1745594787

ქალაქი ეზოების გარეშე

ჰედერი

ავტორი

ნინი მეტრეველი

თბილისში გამწვანებული, კეთილმოწყობილი, ადაპტირებული სკვერების დეფიციტია და ეს ყველამ ვიცით. თუ მერია სკვერს აკეთებს, შემდეგი პრობლემა მისი შენარჩუნება ხდება — აღარავინ აქცევს ყურადღებას ჩამოწყვეტილ საქანელებსა და სასრიალოს მორყეულ კიბეებს, არჩევნების მოახლოებამდე. ასეთი სკვერებიც, ხშირ შემთხვევაში, ქუჩაზე მხოლოდ ერთია. იქამდე მისვლა შორი მანძილის, წყვეტილი ტროტუარებისა და სხვა მსგავსი ბარიერების გამო, ბევრი ადამიანისთვის რთულია. თუმცა სხვა გზა არც აქვთ, რადგან ეზოები, რომლებიც ადრე მათ კორპუსებს ესაზღვრებოდა, ფაქტობრივად გამქრალია.

ადრე, ასეთი სივრცეები მეზობლებისთვის ურთიერთობის, ბავშვებისთვის კი სათამაშო ადგილი იყო. კორპუსის ეზო იზოლირებულ და შედარებით დაცულ ტერიტორიას წარმოადგენდა, სადაც მშობლებს შეეძლოთ ბავშვებისთვის თვალი ედევნებინათ, ნაკლებად შემოდიოდა მანქანა და, შესაბამისად, მოსახლეობაც მეტად უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. კორპუსების შიდა ეზოებში, დროთა განმავლობაში, ურბანული ტრადიციებიც კი ყალიბდებოდა. ახლა ეს ტრადიციები ეზოებთან ერთად გაქრა.

თბილისური ეზოების შთანთქმა, სამწუხაროდ, მოსახლეობამვე დაიწყო, როცა თავიანთი საცხოვრებელი სახლების წინ, თვითნებურად, კუსტარული ავტოფარეხები ჩადგეს. დროთა განმავლობაში, ამ ავტოფარეხებს ფუნქცია შეუცვალეს და მანქანების უსაფრთხოდ დაყენების ნაცვლად, ძველი ავეჯის, უსარგებლო ტექნიკისა და გამოუყენებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შესანახ სივრცედ აქციეს. მანქანების გაჩერება კი იქვე, ეზოში დაიწყეს. საბოლოოდ, მთელი ეზო დაურეგულირებელ პარკირების ზონად გადაიქცა.

ტენდენცია თანამედროვე დეველოპერებმაც აიტაცეს. საცხოვრებელი კორპუსების შენებისას, შიდა ეზოები პრიორიტეტული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები დეველოპერებს გამწვანებასა და ხეების დარგვას ავალდებულებს, შიდა ეზოების კეთილმოწყობაზე კანონში არაფერია ნათქვამი. მშენებელს თავისუფლად შეუძლია, პატარა სივრცეში რამდენიმე ხე და ბუჩქი დარგოს და მას რეკრეაციული ზონა უწოდოს. და რადგან მიწისქვეშა პარკირების მოწყობა ხარჯებთანაა დაკავშირებული, დედაქალაქში კი მანქანის გასაჩერებელ ადგილებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, სამშენებლო კომპანიები ეზოს ნაცვლად მანქანის გასაჩერებელ სივრცეს აკეთებენ.

ამიტომაცაა მეტად მიმზიდველი კონცეპტუალური პროექტები. დეველოპერების ნაწილი სწორედ შიდა ეზოს მოწყობის პერსპექტივით იზიდავს მყიდველს. თბილისშიც იშვიათად, მაგრამ მაინც მოიძებნება საცხოვრებელი კომპლექსები, რომლებშიც საკმარისი რაოდენობითაა გამწვანებული ზონაც, შიდა ეზოც, სათამაშო და სპორტული მოედნებიც და განცალკევებული საპარკინგე სივრცეც. ასეთი ინიციატივები დასტურია, რომ სწორი დაგეგმარების მიდგომით, ურბანულ განვითარებას შეუძლია დააბალანსოს მოსახლეობის თანამედროვე საჭიროებები და სოციალური ურთიერთობებისთვისაც შეინარჩუნოს ტერიტორია. მთავარია, ეს ყველაფერი არ დარჩეს გამონაკლისად და ნორმად იქცეს.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

თბილისში ტრამვაი ბრუნდება?!

1743008820

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები