1748794800
ავტორი
მეკო მეტრეველი
XIX-XX საუკუნის თბილისზე ევროპულ კულტურასა და არქიტექტურას განსაკუთრებული გავლენა აქვს. მისი კვალი კი თანამედროვე ქალაქს დღემდე ეტყობა. ცალკე აღნიშვნის ღირსია იტალიელი არქიტექტორებისა და მშენებლების როლი როგორც მე-19 და მე-20 საუკუნის ქალაქის, ისე თანამედროვე ურბანული გარემოს ფორმირებასა და განვითარებაში. იტალიური არქიტექტურული მოღვაწეობის შედეგია თბილისში პირველი თეატრის შენობის, დღევანდელი სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის, „მშრალი ხიდის", პირველი საზოგადოებრივი შადრევნის, კაფეს და არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობა თუ მოპირკეთება. დღეს სწორედ იტალიური არქიტექტურის კვალსა და საქართველოში მოღვაწე იტალიელ არქიტექტორებზე გიყვებით.
იტალიური კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენობა დღევანდელი ხელოვნების მუზეუმია, რომელიც იტალიელ არქიტექტორ ძმებს — ჯოვანი და ჯუზეპე ბერნარდაცების სახელს უკავშირდება. არქიტექტორი და ტოპოგრაფი, ჯუზეპე ბერნარდაცი ძმასთან, ქვისმთლელ, არქიტექტორ ჯოვანი ბერნარდაცისთან ერთად თბილისში 1820 წელს ჩამოვიდა. ისინი კავკასიის მინერალური წყლების სარეკრეაციო აღმშენებლობაში იყვნენ ჩართულნი და თბილისშიც აქტიურად მოღვაწეობდნენ. სწორედ ბერნარდაცის პროექტით აშენდა მე-19 საუკუნის 20-30-იან წლებში კლასიცისტური, „ამპირის" სტილის შენობა, მეწარმისა და ქველმოქმედის, იაკობ ზუბალაშვილის სასტუმრო „პალასი", რომელიც მოგვიანებით სასულიერო სემინარიად გადაკეთდა, ხოლო დღეს ხელოვნების მუზეუმად ფუნქციონირებს.
განსაკუთრებით დასაფასებელია იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის ღვაწლი, რომელიც თბილისში მთავარმართებელ ვორონცოვის გადაწყვეტილებითა და სურვილით ჩამოვიდა. მან 1845 წელს მ. ვორონცოვს თბილისში წერილიც გამოუგზავნა, სადაც ამიერკავკასიაში საქმიანობის სურვილს გამოთქვამდა. 1846 წლის 23 თებერვალს ჯ. სკუდიერი ოდესიდან თბილისში ჩამოვიდა და მალევე, 1846 წელს, თფილისის საქალაქო არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1847 წლის აგვისტოში კი ის მეფისნაცვლის კანცელარიის საკარანტინო ნაწილის არქიტექტორად დანიშნეს.
სკუდიერის ნამუშევარს წარმოადგენს მე-19 საუკუნის თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა — თეატრის შენობა, რომელიც იმდროინდელი ერევანსკის (ამჟამინდელი თავისუფლების) მოედანზე იყო აღმართული. წმინდა გიორგის ქანდაკების ადგილზე მიწის ქვეშ დღემდე შემორჩენილია სკუდიერის დაპროექტებული თეატრის ქვედა ორი სართულის ნანგრევები.
თეატრის მშენებლობა 1847 წელს დაიწყო და ოთხი წელი გრძელდებოდა. თეატრის ასაშენებელი ბიუჯეტი ხაზინას არ გააჩნდა, ამიტომ მთავარმართებელმა ვორონცოვმა ვაჭრებსა და კერძო პირებს დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა დახმარებაზე მზაობა მხოლოდ თბილისელმა ვაჭარმა, გაბრიელ თამამშევმა გამოთქვა და სანაცვლოდ, შენობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი მიიღო.
ორ სართულიან თეატრის შენობაში ოპერა განთავსდა, რომელიც 800-მდე მაყურებელს იტევდა. როგორც ამბობდნენ, ის ფასადითა და ინტერიერით ევროპის წამყვან თეატრებს შორის გამოირჩეოდა. კომერციული მიზნით შენობაში მაღაზიები, დუქნები, სავაჭრო სივრცეები მოეწყო, რის გამოც ნაგებობას ქარვასლის სახელითაც მოიხსენიებდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ შენობა ევროპული თეატრის გეგმით დააპროექტეს და სივრცეში ე. წ. აივნიანი თეატრის ტიპი (ღრმა სცენით) გამოიყენეს. უნდა ითქვას ისიც, რომ შენობის შესასვლელებში თუჯის ოთხი გრიფონი განთავსდა, თავზე დამაგრებული ფარნებით, რომლებიც დაბნელებისას ინთებოდა. მათგან ორი დღეს საკრებულოს შენობის შესასვლელთან დგას. სამწუხაროდ, 1874 წელს თეატრის ნაწილი დაიწვა, ქარვასლის შენობამ კი 1934 წლამდე გააგრძელა ფუნქციონირება, სანამ მოედნის რეკონსტრუქციის დროს არ დაინგრა.
თეატრის გვერდით იდგა იტალიელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული პირველი საზოგადოებრივი ქვის შადრევანი, რადგან იმ პერიოდში პატარა შადრევნები მხოლოდ შემოსავლიან, შეძლებული ოჯახების სახლებს ამშვენებდა. შადრევანმა მხოლოდ 1885 წლამდე იარსება. ამასთან, დღევანდელი საკრებულოს პირველი შენობა, რომელსაც „სკუდიერის სახლად" მოიხსენიებდნენ ასევე იტალიელ შემოქმედს ეკუთვნოდა.
თბილისში იტალიური არქიტექტურის კიდევ ერთი ნიმუშია 1846-47 წლებში სკუდიერის მიერ დაპროექტებული „მშრალი", იგივე „მიხეილის მცირე ხიდი", რომელიც რუსეთის იმპერიაში სიდიდით პირველ ქვის ხიდად მიიჩნეოდა და მისი სიგრძე 32 მეტრს აღწევდა. ხიდის მთელ სიგრძეზე პატარა დუქნები იყო მოწყობილი და ის მნიშვნელოვან სავაჭრო ფუნქციას ასრულებდა. ამასთან, მას სტრატეგიული მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან „მშრალი ხიდი" პირველი განივი მაგისტრალი აღმოჩნდა ქალაქისთვის, რომელმაც ალექსანდრეს ბაღიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე ქალაქის ორი ნაპირი ერთმანეთს დაუკავშირა.
დღევანდელი „ლონდონის ბაღის" ადგილას სკუდიერის მიერ დაპროექტებული პირველი საზოგადოებრივი ბაღი და კაფე იყო განთავსებული, რომელსაც „საჯარო საკონდიტროს და ყავახანას" უწოდებდნენ. ასევე, იტალიელი არქიტექტორის სახელს უკავშირდება აღმაშენებლის გამზირის ახლებურ გეგმარება და კეთილმოწყობა.
არქიტექტორი, რომელმაც თბილისს მნიშვნელოვანი კვალი დაატყო, 1851 წელს, 35 წლის ასაკში სამხედრო ტაძრის მშენებლობისას ტრაგიკულად დაიღუპა. ის თბილისის კათოლიკურ სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელიც 1930-იან წლებში გააუქმეს, რის გამოც მისი საფლავიც დაიკარგა.
კიდევ ერთი იტალიელი, რომელმაც თბილისს გამორჩეული კვალი დაატყო, თბილისში დაბადებული ინჟინერი კარლო მორეტია. მის სახელს უკავშირდება ისეთი დიდი პროექტების მშენებლობა და მოპირკეთება, როგორებიცაა: კინოთეატრი „აპოლო"; კინოთეატრი „პალასი" (დღევანდელი „ამირანი"), „მაჟესტიკი" (სასტუმრო „თბილისი"), ოფიცერთა სახლი (ყოფილი სამხატვრო აკადემიის შენობა) და „იმელი“. ის გახლდათ "თბილმშენის" მმართველი და უშუალოდ ხელმძღვანელობდა ფუნიკულიორის სადგურის, სახელმწიფო ცირკის, კინოთეატრ „რუსთაველის", გმირთა მოედანზე 100-ბინიანი საცხოვრებელი სახლის, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, წიგნის სახლის შენობების მშენებლობას.
იტალიელ არქიტექტორებთან ერთად, თბილისის იერსხეს განსაკუთრებული ნიშა შესძინეს იტალიელმა ქვისა და მარმარილოს ოსტატებმა ანჯელო ანდრეოლეტიმ და ძმებმა, ბერნარდ ვილლამ და ანტონიო რიციმ. მათ თბილისის არაერთი შენობისა და სადარბაზოს მოპირკეთებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელთა კვალი დღემდე შემორჩენილია სხვადასხვა სახლსა თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტზე. მათ შორის აღსანიშნავია ყოფილი კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების შენობა (დღევანდელი „თიბისი ბანკის" შენობა), რომელიც 1913 წელს საზეიმოდ გაიხსნა. ამ ნაგებობის მშენებლობასა და მოპირკეთებაში კი იტალიელ ოსტატს, ანჯელო ანდრეოლეტის დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მას კერამიკის ქარხანა ჰქონდა გახსნილი თბილისში, სადაც იტალიიდან ჩამოყვანილი მუშები მოღვაწეობდნენ და მომხმარებლებს სხვადასხვა დანიშნულების უცხოური, ფერადი მარმარილოსა და კავკასიური ქვის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობდნენ.
იტალიელი არქიტექტორების გავლენა თანამედროვე თბილისზეც აისახა და 21-ე საუკუნის ქალაქში ახალი იტალიური არქიტექტურული ნამუშევრები გაჩნდა — ყოფილი პრეზიდენტის სასახლე, იუსტიციის სახლი, შინაგან საქმეთა სამინისტრო. საუკუნეების წინანდელი დიდი იტალიური მემკვიდრეობის კვალი კი დღემდე ემჩნევა ქალაქს, თუმცა სამწუხაროდ, მათი ნაწილი დავიწყების პირასაა მისული ან საერთოდ გამქრალია თბილისის ურბანული რუკიდან…