევე განმარტავენ, რომ მოაჯირმა ავტომობილს ხიდიდან გადავარდნის საშუალება არ უნდა მისცეს. განვითარებულ ქვეყნებში თანამედროვე ხიდის ბარიერი არამარტო ფიზიკურად აფერხებს მანქანას, არამედ შთანთქავს ენერგიას და ავტომობილს ტრაექტორიის შეცვლას აიძულებს. ასევე, ავტომობილის სავალ ნაწილსა და ფეხით მოსიარულეთა ზონას შორის დამონტაჟებულია დამატებითი ბარიერები, რომლებიც მძღოლების შეცდომის შემთხვევაში მანქანას ხიდის მოაჯირისკენ გადახვევის საშუალებას არ აძლევს.
თბილისის მერიამ აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც მხოლოდ მოაჯირების აღდგენა დაანონსდა, თუმცა უსაფრთხოების დამატებითი ზომების გატარება ამ ეტაპზეც არ იგეგმება; ზუსტად ისე, როგორც უსაფრთხოების საკითხი უგულებელყვეს 2024 წლის 15 თებერვლის ინციდენტის შემდეგაც. მაშინაც მეტეხის ხიდიდან მანქანა გადავარდა მტკვარში, რასაც, სამწუხაროდ, მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ჩანს, პირველი შემთხვევა საკმარისი მიზეზი არ აღმოჩნდა ზომების მისაღებად და არც უკვე მეოთხე შემთხვევა და უკვე მეორე მსხვერპლი არ უბიძგებთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ. ისმის კითხვა: ამჯერადაც მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოების ჩატარება რამდენად რელევანტური რეაგირებაა მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად?! შეკითხვაზე პასუხი ნათელია — მეტეხის ხიდი არ არის დაცული თანამედროვე უსაფრთხოების ნორმებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევების გამეორების რისკი კვლავაც მაღალია. თუმცა ამ ეტაპზე ყველა შემთხვევა მძღოლების დაუდევრობას ბრალდება, ხოლო გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე პასუხს არავინ აგებს.
ხიდი ცივილიზაციის განვითარებისთვის მუდამ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენდა, თუმცა უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების დანერგვა მაინც ტრაგიკული ინციდენტების შემდეგ დგებოდა ხოლმე დღის წესრიგში. ხიდიდან მსუბუქი ავტომობილების, სატვირთოების ან ფეხით მოსიარულეების გადავარდნა იშვიათი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც თანამედროვე ინჟინრულ გადაწყვეტებს საჭიროებს... შესაბამისად, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ხიდების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მრავალმხრივ ზომებს მიმართავენ: მოაჯირები ბევრად მყარი ხდება, აყენებენ ჭკვიან სენსორებს, ენერგიის შთანთქმის ბარიერებსა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც უბედური შემთხვევების პრევენციისთვის მუშავდება.
როგორც ჩანს, განვითარებულ ქვეყნებში, უბედური შემთხვევა რეაგირების გარეშე არ ჩავლის ხოლმე და შესაბამისი ზომების მიღება მყისიერად ხდება. ამის ნათელი მაგალითია 2009 წელს სან-ფრანცისკოში მომხდარი შემთხვევა, როდესაც Golden Gate Bridge-დან სატვირთო ავტომობილი გადავარდა. გამოძიებამ აჩვენა, რომ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი არამდგრადი მოაჯირები იყო. ამის შემდეგ ხელისუფლებამ მოაჯირების გაძლიერება და მოძრაობის კონტროლის ახალი სისტემების დანერგვა გადაწყვიტა. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, ალბათ, გენუის „მორანდის“ ხიდის კოლაფსი იყო, 2018 წელს, რასაც 43 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტრაგედიის შემდეგ იტალიაში ხიდების მასობრივი შემოწმება და გამაგრება დაიწყო. დღეს კი აპენინის ნახევარკუნძულზე ხელისუფლება ყველა სტრუქტურულად სუსტ ხიდს რეგულარულად ამოწმებს და აძლიერებს.
როგორც ვხედავთ, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ხიდების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე მუშაობს, რადგან ინციდენტების პრევენცია უფრო იაფი და ეფექტიანია, ვიდრე შედეგებთან გამკლავება. თანამედროვე ტექნოლოგიების, სენსორებისა და მტკიცე კონსტრუქციების დახმარებით, ხიდები უფრო უსაფრთხო ხდება როგორც მძღოლებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის. ამისთვის მრავალფეროვანი ინჟინრული და ტექნოლოგიური მიდგომები არსებობს, რომლებიც მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თანამედროვე ხიდებზე დამონტაჟებულია ძლიერი მოაჯირები, ენერგიის შთანთქმის ბარიერები, ჭკვიანი სენსორები და სპეციალური დამუხრუჭების ზონები, რაც ხელს უშლის ტრაგიკულ შემთხვევებს. თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აუცილებელია ამ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების დანერგვა:
მეტეხის ხიდიდან ავტომობილების გადავარდნის შემთხვევები აჩვენებს, რომ თბილისის ხიდების უსაფრთხოებას მეტი ყურადღება სჭირდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამი ავარიის დაფიქსირება ცხადყოფს, რომ არსებული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებას საჭიროებს, მაგრამ კითხვაზე, თუ მომავალში რამდენად მოხდება მსოფლიოს გამოცდილების გათვალისწინება, ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს.