1738757880

აუხდენელი ოცნება სახლზე — დევნილების ტრაგიკული რეალობა

ჰედერი 1

ავტორი

ნატა მეშველიანი

44 წლის დევნილმა კაცმა, ზამირ კვეკვესკირმა, თავი დაიწვა. ის ოჩამჩირიდან იყო იძულებით გადმოსახლებული. წლების განმავლობაში უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობდა ნაძალადევის რაიონში, ყოფილი გამგეობის შენობაში. 18 კვადრატულ მეტრ ოთახში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად უწევდა არსებობა. ზამირს ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებდა, ოპერაცია სჭირდებოდა, თუმცა სახელმწიფო უწყებებთან მრავალგზის მიმართვა უშედეგო აღმოჩნდა. უწევდა განცხადებების წერა, სოციალური მუშაკების მიღება და დაპირებების მოსმენა, სრულიად უშედეგოდ.

27 იანვარს, დილით, ის დევნილთა სააგენტოში წავიდა იმ იმედით, რომ პრობლემას ბოლოს და ბოლოს მოაგვარებდა, თუმცა კვლავ უთხრეს, რომ ვერავინ შეხვდებოდა და კიდევ ერთი განცხადება უნდა დაეწერა. გაბრაზებულმა ზამირმა სააგენტოს ეზოში ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. მიუხედავად მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა — სხეულის 65%-იანი დამწვრობით ის კლინიკაში გარდაიცვალა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მომხდარზე სოციალურ ქსელში წერს: „ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“.

ფოტო - ნეტგაზეთი

საინტერესოა, საერთოდაც არ არის ნახსენები ის ფსიქოლოგიური ფონი, დევნილთა სააგენტომ რომ შეუქმნა ადამიანს, ფონი, რომელმაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ახსენებენ ,,თვითდაზიანებას”, თითქოს დევნილმა პირადი პრობლემების გამო მიაყენა თავს ზიანი, თითქოს მისი მსხვერპლი სიმბოლო არ ყოფილიყო ხალხისა, რომელიც დაკარგულ სახლს უშედეგოდ ეძებს, სისტემისა, რომლის ხელშიც პრობლემა წლების მატებასთან ერთად უარესდება.

ფაქტია, უკვე სამ ათწლეულზე მეტია საქართველო უშედეგოდ ებრძვის იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლის კრიზისს. 1990-იან წლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო კონფლიქტებმა, ხოლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ათასობით ოჯახი აიძულა დაეტოვებინათ საკუთარი სახლი და სრულიად ახალ გარემოში დაეწყოთ ცხოვრება. ეს ადამიანები, რომლებიც იდენტობის, უსაფრთხოებისა და მომავლის განცდას საკუთარ სახლებში ხედავდნენ, უკიდურესად შეზღუდულ საცხოვრებელ პირობებში აღმოჩნდნენ. დღეს, საქართველოში 292,887 იძულებით გადაადგილებული პირი, ჯამში 92,000 დევნილი ოჯახია ოფიციალურად რეგისტრირებული.

დევნილთა დასახლება ზუგდიდში - ფოტო - Heretifm

დღესაც, 2025 წელს, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი პირობები განსაკუთრებით სავალალოა. ბევრი მათგანი ცხოვრობს მიტოვებულ შენობებში, სასტუმროებში, ძველ ქარხნებსა და ავარიულ კოლექტიურ ცენტრებში. აქ არსებული ინფრასტრუქტურა საშინელ მდგომარეობაშია: არ არის გათბობა, სანიტარიული პირობები მინიმალურია, ხოლო შენობის სტრუქტურული მდგრადობა — დარღვეული. დევნილები თბილისის ზღვის, თემქისა და საბურთალოს ტერიტორიაზე უკვე ათწლეულებია ცხოვრობენ სიცოცხლესთან შეუთავსებელ პირობებში.

ეს ადამიანები ქვეყნის ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფად რჩებიან. არსებული თავშესაფრები, არასწორი დაგეგმარების, არასაკმარისი ინფრასტრუქტურისა და დაბალი ხარისხის გამო, ვერ უპასუხებს იმ სტანდარტებს, რაც ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისთვისაა საჭირო. მეტიც, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გარკვეული დროით შეაჩერა. ანუ შეჩერებულია პროექტები, რომლებიც მათი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციაზე, სოციალურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნავდა.

სამწუხაროა, თუმცა ზამირ კვეკვესკირის ტრაგედია პირველი არ ყოფილა. ბოლო წლებია, ხშირად გვესმის დევნილთა სიკვდილიანობის ამბები ზუსტად საცხოვრებელი პირობების გამო. 2020 წლის თებერვალში, წყალტუბოში, სანატორიუმ ,,გეოლოგში” 58 წლის ადამიანი სიცივისგან გაიყინა. დევნილი სიცივესა და შიმშილში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. შენობა საცხოვრებლად არ გამოდგებოდა, მიტოვებული სანატორიუმი ჭაობად იყო ქცეული. ერთ-ერთ ინტერვიუში მეზობელი ამბობს: „დაიღუპა, გახდა ამ ბინის მოლოდინის მსხვერპლი“. 2020 წელს სახალხო დამცველმა მომხდარი ინციდენტი დაგმო, მოუწოდა მთავრობას, რომ ე. წ. „ნგრევად შენობაში“ მცხოვრებ ადამიანებს პირველ რიგში უნდა ეძლეოდეთ გრძელვადიანი განსახლებები. აღნიშნა, რომ „ქვეყნის მასშტაბით 133 ნგრევად ობიექტში 3 191 ოჯახია რეგისტრირებული”.

ფოტო - ინტერპრესნიუსი

თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 52 წლის ზურაბ ქირიამაც 16 იანვარს, 2022 წელს. დევნილთა საცხოვრებლის სახურავიდან ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად გადმოხტა, გუდაუთიდან იყო, აფხაზეთის ომის შემდეგ სანატორიუმ ,,ქართლში” დასახლებულა და მას შემდეგ ეძებდა გრძელვადიან საცხოვრებელს. შენობა ავარიული იყო, თუმცა კაცის სიკვდილის შემდეგ გაირკვა, რომ ზურაბ ქირიასა და სანატორიუმში მცხოვრებლებს სახელმწიფო ვერ ეხმარებოდა. მეტიც, ჯანდაცვის მინისტრი დევნილის სიკვდილს, თვითმხილველთა ნაამბობის მიუხედავად, უბედურ შემთხვევად მიიჩნევდა.

ფაქტია, სახელმწიფო წლებია თვალს ხუჭავს დევნილთა პრობლემებზე, მათ ფატალურ პროტესტზე.

ისტორიული კონტექსტი

დევნილთა პირველი ტალღა

1990-იან წლებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეიარაღებულმა კონფლიქტმა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. დევნილთა მასიური ნაკადის მიღების ფონზე ქვეყანამ დროებითი საცხოვრებლების შექმნა გადაწყვიტა. კოლექტიურ ცენტრებად მოეწყო სკოლები, მიტოვებული ქარხნები, სასტუმროები და სხვა ისეთი შენობები, რომლებიც არასდროს ყოფილა ჩაფიქრებული დიდხნიან საცხოვრებლად. ამ ცენტრებში პირობები განსაკუთრებით მძიმე იყო: ოჯახებს ვიწრო სივრცეში უწევდათ ყოფნა, ინფრასტრუქტურა თითქმის არ არსებობდა, ხოლო სანიტარიული პირობები ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოს ქმნიდა.

კოლექტიური ცენტრები დროთა განმავლობაში არა მხოლოდ გაუარესდა, არამედ შეუქცევადი გახდა. სახელმწიფოს არ ჰქონდა საკმარისი რესურსები ამ პირობების გასაუმჯობესებლად, რაც ქმნიდა ახალ სოციალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს დევნილთა საზოგადოებაში.

ფოტო - Jon Jones

მეორე ტალღა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა დევნილების ახალი ტალღა გამოიწვია. როდესაც 150 000-მდე ადამიანი დაკარგულ სახლს ეძებდა, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დახმარებით გაცილებით უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინა. აშენდა ახალი დასახლებები, რომლებიც შედარებით უკეთესი ინფრასტრუქტურით გამოირჩეოდა, თუმცა მრავალი პრობლემა მაინც აღმოუფხვრელი დარჩა. დასახლებები, ძირითადად, შიდა ქართლსა და თბილისის შემოგარენში მდებარეობდა, თუმცა მათი დაშორება ურბანულ ცენტრებთან მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ ჩართულობას უზღუდავდა.

დევნილთა დასახლებების რაოდენობა საქართველოს რეგიონებში

  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 443
  • შიდა ქართლი — 75
  • ქვემო ქართლი — 52
  • კახეთი — 9
  • მცხეთა-მთიანეთი — 3
  • აჭარა — 11
  • სამცხე-ჯავახეთი — 10
  • რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი — 12

თბილისი

  • ვაკე — 197
  • გლდანი — 64
  • სამგორი — 90
  • ნაძალადევი — 64
  • საბურთალო —27
  • დიდუბე — 39
  • ისანი —45
  • ჩუღურეთი — 29
  • კრწანისი — 12
  • მთაწმინდა — 49

2000-იან წლებში საქართველოს მთავრობამ დაიწყო დევნილთა საცხოვრებლის პრობლემის სისტემური გადაწყვეტის ძიება. სახელმწიფოს პოლიტიკა უფრო მეტად ფოკუსირებული გახდა დევნილთა ინტეგრაციაზე, რაც ითვალისწინებდა როგორც ახალი საცხოვრებლის მშენებლობას, ისე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.

ამ პერიოდში კოლექტიური ცენტრების ნაწილის დახურვა და დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში გადაყვანა იყო პრიორიტეტული. თუმცა, საცხოვრებლების რაოდენობა კვლავ ვერ უპასუხებდა არსებული საჭიროებების მასშტაბს. ამასობაში, საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აქტიურად ერთვებოდნენ პროცესებში, რათა გაეუმჯობესებინათ როგორც საცხოვრებელი პირობები, ისე დევნილთა სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობები.

2015 წლის შემდეგ, სახელმწიფომ დევნილთა საცხოვრებლის პრობლემის მოგვარების მიზნით შედარებით აქტიური ნაბიჯები გადადგა. ამ პერიოდიდან დღემდე, 18 000-ზე მეტი დევნილი ოჯახია უზრუნველყოფილი ახალი ან რეაბილიტირებული საცხოვრებლით. მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გახდა „სოფლად სახლის შეძენის პროგრამა“, რომელიც დევნილებს საშუალებას აძლევს, სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიძინონ სახლები საქართველოს სოფლებში.

ამავე დროს, არსებული კომპაქტური დასახლებების რეაბილიტაცია და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩა. სახელმწიფო გეგმავს დამატებით 13,000 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას. მაგალითად, ქუთაისში მიმდინარე მშენებლობა 720 დევნილი ოჯახისთვის 2025 წლისთვის დასრულდება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია მრავალწლიან პროცესში.

საერთაშორისო მხარდაჭერა

დევნილთა საცხოვრებელი კრიზისის მართვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) და ევროკავშირი მხარს უჭერენ როგორც საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისე დევნილთა სოციალურ ინტეგრაციას. გერმანიის განვითარების ბანკმა (KfW) ბოლო წლებში დააფინანსა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებლის აშენება, რომელმაც 256 ოჯახი უზრუნველყო სახლით.

2025 წლამდე, USAID უზარმაზარ როლს ასრულებდა დევნილთა ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მათი პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. აშშ-ს დაფინანსებით შენდებოდა სპორტული და საბავშვო მოედნები, თბებოდნენ ოჯახები, რიგდებოდა ჰუმანიტარული დახმარება. სამწუხაროდ, დღესდღეობით ეს მხარდაჭერა შეჩერებულია.

მიმდინარე გამოწვევები და გზა წინ

მიუხედავად პროგრესისა, ფაქტია, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. უამრავი დევნილი კვლავ ელოდება თავშესაფარს, ხოლო უკვე აშენებული დასახლებები ხშირად საჭიროებს რეაბილიტაციას. ამასთანავე, გასულ წლებში აშენებულ ბინებს ხშირად აკლია ენერგოეფექტურობა და სტაბილური ინფრასტრუქტურა, რაც მათ ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის.

საქართველოს დევნილთა საცხოვრებელი კრიზისი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემა. ეს არის გამოწვევა, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ არქიტექტურულ, არამედ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიდგომებს. საქართველოს შეუძლია ამ საკითხის გადაჭრა, თუ საცხოვრებელი პირობები იქნება გათვლილი არა მხოლოდ დევნილთა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, არამედ მათ ინტეგრაციაზე საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში. პრობლემის გადაჭრა დაიწყება მაშინ, როდესაც სახელმწიფო დევნილთა ხმებს მოისმენს, მაშინ, როდესაც ზამირ კვეკვესკირის პროტესტი უკვალოდ არ ჩაივლის. მაშინ, როცა დევნილებს 2025 წელს, აფხაზეთის ომიდან ათწლეულების შემდეგ, ქუჩაში გამოსვლა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების მოთხოვნა აღარ მოუწევთ.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები