1769703120

კიბე ქუჩად - ბეთლემის ქუჩის ესთეტიკური და ისტორიული ღირებულება

ჰედერ

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

ყველა ქალაქს თავისი ისტორია აქვს, ისტორიას კი ადამიანები, შენობები და მოვლენები ქმნის. თბილისში საინტერესოს, მიმზიდველს და ისტორიულს რა დალევს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ძველი თბილისია, თავისი სიძველისთვის თანამედროვეობის ფასადი რომ შემოუხვევია და შიგნიდან მაინც ძველ დიდებას აფრქვევს.

თბილისის ერთ-ერთი ლამაზი და საინტერესო ადგილი ბეთლემის ქუჩაა. ბეთლემის კლდისუბანი, როგორც მას ეძახიან, სოლოლაკის ქედსაა შეფენილი, კლდოვან ნაწილზე. აქ უამრავი ისტორიული ნაგებობაა. ეს ერთ-ერთი ის ადგილია, საიდანაც თბილისის ქალაქმშენებლობა დაიწყო და ამაზე, როგორც ამ ქუჩის ისტორიაში შეიძლება ამოკითხვა, მეტყველებს ბეთლემის ეკლესიის და ათეშგას — ცეცხლის ტაძრის არსებობა. აქ იკითხება როგორი იყო ძველი თბილისის ამ უბნის ურბანული დაქსელვა თავისი ქუჩა-კიბეებით.

„მრავალგზის ნგრევაგამოვლილი თბილისის ამ ნაწილში არქიტექტურამ ისტორიის ყველა პერიოდის მნიშვნელოვანი კვალი შემოინახა. XIX საუკუნეში ჩამოყალიბებული გარეგანი სახის მქონე საცხოვრებელი სახლებისგან შემდგარ ურბანულ ქსოვილში IV-XVIII საუკუნეების სხვადასხვა პერიოდში აღმოცენებული მრავალმხრივი დანიშნულების ნაგებობებია ჩართული: უბნის ზედა ტერასის კლდეზე დაშენებულ სუბსტრუქციაზე ცეცხლის ტაძარია აღმართული, მისგან დასავლეთით, ამავე ტერასაზე ორსართულიანი სამრეკლო და ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესიაა განაწილებული, ხოლო ტერასის საყრდენი კედლის ძირში - აკლდამაა მიშენებული; დასავლეთ კიდეში გალავნით შემოზღუდულ ქვემო ბეთლემის ეკლესიასთან ერთად ამჟამად საცხოვრებლად გამოყენებული, ყოფილი მონასტრის შენობა და სფერული გუმბათით დასრულებული აბანოა; უბნის აღმოსავლეთ და დასავლეთ კიდეებში, საყრდენ კედლებში, თაღოვან ნიშებში მოწყობილი ისტორიული წყაროს ნაგებობებია დაცული. ეს მრავალფუნქციური შენობები და სხვადასხვა სტრუქტურები ისტორიული შინაარსით და მნიშვნელობით ამდიდრებს ბეთლემის კლდისუბანს“, — წერია ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროგრამის ანგარიშში. ანგარიში 2000-2010 წლის პერიოდში უბნის შესწავლა რესტავრაციის პერიოდს სრულად ასახავს.

ბეთლემის ქუჩაზეა ისტორიული ულამაზესი ვიტრაჟებიანი სახლი. საოცრად ფერადი და თვალისმომჭრელი მინები იდეალური ადგილი ფოტოების მოყვარულთათვის და სწორედ ამიტომ ამ სახლს დამთვალიერებელი ნამდვილად არ აკლია. ტურისტებისთვის მიმზიდველ ქუჩაზე უამრავი კაფე-ბარია, ხელოვნების გალერეა, არტკაფე და ილუზიების მუზეუმი.

ამ ისტორიულ და კულტურული დატვირთვის მქონე ქუჩაზეა სწორედ ბეთლემის ქუჩა-კიბე, თავისი 120 საფეხურით. კიბე პურის მოედნიდან იწყება და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილამდე ადის, მის ზემოთ კი ნარიყალას ციხე-კოშკია. ეს ის ადგილია, რომელსაც, თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ, ერთხელ მაინც უნდა აუყვეთ. გზად უამრავ თბილისურ აივნებიან და ძველ სახლებს ნახავთ.

ბეთლემის ქუჩა-კიბე მე-19 საუკუნის 50-იანი წლების დანატოვარია, თუმცა თავად ტერიტორია გაცილებით ძველია. კიბის პროექტი თბილისის საგუბერნიო არქიტექტორს, ტიმოთე ბელოის ეკუთვნის. არსებული ჩანაწერების მიხედვით, პროექტში კიბეს სვეტებზე მოწყობილი სახურავი მიუყვებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი ბოლომდე ვერ განხორციელდა, კიბის ტრასაც ნაწილობრივ შეიცვალა.

მსოფლიოს ცნობილი კიბე-ქუჩები

კიბეები თუ კიბე-ქუჩები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საკმაოდ გავრცელებულია. ისინი უმეტესად მთიანი და ფერდობიანი ადგილებისთვისაა დამახასიათებელი. მიუხედავად იმისა, რომ ლიფტები გაცილებით უფრო მოსახერხებელია, არქიტექტორებიც და მნახველებიც აღიარებენ, რომ მსგავსი კიბეები სრულიად სხვა სამყაროს უხსნის კარს, რადგან მას გაცილებით უფრო მაღალი ესთეტიკური ღირებულება და ფუნქციურ-ისტორიული დატვირთვა აქვს. კიბე-ქუჩები ყველგან ტურისტული მიზიდულობის ცენტრად არის ქცეული. ქალაქის მმართველები ხშირად აქ საჯარო ღონისძიებებს მართავენ და მათი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ურბანული ზონის შექმნას ცდილობენ.

პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში აუცილებელ სანახავ ღირსშესანიშნაობებს შორისაა ქრისტეს საყდარი Jesus do Monte Church (Good Jesus of the Mount), რომელთანაც საოცრად მომხიბვლელი, ბაროკოს კიბეებით უწევთ მნახველებს ასვლა და მთლიანობაში 381 საფეხურის გავლა. ის ზიგზაგისებურად არის დაგეგმილი და ნეოკლასიკური არქიტექტურის ეს შედევრი 2019 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა შორისაა.

ბელგიაში, ქალაქ ლიეჟიში მდებარე ბუერენის მთა ზუსტად ასეთი ადგილია. რეალურად ეს მთა სულაც არ არის. 374 საფეხურისგან შემდგარი კიბე 1881 წელს ააშენეს იმ ძველი სახიფათო ბილიკის სანაცვლოდ, რომლითაც ჯარისკაცები სარგებლობდნენ და გორაზე მდებარე გარნიზონამდე უწევდათ გავლა.

გამორჩეულია საბერძნეთში სანტორინის კიბეები. კუნძულზე კიბე 1715 წელს არის აგებული და მისი დანიშნულება მოსახლეობისთვის გორაკის წვერამდე იოლად ასვლა იყო. ტვირთის და მგზავრების გადასაყვანად კი სახედრებს გამოიყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 1979 წელს ამ გზის მარტივად დასაფარად საბაგირო გზა აშენდა, სანტორინის 600 საფეხურიანი კიბე ტურისტებისთვის დღესაც პოპულარობით სარგებლობს. ეს კიბე აკავშირებს ფირას კლდეზე აშენებულ ქალაქ გიალოსთან, რომელიც კუნძულის ძველი პორტია.

რიო-დე-ჟანეიროს ფერადი კიბე — Escadaria Selarón — ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილად მიიჩნევა. კიბეებს უნიკალურობას ფერადი მოზაიკა აძლევს. ის ჩილელი ხელოვანის, ხორხე სელარონის შემოქმედებაა. კიბის მოპირკეთება ხელოვანმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო ფერადი ფილებით, დროთა განმავლობაში კი ფილებს ის სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდა, რამაც მას კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება შემატა. კიბე 125 მეტრი სიგრძისაა, მოიცავს 215 საფეხურს და მთლიანობაში გამოყენებულია 2000-ზე მეტი ფილა 60-ზე მეტი ქვეყნიდან. ფერთა გამაში უმეტესად ყვითელი, მწვანე და ლურჯი ჭარბობს - ბრაზილიის დროში ფერები.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერ

როცა პანდუსი დეკორაციაა

1769439960

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები