1728302788

ტერასა, როგორც მოსასვენებელი სივრცე ურბანულ გარემოში

ტერასა 3

ავტორი

ნინი მეტრეველი

უამრავი კვლევა, თუ სტატია იწერება იმაზე, რომ დიდ ქალაქებში მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული, ურბანიზაციის პროცესი აჩქარებულია და განაშენიანებაც ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. შედეგად, უფრო და უფრო ცოტა ადგილი რჩება ქალაქის ხმაურისგან გასაქცევად, სუფთა ჰაერზე და სიმწვანეში დასასვენებლად.

დეველოპერები ალტერნატივებს გვთავაზობენ - ვერტიკალური ბაღებს, კორპუსების გამწვანებულ კედლებს და, რა თქმა უნდა, ტერასებს. არაერთი საერთაშორისო გამოცემა ტერასებს კერძო ოაზისებსაც უწოდებს.

საერთო მოხმარების სივრცეებთან ერთად, კორპუსები ხშირად აერთიანებს ისეთ ბინებსაც, რომლებსაც საკუთარი, კერძო ტერასა აქვს. საქართველოში ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ ფართო აივნები საჭირო არ არის და უძრავი ქონების შეძენისას, ამაში ფული არ უნდა გაიფლანგოს. არადა, ტერასებსა თუ აივნებს იმაზე მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ურბანული ოაზისი

ქალაქის ხმაურისგან გაქცევას, მეტ-ნაკლებად, ყველა ვსაჭიროებთ. თუმცა, სულ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რუტინას გავცდეთ და 1 დღე მაინც სიმწვანესა და სიმშვიდეში გავატაროთ. ტერასაზე გასასვლელად კი არც დრო გვეხარჯება, არც ფული და არც რაიმე სხვა რესურსი. შესაძლოა, მანქანების ხმაური სრულად ვერ დავახშოთ, თუმცა, გარკვეულწილად, განტვირთვას მაინც მოვახერხებთ. მითუმეტეს, თუ წინასწარ ვიზრუნეთ და ჩვენი ტერასა, ან, თუნდაც, პატარა აივანი მცენარეებით გავაფორმეთ.

სივრცე სტუმრების მისაღებად

გრილი საღამოების ტერასაზე გატარება სტუმრებთან ერთად გართობის საუკეთესო საშუალებაა. ტერასაზე განთავსებული მცენარეები, თითქოს, ურბანული რეალობიდან დისტანცირებაში გვეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ტერასისთვის ავეჯიც სწორად შევარჩიოთ. რბილი დივანი, პუფები, ჰამაკები - ტერასაზე თითქოს მისაღებ ოთახს გააფართოებთ და მეტიც, უფრო მყუდრო და სასიამოვნო გარემოსაც შექმნით.

ჰორიზონტი

რაც არ უნდა ურბანული იყოს ხედი ტერასიდან, სივრცისა და თავისუფლების შეგრძნება, დღე-ღამის რომელიმე მონაკვეთში მაინც გვეუფლება. ფაქტია, რომ ტერასა უძრავ ქონებას მატებს როგორც ესთეტიკურ, ისე - ფინანსურ ღირებულებას. არ აქვს მნიშვნელობა, რას გადაჰყურებს - სკვერს, დატვირთულ ქუჩას თუ ურბანულ ჰორიზონტს. მთავარია, რომ სივრცეში სწორად იყოს შერჩეული ავეჯი და დატვირთული იყოს მცენარეებით.

დღევანდელ ურბანულ გარემოში, ტერასები, ფართო აივნები, ან თუნდაც, პატარა გარე სივრცეები უძრავი ქონების ბონუსი აღარაა. ეს აუცილებლობაა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

სიახლეები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

ინოვაცია

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები