1769439960

როცა პანდუსი დეკორაციაა

ჰედერ

როდესაც გადაადგილება დამოუკიდებლად ვერ ხერხდება, ყოველდღიური ცხოვრება მუდმივ ბარიერებად იქცევა — სახლიდან გასვლა, სამსახურში მისვლა, სწავლა, გართობა და თვით ყველაზე მარტივი აქტივობებიც კი. საქართველოში შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, სადაც ინფრასტრუქტურული ხარვეზები, ფორმალური პანდუსები და არასრულფასოვანი გარემო დამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად ზღუდავს. ასეთ რეალობაში ფიზიკურ ბარიერებს ხშირად ემატება სოციალური და ემოციური იზოლაციაც.

სწორედ ამ კონტექსტში იბადება WYNflair — ბრენდი, რომელიც ტანსაცმელს არა მხოლოდ როგორც ესთეტიკურ ელემენტად, არამედ დამოუკიდებლობისა და ღირსების ნაწილად აღიქვამს. მაშინ, როდესაც ქალაქი ხშირად არ არის ადაპტირებული, სამოსი შეიძლება იქცეს იმ მცირე, მაგრამ რეალურ მხარდაჭერად, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება.

რა გამოცდილებამ და ხედვამ დაუდო საფუძველი ამ იდეას, როგორ უკავშირდება გადაადგილების პრობლემები ტანსაცმლის საჭიროებას და როგორ ცდილობს WYNflair შშმ პირებისთვის ცხოვრების გამარტივებას — ამ საკითხებზე ვესაუბრეთ WYNflair-ის დამფუძნებელს, გიორგი ჯალაღონიას.

UM: დავიწყოთ კომპანიის ისტორიით: როგორ გაჩნდა WYNflair-ის იდეა და რამ გიბიძგათ შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტანსაცმლის შექმნისკენ?

გიორგი ჯალაღონია: გუნდის ყველა წევრს ბავშობიდან მუდმივი შეხება გვქონდა სპორტთან, რაც, თავის მხრივ, ხშირ ტრავმიანობაში აისახებოდა. ეს ტრავმები ხან დროებით გადაადგილების შეზღუდვას იწვევდა, ხანაც ოპერაციების შემდგომ უფრო ხანგრძლივ უმოძრაობას, რასაც რეაბილიტაციის დიდხნიანი პროცესი მოსდევდა, რა დროსაც რთული იყო ტანსაცმლის გახდა/ჩაცმა, მასში დიდი დროის გატარება და ა. შ.

აქედან დაიბადა პირველი იდეა — რატომ არ უნდა არსებობდეს ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ფიზიკური ტრავმის შემთხვევაში გაამარტივებს ცხოვრებას? თავიდან იყო სპორტი, თუმცა მცირე ფიქრის შემდეგ, მალევე გამოჩნდა უფრო ფართო პოპულაცია, რომელსაც კიდევ უფრო მეტად აწუხებდა ეს პრობლემა — შშმ პირები. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არა მხოლოდ ფიზიკური გამოწვევები, არამედ მისი ემოციური გავლენა: თავის განსხვავებულად მიჩნევა საზოგადოებისგან წამოსული შეფასებების გამო, თვითგამოხატვის შემცირება და რეალობისგან გაუცხოება.

სწორედ ამის გამოსწორება გვსურს ტანსაცმლით, რომ თითოეულმა ადამიანმა ჩაიცვას ის რაც სურს, გამოხატოს თავი ისე, როგორც უნდა, მიუხედავად გარემოს დადგენილი „უჩინარი“ ბარიერებისა.

UM: როგორ განსაზღვრავთ WYNflair-ის მთავარ მისიას?

გიორგი ჯალაღონია: WYNflair-ის მთავარი მისია დამოუკიდებლობის, ღირსებისა და თავდაჯერებულობის აღდგენაა ტანსაცმლის მეშვეობით.

ბრენდის საფუძვლად დევს რწმენა, რომ დამოუკიდებლად ჩაცმა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. ტანსაცმელი უნდა აძლიერებდეს ადამიანს და არა პირიქით. WYNflair არსებობს იმისთვის, რომ შექმნას სამოსი, რომელიც შშმ პირებისთვის ყოველდღიურ ბარიერებს შეამსუბუქებს, შემატებთ თავდაჯერებულობას და საკუთარი თავის რწმენას.

UM: რამდენად აქტიურად არიან შშმ პირები ჩართულები თქვენი პროდუქციის შექმნის პროცესში?

გიორგი ჯალაღონია: დიზაინის ყველაზე პირველი ნახაზებიდან, აქტიურად ხდება თემის წარმომადგენლების ჩართვა პროცესში. ისინი გვაწვდიან უკუკავშირს ფუნქციონალურობაზე, კომფორტსა და გამოყენების სიმარტივეზე. მხოლოდ მათი გამოცდილების ფონზე ხდება ნებისმიერი დეტალის იმპლემენტაცია. ამავე დროს, WYNflair თანამშრომლობს ოკუპაციურ თერაპევტებთან, რათა სამეცნიერო ხედვითაც დავადასტუროთ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება.

ზემოხსენებული არ შემოიფარგლება მხოლოდ რეკომენდაციებითა და კონსულტაციებით, არამედ დაგეგმვის ნაწილში თავად შშმ პირები მონაწილეობენ და ესეც ახალი ხედვაა ქართულ რეალობაში.
დიზაინის და უშუალოდ ტანსაცმლის შექმნის მიღმაც უდიდეს ცოდნას ვიღებთ თემისგან, თუ როგორ ვაწარმოოთ სწორი საკომუნიკაციო კამპანიები.

ამასთანავე, ვგეგმავთ, რომ ახალი კოლექციის წარმოების პროცესში უკვე შშმ პირები ფიზიკურადაც დავასაქმოთ, შევქმნათ შიდა წარმოება, რომლის დიდ ნაწილსაც სწორედ თემის წარმომადგენლები დაიკავებენ.

UM: თქვენი ხედვით, რა არის დღეს საქართველოში შშმ პირებისთვის ყველაზე დიდი ბარიერი. მხოლოდ ტანსაცმელი და ყოველდღიური საჭიროებები თუ უფრო ფართო ინფრასტრუქტურული პრობლემები?

გიორგი ჯალაღონია: შშმ პირები დღეს საქართველოში მრავალი სახის ბარიერს აწყდებიან და, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მხოლოდ ტანსაცმელს ან მხოლოდ ინფრასტრუქტურას. თუმცა ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებისათვის, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა არის უპირველესი გამოწვევა. თუ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდები, მაშინ ვერც სხვა სიკეთეებზე გექნება წვდომა, იქნება ეს განათლება, დასაქმება, ჯანდაცვა, დასვენება თუ გართობა. შესაბამისად, ბარიერები სისტემურია და ერთმანეთთან დაკავშირებული. ამას მოჰყვება უკვე ცნობიერებაც და ის, თუ როგორ არის საზოგადოებაში შშმ თემი დანახული.

UM: საახალწლო აქცია. რა იყო პანდუსების მორთვის იდეის მთავარი მიზანი და რა გზავნილი გინდოდათ ამ ინიციატივით საზოგადოებამდე მიგეტანათ?

გიორგი ჯალაღონია: დედაქალაქში და მის მიღმაც, მრავლადაა პანდუსები, რომლებსაც თავიანთი ფუნქცია დაკარგული აქვთ. მიზეზი მრავლადაა, იქნება ეს არასწორი დაპროექტება, ცვეთა, მაღალი დახრა, მდებარეობა და ა. შ. თუმცა ფაქტი ერთია, პანდუსები, რომელთა მიზანიც ისაა, რომ შშმ პირებმა შეძლონ ქალაქში გადაადგილება, ამ დანიშნულებას ვერ ასრულებენ. აქედან გამომდინარე, გვსურდა, ამისთვის დაგვეთმო ყურადღება. „ჯოიბოი სტუდიოსთან“ ერთად კი შესანიშნავი გამოსავალი ვიპოვეთ, დავარქვით ასეთ პანდუსებს ნამდვილი სახელი — დეკორაცია. შემდეგ კი ახალი წლის შესაბამისად მოვრთეთ და ქალაქს ახალი წლის „საუკეთესო“ დეკორაცია ვაჩუქეთ.

UM: თუ მიიღეთ უკუკავშირი შშმ პირებისგან ან ორგანიზაციებისგან ამ ინიციატივასთან დაკავშირებით?

გიორგი ჯალაღონია: უკუკავშირი ჩვენმა სოციალურმა ექსპერიმენტმა ნამდვილად მოიტანა და თემის წარმომადგენლების დადებითი შეფასებაც მივიღეთ. ამასთან ერთად, ინტერესიც, ვინაიდან მსგავსი პროდუქტი სიახლეა ქართულ რეალობაში. ორგანიზაციებისგანაც იყო გამოხმაურება. ზოგადად, ისინი ჩვენს ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენენ, რათა თემში ჩვენს საქმიანობაზე ინფორმაცია მეტად ხელმისაწვდომი იყოს.

UM: გეგმავთ თუ არა მომავალში მსგავს საზოგადოებრივ ინიციატივებს და თუ კი, რა იქნება მთავარი კრიტერიუმი, რომ ისინი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს შშმ პირების რეალურ საჭიროებებს?

გიორგი ჯალაღონია: მთავარი კრიტერიუმია, რომ გაჟღერდეს ის გამოწვევები, რაც თემს რეალურად აწუხებს. შესაბამისად, მათთან მჭიდრო კომუნიკაცია არის ამის საწყისი. მომავალი ინიციატივებიც თემის საჭიროებებზე იქნება დაფუძნებული. გარდა ამისა, ზოგიერთი საკითხის ახლებურად დანახვაც და ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც შეიძლება უამრავი ბარიერის ფონზე პრიორიტეტული არ იყო ხოლმე. ასეთი იყო, მაგალითად, ახალი წლის კამპანია გართობასთან დაკავშირებით.

UM: თქვენი აზრით, რა პასუხისმგებლობა ეკისრება კერძო კომპანიებს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ხელმისაწვდომობის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია?

გიორგი ჯალაღონია: ბიზნესს არ შეუძლია და არც უნდა ჩაანაცვლოს სახელმწიფო პოლიტიკა, თუმცა მას აქვს უნიკალური შესაძლებლობა იმოქმედოს უფრო სწრაფად, მოქნილად და ინოვაციურად. კერძო კომპანიებმა, ალბათ, უფრო კარგად უნდა იგრძნონ თუ რამდენად დიდი როლი შეიძლება ჰქონდეს შშმ თემს მათ სამიზნე აუდიტორიებში. ის ფაქტი, რომ დღეს შშმ თემი დამალულია, ნაწილობრივ აკარგვინებს ბიზნესს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო დიდ მასებზე გავიდეს. აქედან გამომდინარე, სწორედ მათ ინტერესებში შედის შშმ თემზე მეტი აქცენტის გადატანა და აქტიურ ცხოვრებაში ჩართვა.

განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა დიზაინი, ტექნოლოგია და მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტები, კომპანიებს შეუძლიათ რეალური ცვლილებების შემოტანა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში — იქ, სადაც სახელმწიფო მექანიზმები ხშირად ნელა მუშაობს.

UM: დაბოლოს, შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით რა როლი უნდა ითამაშოს ბიზნესმა?

გიორგი ჯალაღონია: ბიზნესის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ორი მიმართულება შეიძლება გამოვყოთ - ერთი რომ კერძო ბიზნესი გახდეს მხარდამჭერი და მეორე, რომ მანაც დაინახოს შშმ პირები სხვა მოქალაქეების თანასწორად და მიიღოს თავის წრეში. კერძო სექტორი დიდხანს თითქმის მიუწვდომელი იყო შშმ პირებისათვის და მნიშვნელოვანია ეს კარები გაიხსნას და დაიწყოს კომუნიკაცია.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები