1784139241
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
გადაწყვეტილება მიღებულია - თბილისში ტრამვაი ბრუნდება. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებულიც და დიდუბე-დიდი დიღმის ტრამვაის 7.5 კილომეტრიან ხაზს და დეპოს EmreRay Enerji (თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE - Emre Ray, Yüksel, Erk) ააშენებს.
თურქულმა კომპანიამ, ტენდერში მონაწილე 4 კომპანიიდან უპირატესობა ყველაზე დაბალი ფასის, 287.6 მილიონი ლარის შეთავაზების საფუძველზე მოიპოვა და ეს თანხა თითქმის 130 მლნ ლარით ჩამორჩება ტენდერის სავარაუდო ღირებულებას (417 მლნ ლარი).
პროექტის თანახმად, 7,5 კილომეტრიან ტრამვაის ხაზზე 11 გაჩერება იქნება, ტრამვაის შემადგენლობა კი 10-ით განისაზღვრება. მარტივი არითმეტიკით, გამოდის, რომ 1 კმ ტრამვაის ხაზის მშენებლობა გამარჯვებულ კომპანიას 38.35 მლნ ლარი დაუჯდება (თუ უშუალოდ კილომეტრაჟს გავთვლით), თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პროექტი დეპოს მშენებლობასაც მოიცავს და ის, როგორც წესი, ყველაზე დიდი კაპიტალური ხარჯია. შედარებისთვის, მერიის თავდაპირველი გათვლებით (417 მლნ ლარი), 1 კმ-ის ღირებულება 55.6 მლნ ლარს შეადგენდა, შესაბამისად, თურქულმა კონსორციუმმა ქალაქს თითქმის 31%-იანი ეკონომია გაუკეთა. ეკონომია კარგია, თუმცა ასეთი პროექტების განხორციელებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხი, უსაფრთხოება და პროექტის განხორციელების ვადებია.

აქვე უნდა ითქვას, რომ ტრამვაის სისტემის სრული ღირებულება მხოლოდ ლიანდაგი და დეპო არ არის. გათვლებს მოძრავი შემადგენლობაც ემატება. ქალაქის მერმა თქვა, რომ ტრამვაის ხაზის მშენებლობის პარალელურად, გამოცხადდება ტენდერი ტრამვაის მოძრავი შემადგენლობის შესყიდვაზე. ამ საკითხზე დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავდაპირველ გეგმაში მითითებული იყო, რომ ტრამვაის ერთმა შემადგენლობამ მინიმუმ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეძლოს.
ევროპული სტანდარტის შემადგენლობის ღირებულება დაახლოებით 2.5-დან 4 მილიონ ევრომდეა (დაახლოებით 7.5 - 12 მლნ ლარი) ანუ 10 შემადგენლობა, უხეში გათვლებით, 75 - 120 მილიონი ლარი.
პროექტის მიხედვით, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. ტრამვაის მარშრუტი მირიან მეფის ქუჩიდან დაიწყება, გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს, ბოლო გაჩერება კი მეტრო დიდუბესთან იქნება. გაწერილი პირობების მიხედვით, პროექტის დასრულება გამარჯვებულ კომპანიას (ხელშეკრულების გაფორმებიდან) 3 წელში მოუწევს.
რაც შეეხება გამარჯვებულს, როგორც კომპანიის ოფიციალურ გვერდზეა მითითებული, EMRERAY Energy Inc. 1994 წლიდან ოპერირებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სპეციალიზირებულია სარკინიგზო და ტრამვაის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მისი პორტფოლიო მრავალმხრივია და ამავდროულად მოიცავს სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და ზედნაშენის, ელექტრიფიკაციის, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სისტემების გამართვაზე. პროექტებს ახორციელებს ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და სხვა სფეროებში.
განაცხადში მითითებულია, რომ კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალსიჩქარიანი მატარებლის პროექტის რეალიზაციაში და თურქეთში არის პირველი ადგილობრივი კომპანია, რომელიც კვალიფიციური კადრებისა და ინჟინრების მეშვეობით უახლეს გადაწყვეტილებებს ნერგავს სარკინიგზო მოდიფიკაციის პროექტებში. კომპანიის განხორციელებულ პროექტებს შორისაა თურქეთის სხვადასხვა ქალაქის ტრამვაის, ტრამვაის ლიანდაგებისა და სარკინიგზო ხაზების მშენებლობა, ასევე ელექტროფიკაციის უზრუნველყოფა. ჩამონათვალშია 17-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მოწყობა ქალაქ ესკიშეჰირში და სტამბოლში ემიმონუ-კაბატაშის 7.3-კილომეტრიანი ტრამვაის მონაკვეთის მშენებლობა-ელექტროგაყვანილობა.
ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენს ქალაქში ტრამვაის თითქმის საუკუნენახევრიანი ისტორია აღდგება. თბილისს მართლაც ამშენებდა ტრამვაი, ისევე როგორც ბევრ ევროპულ ქალაქს. მისი წინამორბედი, ანუ კონკა, თბილისში 1883 წელს გამოჩნდა. ამოქმედებიდან 27 წელში ის ტრამვაის განიერმა ხაზმა ჩაანაცვლა, ქსელი ნელ-ნელა გაფართოვდა და თითქმის მთელი თბილისი მოიცვა. ტრამვაის ქსელის გაფართოება/განვითარების ტენდენცია გასული საუკუნის 90-იან წლებში შეწყდა და 2000-იან წლებში სრულად გაუჩინარდა.
მას შემდეგ ტრამვაის აღდგენის იდეა ჩვენს რეალობაში არაერთი მერის პირობებში არაერთხელ გაჟღერებულა. აღსანიშნავია, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევაც, რომელიც ტრამვაის ხაზის სხვა მონაკვეთს მოიცავდა, კონკრეტულად კი — უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ორთაჭალის ავტოსადგურამდე. თუმცა პროექტის განხორციელება სიძვირის გამო გადავადდა. არ არის გამორიცხული მომავალში ქალაქი პროექტის განხორციელებას ისევ დაუბრუნდეს, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ამ ეკოლოგიურ ტრანსპორტს ბევრი ქალაქი დაუბრუნდა.
1782321240
1783963380
1782493980
1781973120