1753461737

გამოსახლება თვალჭრელიძის ქუჩაზე: კანონი, პირადი ტრაგედია და საჯარო პასუხისმგებლობა

ჰედერ

2025 წელი, 24 ივლისი, თვალჭრელიძის ქუჩა N1. აქ პოლიცია და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ქუჩაში ავეჯი, ტექნიკა, სამოსი და სხვა პირადი ნივთებია მიმოფანტული… მდგომარეობა დაძაბულია, ხმაურია, შიგადაშიგ ისმის ტირილიც, ყვირილიც… დროგამოშვებით ვიღაცას აკავებენ… ადგილობრივებს პროტესტის მონაწილეები შეუერთდნენ მხარდასაჭერად… გამოჩნდნენ პოლიტიკოსებიც…

ეს გამოსახლების პროცესია, პროცესი, რომელიც თავისი შინაარსით მძიმეცაა და რთულიც. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება გამოსახლება, გასცდება ხოლმე ერთჯერადი ქმედების ფარგლებს და კვლავ ტოვებს კითხვებსროგორია ჩვენი რეალობა?

რა ვიცით აღსრულების გადაწყვეტილებაზე

თვალჭრელიძის ქუჩაზე დაწყებულ აღსრულების პროცესთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიუროსგან გავიგეთ, რომ განცხადება აღსრულებაზე უწყებაში 2024 წლის 11 ივნისს შევიდა და ერთი წლის განმავლობაში აღსრულების პოლიციელებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, მისამართზე მცხოვრებ პირთა სოციალური სტატუსი და საჭიროებები ინდივიდუალურად განისაზღვრა.

ბიუროს მონაცემებით, მისამართზე მუდმივად 39 ოჯახი ცხოვრობდა და მათგან დევნილისა და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებმა თბილისის მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროსაგან დახმარების შეთავაზებები მიიღეს.

განცხადებითვე გავიგეთ, რომ გამოსახლების პროცესი 2-ჯერ გადაიდო და მხარეებს მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულებისთვის დრო მიეცათ. ითქვა ისიც, რომ ამ კომუნიკაციის შედეგად, კრედიტორმა მისამართზე უკანონოდ მცხოვრებ პირებს შესთავაზა ერთჯერადი კომპენსაცია ან ბინის ქირით უზრუნველყოფა, რასაც მობინადრეთა უმეტესი ნაწილი დაეთანხმა.

მოსახლეობის მდგომარეობა ადვილი რომ არ არის ამაზე იგივე აღსრულების ბიუროს განაცხადიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, მუშაობის პროცესში მიმდინარეობდა მაცხოვრებელთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და პროცესისათვის მომზადება. „დეტალურად იქნა ახსნილი, თუ რას მოიცავს გამოსახლების პროცესი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას“.

როგორია შენობის მდგომარეობა და ვის საკუთრებაშია

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, შენობა-ნაგებობა საცხოვრებლად საშიშია — „მორყეული იყო მზიდი კედლები, რასაც კიდევ უფრო საშიშს ხდიდა იქ მიმდინარე თვითნებური სარემონტო სამუშაოები. საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შენობა-ნაგებობების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ადასტურებს“.

შენობა „ბლექ სი ფროფერთისის“ საკუთრებაშია და როგორც მისმა წარმომადგენელმა, გიორგი ჩაფიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, შენობა-ნაგებობა მიეკუთვნება მეოთხე ხარისხის დაზიანებას და ადამიანების ცხოვრება დაუშვებელია.

მანვე აღნიშნა, რომ მცხოვრებლებთან მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს და დაიწყო აღსრულების პროცესი.

მერის განცხადება

პროცესს თვალჭრელიძის ქუჩაზე ქალაქის მერიც გამოეხმაურა, თუმცა ვიდეომიმართვით. შემთხვევის ადგილზე კახა კალაძე არ მისულა იმ მიზეზით, რომ შენობა კერძო საკუთრებაშია და პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტს არ აქვს.

კახა კალაძემ წარმოადგინა შენობა-ნაგებობების ავარიულობის დამადასტურებელი ფოტოებიც. განაწყენებულმა რამდენიმე დღის წინ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან პარალელიც გაავლო.

„ზუსტად ის ხალხი, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გვლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით იმ კორპუსის მცხოვრებლები ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობებიდან ხალხის იძულებით გაყვანა, არის დანაშაული. თანაც ეს მათი საკუთრება არ არის. ეს იგივეა თქვენს საცხოვრებელში შემოიჭრას ვინმე, მიმართოთ სახელმწიფოს და სახელმწიფომ არ იმოქმედოს“, — განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ავარიული კორპუსები დიდი პრობლემაა, სწორედ ამიტომ არსებობს მათი ჩანაცვლების პროგრამა და „ნაცვლად იმისა, რომ მედია, საზოგადოება, ოპოზიცია დაინტერესებული იყოს გამოსავლის ძებნით, რადგან ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ყველას გვეხება იგი, დაკავებულია ხელის შეშლით“.

უფლებების დარღვევა

გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განმარტა, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და კერძო მესაკუთრეების ინტერესებიც, მაგრამ მან, გამოსახლების მეთოდებითა და ოჯახების უსახლკაროდ დატოვებით, უხეშად არ უნდა დაარღვიოს მათი ღირსება, სხვა უფლებები და უნდა შეძლოს, დაიცვას სამართლიანი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.

ცენტრმა ამავდროულად მოუწოდა რამდენიმე უწყებას:

აღსრულების ეროვნულ ბიუროს — გამოსახლების პროცესი წარიმართოს ოჯახების ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობით;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს — გაითვალისწინოს იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების ორმაგი სოციალური მოწყვლადობა და ეკონომიკური ჩაგვრა, ასევე მათ წინაშე სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები და გამოსახლებული დევნილი ოჯახების განსახლების პროცესი დააჩქაროს და დააპრიორიტეტოს; მოახდინოს რესურსების მობილიზება უსახლკაროდ დარჩენის რისკის ქვეშ მყოფი ოჯახებისათვის გრძელვადიანი და ღირსეული საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად;

მთავრობას — გამოსახლების კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტების დაწესებამდე, უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებაზე გამოაცხადოს მორატორიუმი.

მოსაზრება

არქიტექტორმა და ურბანისტმა, ირაკლი როსტომაშვილმა საკუთარი მოსაზრება თვალჭრელიძის ქუჩაზე შენობიდან მოსახლეობის გამოსახლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„1. შენობა არის მწვავე ავარიული და მასში ადამიანების ცხოვრება, მით უმეტეს თვითნებური სარემონტო სამუშაოების წარმოება კატეგორიულად დაუშვებელია (წარმოიდგინეთ, რომ ჩამონგრეულიყო, მსხვერპლი მოჰყოლოდა, მაშინ ვის დაჰბრალდებოდა?!).

  1. შენობა არის კერძო საკუთრება, რომელშიც თვითნებურად შეიჭრა ათობით ოჯახი, რაც დაუშვებელია.
  2. კატეგორიულად მიუღებელია მოსახლეობასთან, პოლიციის ურთიერთობის მსგავსი ფორმა, როდესაც პოლიციელი სიგარეტგაჩრილი „აკაჩავებს“ და „ებლატავება“ მოსახლეობას!

25 წელია ვიმეორებ! ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, კოეფიციენტების გაზრდით, გამოსახლებით, ძველი ბიჭებით... ეს არის ურთულესი პრობლემა! კომპლექსურად გადასაწყვეტი საკითხი! უნდა გაკეთდეს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პერმანენტულად, მინიმუმ 10 -12 წელი უნდა გაგრძელდეს. გამოიყოს ბიუჯეტი, და ა.შ.“

განსახლების პრობლემები

განსახლების საკითხთან დაკავშირებით, დევნილთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესი საქართველოში არაეფექტიანია. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, პროცესი უკიდურესად გაჭიანურებულია.

„სახელმწიფოს მიერ გამოყენებული არგუმენტი, რომ დევნილმა ოჯახებმა განაცხადი წარადგინეს საცხოვრისით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, არ ნიშნავს, რომ ისინი უახლოეს თვეებში მაინც შეძლებენ საცხოვრისზე წვდომას. იმ ოჯახებსაც კი, რომელთაც განაცხადი დაუკმაყოფილდათ, არ აქვთ გარანტია, რომ მოკლე ვადებში გადაეცემათ საცხოვრებელი. აქვე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ დევნილების თითქმის ნახევარი, 51 845 ოჯახი, კვლავ გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოლოდინის რეჟიმში რჩება. გარდა ამისა, 2023 წლის ბოლო მონაცემებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ 29 ობიექტში ჯერ კიდევ ცხოვრობს 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი“, — ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ფაქტია, რომ პრობლემა სისტემურია. ჯერჯერობით მასთან გამკლავების არც კონკრეტული დოკუმენტი არსებობს და არც სამოქმედო გეგმა. ყოველი ასეთი შემთხვევის დროს კვლავინდებურად აღმოვჩნდებით რეალობის წინაშე: იქნება გამოსახლება, კანონის აღსრულება, ასეთ პროცესში აუცილებლად იქნებიან ისეთები, რომლებიც სიტუაციით სარგებლობენ და აუცილებლად იქნებიან ადამიანები, რომლებიც მართლა ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებიან 300 ლარიანი ქირის ფულის (როგორც მედიასთან თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მცხოვრებლები აცხადებენ) იმედად.

და ბოლოს, ჩვენ ხშირად გვიყვარს იმის თქმა, რომ ეს ქალაქი ყველასია, ჰოდა, ამ ქალაქში ასე არ უნდა ხდებოდეს და არც ქალაქის მესვეურები უნდა იბანდნენ ხელს იმ შემთხვევაშიც კი, როცა შენობა კერძო მესაკუთრის ხელშია. ეს ქალაქი ხომ ყველასია, მაშინ ეს პრობლემაც ყველასია...

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები