1750165221

მითვისებული სივრცეები — რა ეშველება დაკარგულ ეზოებს?!

ჰედერ

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

თბილისი საოცარი ქალაქია... ერთდროულად მიმზიდველიც, თბილიც, ენერგიულიც. აქ ძველი ახალს ერწყმის, ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ კი ძველის და ახლის კოლაბორაცია თავის ღირებულებას ერთსაც უკარგავს და მეორესაც.

ბოლო ათწლეულებში მომრავლებულმა გაურკვეველმა მშენებლობებმა და ავტომობილების გაზრდილმა რაოდენობამ ქალაქი ქაოსურ სივრცედ აქცია. ავტოფარეხებისა და ორგანიზებული ავტოსადგომების ნაცვლად მანქანები ციდან ჩამოყრილივით მიმოფანტულია ტროტუარებზე, ეზოებში, მაღაზიებთან, სკვერებთან, ყველგან, სადაც კი მცირე ადგილი მაინც შემორჩა.

ერთი მხრივ, საერთო სარგებლობის სივრცეების შემცირება ქალაქის მმართველების კისერზეა, რადგან წლების განმავლობაში მშენებლობებზე ნებართვები ყოველგვარი გათვლების გარეშე გაიცემოდა, სასწორის მეორე პინაზე კი თავად მოქალაქეები არიან დანაშაულის თავიანთი წილით.

თბილისის არაერთი უბნის არაერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს ნაწილი წლების წინ რატომღაც ვიღაცას „ერგო“. ის, ასევე, რატომღაც, 9 სართულიანი კორპუსის არა მეხუთე და მეექვსე სართულის მობინადრის, არამედ პირველ, მესამე ან მეოთხე სართულზე მცხოვრების საკუთრება გახდა (ეს გაანგარიშება პირობითია). ამის გარდა, „ვიღაცამ“ გადაწყვიტა და საერთო სარგებლობის ეზოს ნაწილი შემოღობა, ბარიერით გადაკეტა და მხოლოდ მისი მანქანის დასაყენებელ ადგილად აქცია ან სულაც ბოსტანი გააშენა.

ასე შემოეძარცვა თბილისს საერთო სარგებლობის სივრცეები, რამაც შეამცირა მწვანე ზონებიც და ამის პარალელურად გამოითქმის უკმაყოფილება ქალაქში შეცვლილ კლიმატზე, უჰაერობაზე, ავტომობილებისთვის არასაკმარის ადგილებსა თუ ქაოსზე.

პრობლემა ისაა, რომ საბჭოთა პერიოდში აშენებულ კორპუსებს არ აქვს ოფიციალურად გაფორმებულის სტატუსი, ეზოები ფორმალურად არც სახელმწიფო საკუთრებაა და არც კერძო. ბევრი კორპუსის ეზო საჯარო რეესტრში საერთოდ არ არის რეგისტრირებული, რაც სამართლებრივ პასუხისმგებლობას არავის აკისრებს და იწვევს გაურკვევლობას.

პრობლემას ისიც ართულებს, რომ ეს მისაკუთრებული ეზოები, ხშირ შემთხვევაში, მოუვლელია და კუსტარულად შემოღობილი ე. წ. ნაკვეთები ქალაქს იერსახეს უკარგავს.

თბილისის ურბანულ დაგეგმარებას გარკვეული ხარვეზები რომ აქვს ეს სიახლე ნამდვილად არ არის. ეზოების შემთხვევაში კი არ არსებობს მათი დაცვისა და საერთო სივრცეების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის ნორმები. არ არსებობს სისტემური რეგულაცია, რომელიც აღკვეთდა ან დააბრუნებდა თვითნებურ მითვისებას. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეზოების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა მნიშვნელოვანია და ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ეზოების საერთო სარგებლობაში დასაბრუნებლად.

როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, ეზოების ნაწილი ჯერ კიდევ წლების წინ აქვს მოსახლეობას გაფორმებული და ასეთ ქონებას მერია ვერავის ჩამოართმევს. ეს ეხება როგორც მიშენებებს, ასევე ეზოებს თუ ავტოფარეხებს.

„თუ თავად მესაკუთრე გამოთქვამს სურვილს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ადგენს მერია პროექტს და შესაძლებელია ამ ადგილას მოეწყოს რეკრეაციული სივრცე ან საპარკინგე ადგილი“, — განმარტავენ მერიაში.

ალბათ, ყველამ კარგად იცის და ქალაქის მმართველობასაც მოეხსენება, რომ ამ სივრცეების საერთო მიზნებისთვის გამოყენება ანუ „უკან დაბრუნება“ ადვილი არ იქნება, თუმცა ფაქტია, რომ პრობლემა მოსაგვარებელია და ადრე თუ გვიან ქალაქმა უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება მათ დასაბრუნებლად.

ეზოები, ზოგადად, სოციალური ინტეგრაციის სივრცედ მიიჩნევა, სწორედ ამიტომ ბევრგან დღესასწაულები, სხვადასხვა კატეგორიის კულტურული შეხვედრები და ღონისძიებები იმართება. ეზო აღიქმება არა საკუთრებად, არამედ საერთო რესურსად და პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტს ეკისრება.

მსოფლიოს ბევრ ქალაქში მცხოვრებლებს საერთო სარგებლობის ეზოებზე კოლექტიური პასუხისმგებლობა აქვთ და ლოკალურად ამკვიდრებენ წესებს, რომელთა დაცვაც ყველასთვის სავალდებულოა. მაგალითად, ტალინში ქალაქის მთავრობა კოოპერატივებს სთავაზობს სუბსიდიას, თუ მობინადრეებს ეზოს მოწესრიგება ან გახსნა სურთ. კრაკოვში ეზოების საერთო გამოყენება გაწერილია ადგილობრივ წესდებაში, დამრღვევს მუნიციპალიტეტი აჯარიმეს ან იძულებით დემონტაჟს ახორციელებს.

ეზოები ერთ დროს თბილისის განუყოფელი ნაწილი იყო, დღეს კი ეს ადგილები თითქმის დაკარგულია, როდესაც მას, შესაძლოა, ქალაქისთვის ფუნქციური დანიშნულება ჰქონდეს. მერიამ, ალბათ, უნდა იფიქროს ეზოების სტატუსის განსაზღვრაზე, უნდა დაიწყოს იმ ეზოების იდენტიფიცირება და რეგისტრაცია, რომლებსაც სტატუსი არ გააჩნია. საჭიროა სისტემა, სადაც მოქალაქეს ექნება საშუალება, განაცხადოს თვითნებური მითვისების შესახებ. შესაძლოა, რომ მუნიციპალიტეტს მისი გამოსყიდვაც კი მოუხდეს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ეზოების მართვისა თუ დიზაინის მოდელების შერჩევაზე საუბრის დაწყება.

მსგავსი სიახლეები

ჰედერი

ქალაქი ეზოების გარეშე

1745594787

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები