1768579265

ახალი კონტურები ზანგეზურის დერეფნისთვის - აშშ-სომხეთის შეთანხმების დეტალები და პერსპექტივები

ჰედერ

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

ზანგეზურის დერეფნის პროექტმა უფრო მკვეთრი კონტურები შეიძინა. უკვე სახელშეცვლილმა ტრამპის მარშრუტმა (Trump Route for International Peace and Prosperity - TRIPP) კიდევ უფრო წინ წაიწია და უფრო მეტი დეტალი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შორის რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

გამოქვეყნდა მარშრუტის განხორციელების ოფიციალური ჩარჩო-შეთანხმების დოკუმენტიც, რომლის მიხედვითაც, პროექტი აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ერთმანეთთან დააკავშირებს და შექმნის მნიშვნელოვან კავშირს ტრანსკასპიურ სავაჭრო გზაზე.

დოკუმენტის მიხედვით, შეიქმნება პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომპანია TRIPP DC, რომელშიც წილობრივი მონაწილეობა 74% აშშ-ს ექნება, 26% კი სომხეთს. პროექტის ადმინისტრირების უფლება დასაწყისისთვის 49 წლით განისაზღვრება და სომხეთს მომავალში ექნება შესაძლებლობა, დამატებითი კაპიტალის შეტანით, წილი 49%-მდე გაზარდოს, შტატები კი იტოვებს უფლებას კომპანიის წილის გაყიდვის, მეწილეებისა თუ ბენეფიციარების ცვლილებაზე გადაწყვეტილება მიიღოს. ამ ყველაფერთან ერთად არც ის გამოირიცხება, რომ 49 წლიანი მმართველობის შესაბამისი წილობრივი განაწილება დამატებით გაგრძელდეს.

პროექტის დეტალებთან დაკავშირებით მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ TRIPP-ის შეთანხმება მსოფლიოსთვის გახდება ერთგვარი მოდელი როგორ შეუძლიათ სახელმწიფოებს გახსნან საკუთარი თავი კეთილდღეობისა და ეკონომიკური აქტივობისთვის. „ეს შესანიშნავი იქნება სომხეთისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის და ყველა ჩართული მხარისთვის“.

შეთანხმების დოკუმენტში ნათქვამია, რომ TRIPP-ის მიზანია სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობას, სტაბილურობასა და ინტეგრაციას სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე.

ამავდროულად პროექტის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს ორმხრივი სარგებლის მიღებას, რეგიონში ბაზარზე წვდომისა და კრიტიკული მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებას, სომხეთისთვის რეგიონული სატრანზიტო და ეკონომიკური ცენტრის როლის გაძლიერებას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და მდგრადი შემოსავლების გენერირებას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, დასაქმების შესაძლებლობის შექმნას სომხეთისთვის და სხვა სარგებლის მიღებას.

ამ შედეგის მისაღწევად სომხეთი იღებს ვალდებულებას მხარდაჭერა გაუწიოს ერთობლივ კომპანიას, სამთავრობო უწყებების კოორდინაციას და ხელი შეუწყოს ნებართვების დროულ გაცემას.

აღსანიშნავია, რომ ზანგეზურის დერეფნის პროექტთან დაკავშირებით საუბრები ჯერ კიდევ გასულ წელს გააქტიურდა, საბოლოო აკორდი კი აგვისტოში იყო როდესაც აშშ-ის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა გაიმართა და სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობაზე გეგმები ფაქტობრივად რეალობად იქცა, რადგან შტატების შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თითქმის 40 წლოვანი დაპირისპირება დასრულდა და შეიქმნა პერსპექტივები როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

დერეფანი, რომელმაც აზერბაიჯანი სომხეთის გავლით ჯერ ნახჩევანს, შემდეგ თურქეთს უნდა დააკავშიროს, რეგიონში მეტი ტვირთის მოზიდვა-გატარების საშუალებას იძლევა. თავის მხრივ კი აშშ პოლიტიკურ სარგებელსაც იღებს და თავის გავლენებს რეგიონში ზრდის.

პროექტი მნიშვნელოვანია თურქეთისთვისაც. სხვადასხვა მედიასაშუალებაში ჯერ კიდევ შარშან გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პროექტი უკვე დაიწყო კიდეც.

პროექტის განხორციელების რეალური პერსპექტივების ფონზე, ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ახალი დერეფნის ამოქმედების შემთხვევაში საქართველო სატრანზიტო შემოსავლების ნაწილს დაკარგავს და თავად შუა დერეფანს, რომლის განვითარება ქვეყანას დიდ პერსპექტივას უქმნის, ერთგვარი ალტერნატივა გამოუჩნდება. ამ ფონზე უნდა ითქვას, რომ ზანგეზურის მარშრუტის ამოქმედებამდე საქართველოსა და მასზე გამავალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართ ინტერესი მაინც დიდია.

მარტივად რომ ვთქვათ, ზანგეზურის დერეფანი, რომელიც წლების განმავლობაში დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, ახლა მშვიდობისა და თანამშრომლობის ახალ გზად ყალიბდება და ჩვენი ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში დასავლეთის ყველაზე საიმედო პარტნიორად ითვლებოდა, დღეს უფრო გარედან ადევნებს თვალს პროცესს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, რომლის წისქვილზე დრო ჯერ კიდევ წყალს ასხამს, ეს კარგად გამოიყენოს, რადგან ტრამპის მარშრუტის ამოქმედებას მინიმუმ 5 წელი მაინც დასჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ „ურბან მედიამ“ ზანგეზურის პროექტის დეტალებზე, მის პერსპექტივებსა და საქართველოს შანსებზე სტატია არაერთხელ მოამზადა, ერთს განმეორებით ვიტყვით — მსოფლიო დღეს ბევრი გამოწვევის წინაშეა და გამონაკლისი არც სამხრეთ კავკასიაა. რეგიონისთვის სატრანსპორტო დერეფნები არა მხოლოდ ლოგისტიკური მარშრუტებია, არამედ პოლიტიკურ-სტრატეგიული გავლენის ინსტრუმენტი. იგივე შეიძლება ითქვას ზანგეზურის დერეფანზეც, რომელიც, შესაძლოა, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო არტერიების ერთგვარ კონკურენტად ჩამოყალიბდეს და ქვეყანამ აზია-ევროპის დამაკავშირებელი უალტერნატივო ხიდის სტატუსიც დაკარგოს.

ბუნებრივია, ეს საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზეც უარყოფითად აისახება და ქვეყანა ნაკლებ ფინანსურ და მატერიალურ სარგებელს მიიღებს. პირველ რიგში, ქართულ პორტებს და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მოაკლდება დასავლეთისათვის განკუთვნილი სომხური ტვირთები, შემცირდება ასევე რუსეთისა და ცენტრალური აზიისათვის განკუთვნილი ტვირთებიც. იგივე შეიძლება ითქვას ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან დასავლეთის მიმართულებით წამოსულ ტვირთებზეც.

ამ პირობებში კი ქვეყნის მთავარი ამოცანა უნდა იყოს შუა დერეფნის გაძლიერება, ანაკლიის პროექტის განხორციელება, შიდა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობა, რათა საქართველო დარჩეს არა ალტერნატიული, არამედ ცენტრალური რგოლი რეგიონის სატრანსპორტო სისტემაში.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები