1753285997

ტრიციკლით მოძრავი ინსპექცია უძრავი პრობლემების ქალაქში

ჰედერ

თბილისის ურბანული წესრიგი უკვე კარგა ხანია დარღვეულია. სხვას ვერაფერს უწოდებ იმ რეალობას, რომელიც დღეს ქალაქში გვაქვს. წლების განმავლობაში ქაოსური განაშენიანების, ბეტონის დომინირების ხარჯზე შემცირებული მწვანე ზონებისა და დეფიციტური პარკინგის საკითხები ჯერ კიდევ მოუგვარებელია, გამოწვევა იმდენად დიდია რომ რთულია პასუხის გაცემა — შესაძლებელია თუ არა ამ სინამდვილის შეცვლა/ გამოსწორება.

ამ ფონზე თბილისის მერია ახალი ინიციატივით გამოვიდა. უფრო სწორად, საზოგადოებას უკვე რეალობად ქცეული მუნიციპალური ინსპექციის ახალი პროექტი — მოტოინსპექცია წარუდგინა.

როგორც ქალაქის მერმა ახსნა, მოტოინსპექცია დედაქალაქში წესრიგის დაცვის ღონისძიებებს განახორციელებს ტურისტულ და ისტორიულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე. უფრო კონკრეტულად, მოტოინსპექციამ ქალაქის იერსახის, გარემოს დანაგვიანების და აკუსტიკური ხმაურის კონტროლი, ასევე სამშენებლო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოპერატიული რეაგირება უნდა განახორციელოს.

ამ გეგმისთვის მერიამ 20 ერთეული ევროპული სტანდარტის ტრიციკლი უკვე შეიძინა, თავად მოტოინსპექცია აღჭურვილია სპეცეკიპირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა კი სპეციალური მომზადება გაიარეს.

პროექტი, ერთი შეხედვით, ურბანული წესრიგის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, თუმცა კითხვას, რამდენად რეალურია ასეთი ფორმის ინსპექციით თბილისის ურბანული კრიზისის განმუხტვა, პასუხს დრო გასცემს, მაგრამ მოტოინსპექტორის რაოდენობა — 20 ტრიციკლი — ქალაქისთვის, რომლის მოსახლეობა მილიონნახევარს აჭარბებს და რომლის ყოველდღიურ სივრცეში ასობით სხვადასხვა კატეგორიის დარღვევაა, სიმბოლურად ჟღერს.

გარდა ამისა, არ არსებობს მკაფიო წარმოდგენა, რა ტიპის დარღვევებზე მოახდენს რეაგირებას „ახალი სტრუქტურა“: მოხდება მხოლოდ ზედაპირული ხმაურისა თუ დანაგვიანების კონტროლი, თუ ინსპექცია შეეხება უფრო სიღრმისეულ პრობლემებს — მაგალითად, უკანონო მშენებლობებს, ტროტუარების მიტაცებას და ურბანული მოთხოვნების დარღვევებს?

ბუნდოვანია ინსპექციის უფლებამოსილებაც, მაგალითად, მოქალაქეებისთვის არავის განუმარტავს როგორ აღირიცხება შედეგები, არის თუ არა საჯარო მონიტორინგის შესაძლებლობა. ინსპექცია თითქოს მოქმედებს ვიწრო არეალში (20 ტრიციკლი მთელ ქალაქს ვერ მოიცავს) და ვერ ვხედავთ, როგორ ერთიანდება თბილისის ურბანული მართვის დიდ სურათში.

თბილისში, სამწუხაროდ, სისტემურ ხედვას ნაკლებად ვხედავთ. მოტოინსპექციამ, შესაძლოა, ურბანული კრიზისის ფონზე დროებითი ეფექტი მოიტანოს, თუმცა არც ის ჩანს, გრძელვადიან შედეგზე რამდენად იქნება გათვლილი. გარკვეული ინიციატივები ქალაქის მოსახლეობას კი ნამდვილად ახსოვს, მაგალითად, დაგეგმილი ღამის ეკონომიკის განვითარება, იდეა, რომელიც უცებ დაიბადა და მალევე უკვალოდ გაქრა. ამ რეალობიდან გამომდინარე, მოტოინსპექციის დანიშნულება, შესაძლოა, სწორედ ასეთი ერთჯერადი ეფექტით შემოიფარგლოს (ძალიან პესიმისტები რომ არ ვიყოთ), თუ მას სისტემური რეფორმები არ მოჰყვება.

მნიშვნელოვანია, თბილისი მიხვდეს, რომ ქალაქის ურბანული წესრიგის აღდგენა მხოლოდ ზედაპირული კონტროლით არ მიიღწევა (და ამას საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს). ის მოითხოვს ინფრასტრუქტურის გადახედვას, ზონირების გამართულ პოლიტიკას, საჯარო სივრცის დაცვის მექანიზმებს, მოქალაქეთა ჩართულობას… მოტოინსპექცია კი, რომელზედაც გარკვეულ თანხას ისევ ქალაქი ხარჯავს, შეიძლება გახდეს ამ დიდი პაზლის მხოლოდ ერთი, ამოგლეჯილი ნაწილი…

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები