1735743540

სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი და რეგულაციები

ჰედერ

ავტორი

მეკო მეტრეველი

სამშენებლო რეგულაციების დაცვა და მასალების ხარისხის კონტროლი სამშენებლო პროცესის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. უხარისხო მასალების გამოყენება ამცირებს შენობის საექსპლუატაციო ვადას, სამომავლოდ ზრდის რემონტის ხარჯებს და, რაც მთავარია, ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

სამშენებლო მასალების მდგომარეობა განსაზღვრავს:

შენობისა და ადამიანების უსაფრთხოებას კონსტრუქციის სტაბილურობა, მედეგობა და სტრუქტურული მთლიანობა დამოკიდებულია მასალების ხარისხზე. დაბალი ხარისხის ბეტონმა და არმატურამ, შესაძლოა, ნაგებობის დაზიანება, ჩამონგრევა გამოიწვიოს, რაც არა მარტო შენობას, არამედ ადამიანთა ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

შენობის სიცოცხლისუნარიანობას, იერსახეს და ღირებულებას სამშენებლო მასალების კონტროლი და შესაბამისად მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის მქონე მასალების გამოყენება შესაძლოა თავდაპირველად მაღალ ინვესტიციასთან იყოს დაკავშირებული, თუმცა საერთო ჯამში, ეს ამცირებს სარემონტო და შენობის საექსპლუატაციო ხარჯებს და ზრდის ნაგებობის სიცოცხლისუნარიანობას. დაბალი ხარისხის მასალები კი მოკლევადიან მოგებაზეა გათვლილი, რაც მომავალში არაერთ პრობლემას წარმოქმნის. ამასთანავე, საერთაშორისო სტანდარტის მასალების ინტეგრაცია ზრდის შენობის ღირებულებას და უზრუნველყოფს მიმზიდველ იერსახეს.

შენობის ენერგოეფექტურობას და ეკოლოგიურ სიჯანსაღეს თანამედროვე და მდგრადი მშენებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ენერგოეფექტურობის ხარისხის გათვალისწინება და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტების გამოყენება, რაც ამცირებს ხარჯებს, ხელს უწყობს ენერგიის რაციონალურ მოხმარებას, აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობას. შესაბამისად, სამშენებლო მასალებში ენერგოეფექტურობის და ეკოლოგიურობის ხარისხის კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

სამშენებლო მასალების კონტროლი ძირითადად მოიცავს:

მომწოდებელი ბრენდის რეპუტაციის, გამოცდილების გადამოწმებასმნიშვნელოვანია შეირჩეს სანდო, გამოცდილი მწარმოებლები, რომლებიც საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბაზარზე დადებითი რეკომენდაციებით სარგებლობენ და სტაბილური მომწოდებლები არიან.

სერტიფიცირების, დოკუმენტაციის, პროდუქტის ხარისხის შემოწმებასყველა სამშენებლო მასალას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი საერთაშორისო ან ადგილობრივ სტანდარტებს შეესაბამება.

ლაბორატორიულ გადამოწმებას სამშენებლო მასალების, მაგალითად, ბეტონის, აგურის, თაბაშირის შემოწმება სპეციალურ ლაბორატორიებში მათი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების დასადგენად და უსაფრთხოების შესამოწმებლად.

ტექნიკურ შემოწმებას და ადგილზე ვიზუალურ დათვალიერებას მნიშვნელოვანია მასალები ტექნიკურად შემოწმდეს, შეფასდეს მისი მდგომარეობა, შეფუთვა, შენახვის პირობები და ვიზუალი. ამასთან, ხარისხის კონტროლთან ერთად აუცილებელია სამონტაჟო სამუშაოების სწორად წარმართვა.

ცხადია, თითოეული პროდუქტის შემოწმება მნიშვნელოვანია, თუმცა მშენებლობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ მასალებს:

ბეტონი ნაგებობის ძირითადი სტრუქტურული მასალაა, რომელიც მშენებლობის ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ამიტომ მისი სიმტკიცის, დრეკადობის, ტემპერატურული მდგრადობის კონტროლი უაღრესად მნიშვნელოვანია. თავდაპირველად უნდა მოხდეს მისი პლასტიკურობის კოეფიციენტის და ვარგისობის დადგენა. შემდეგ რეკომენდებულია ბეტონის ლაბორატორიული ტესტირება, მისი სიმტკიცის უმაღლესი კლასის მისაღწევად კი სპეციალურად დამზადებულ ავზებში განთავსება და წყლის სტაბილური ტემპერატურით სასურველი შედეგის მიღწევა. სიმტკიცის შესამოწმებლად კი დამატებით მიმდინარეობს კვლევები და საბოლოო შეფასების საფუძველზე დგინდება მისი ხარისხი.

არმატურა არმატურის ხარისხზეა დამოკიდებული ბეტონის სტრუქტურის სიმტკიცე. ამიტომ მნიშვნელოვანია შემოწმდეს მისი სიმტკიცე და კოროზიისადმი მდგრადობა.

საიზოლაციო მასალებითბო და ჰიდრო იზოლაციის ხარისხიანი უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია შენობის ენერგოეფექტურობის და მედეგობის მისაღწევად, ამიტომ აუცილებელია საიზოლაციო მასალების ხარისხის, მედეგობის და თბოგამტარობის შემოწმება.

ხე ხე როგორც საფასადე, ისე ინტერიერის დეკორატიულ ნაწილებში გამოიყენება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი წყლის/ნესტისადმი მედეგობის და მექანიკური სიმტკიცის შემოწმება.

აგური/ბლოკი ბეტონის მსგავსად, მშენებლობაში სწორედ ეს მასალები უზრუნველყოფს კედლების სიმტკიცესა და სიმყარეს, ამიტომ დაზიანებისა და წყლისადმი მედეგობის შემოწმება მნიშვნელოვანია.

საქართველოში სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი ძირითადად შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების შესახებ კანონით და საქართველოს ტექნიკური რეგლამენტებით რეგულირდება. შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების კანონი ითვალისწინებს სამშენებლო პროექტის უსაფრთხოების მოთხოვნებს, კონსტრუქციული სიმტკიცის, ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარიული და ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას.

ამასთან, 2018 წლის 15 ნოემბრიდან მოქმედებს რეგლამენტი, რომელიც ცემენტს, არმატურას, ელექტროსადენებსა და პლასტმასის მილებს ევროსტანდარტების შესაბამისობის მოთხოვნებს უწესებს. იმპორტიორები ვალდებულები არიან, წარმოადგინონ შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტი საბაჟოზე ვერ შემოვა. ხოლო 2021 წლიდან უსაფრთხოების კონტროლის მოთხოვნები მოქმედებს თაბაშირ-მუყაოზეც, რის შედეგადაც ქვეყანაში შემოტანილი, ან წარმოებული თაბაშირ-მუყაოც უსაფრთხოების გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მიუხედავად მოქმედი რეგულაციებისა, საქართველოს სამშენებლო სექტორში უსაფრთხოების კუთხით მთელი რიგი პრობლემებია. ხშირ შემთხვევაში კონტროლი მხოლოდ დიდ პროექტებზე ხორციელდება, ხოლო კერძო კომპანიების ნაწილში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, მასალების ხარისხის კონტროლი საჭიროებისამებრ არ ხდება. ამასთან, ბევრი კომპანია, დეველოპერი ფინანსური ან დროის ეკონომიის მიზნით თავს არიდებს ლაბორატორიულ შემოწმებას, ხოლო ბაზარზე მასიურად ხელმისაწვდომი ჩინური და თურქული პროდუქტი, რომელიც აუცილებელ ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, პრემიუმ ხარისხის წარმოებას სერიოზულ კონკურენციას უწევს. რაც საერთო ჯამში, მასალების უკონტროლო გამოყენებას და დაბალი ხარისხის სამშენებლო მასალების მოხმარებას უწყობს ხელს.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები